ამბები

16:11 | 5.03.2011 | ნანახია 6165 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” შეკრებას იწყებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ერთა თასის IV რაუნდის შეხვედრისთვის მზადებას ორშაბათიდან, 7 მარტიდან იწყებს. “ბორჯღალოსნების” მეტოქე, 12 მარტს რუმინეთის ნაკრები იქნება, რომლის პრემიის მომტანი ანგარიშით ძლევა, ანუ მეტოქისთვის მინიმუმ ოთხი ლელოს გატანა, ქართველ მორაგბეებს ევროპის “ერთა თასს” ვადამდე ერთი ტურით ადრე მოაგებინებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ დიქსონმა გაფართოვებულ შეკრებაზე 26 მორაგბე გამოიძახა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისში სწორედ ორშაბათს ჩამოვა. უკვე თბილისში არიან ქართულ კლუბებში მობურთალი კანდიდატები და რუმინელი ლეგიონერები. ესენი არიან ბესიკ ხამაშურიძე და ირაკლი ჩხიკვაძე ქუთაისის “აია”-დან, ზვიად მაისურაძე (თბილისის “ლოკომოტივი”), ლექსო გუგავა (თბილისის “ლელო), ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც თბილისის “ვისოლი-ყოჩებში” თამაშობდა და ახალი სეზონიდან უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ გორის “თსუ-ლომების” (კლუბი მომავალ სეზონში “არმიის” სახელით ითამაშებს) ღირსებას დაიცავს და რუმინული ბუქარესტის “სტიაუას” მორაგბეები, ბიძინა სამხარაძე და ირაკლი ნატრიაშვილი.
ფრანგულ კლუბებში მობურთალი ლეგიონერები კვირიდან ეტაპობრივად შეკრიბებიან. კვირას გამთენიისას, 3:20 საათზე, თბილისს “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი და “ბრივის” პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი ეწვევიან. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვლენ ტრავმამოშუშებული მესამეხაზელი გია ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”) და მამუკა გორგოძე (“მონპელიე”), ასევე, “მონპელიეს” მესამახეზელი გიორგი ჩხაიძე. ორშაბათს გამთენიისას, საქართველოს დედაქალაქში ერთბაშად 12 მორაგბე ჩამოდის - ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზარი”), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”), შალვა სუთიაშვილი (“მასი”), ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”) და ტრავმამოშუშებული ბესო უდესიანი (“მაკონი”). იმავე დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ჩამოდის მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”), რომელმაც წინა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა. სულ ბოლოს, სამშაბათ გამთენიისას, “ბორჯღალოსნებს” “ნიცას” უკანახაზელი დავით კაჭარავა შეუერთდება, რომელმაც წინა შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს ერთადერთი ლელო გაუტანა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა 12 მარტს, 15:00 საათზე, “მიხეილ მესხზე” დაიწყება. ერთა თასის გარდა, ამ გუნდების დაპირისპირებაში, 2002 წლიდან ტრადიციული - “ანთიმოზ ივერიელის თასიც” გათამაშდება. გასულ წელს, რუმინელებმა საქართველოს ნაკრები ბუქარესტში დაამარცხეს და ახლა, ქართველ მორაგბეებს ამ თასის დაბრუნებაც მართებთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082764