საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 12 მარტს “მიხეილ მესხზე” რუმინეთის ნაკრებს დაუხვდება და ეცდება, რომ შარშანწინდელი წყენა, საკუთარი კარგი თამაშითა და დიდი ანგარიშით დამარცხებით, “ცხვირში ადინოს”.
“ბორჯღალოსნები” 26 მორაგბით შეიკრიბნენ და სრულფასოვან ვარჯიშს შეუდგნენ. საერთო მეცადინეობას მხოლოდ სიმონ მაისურაძე დააკლდა, რომელიც კოჭს იტკიებს, მაგრამ საშიში არაფერია და წესითა და რიგით “მუხის ფოთლების” “დაბერტყვაში” მონაწილეობა უნდა მიიღოს. მცირეოდენი ტრავმები სხვა ქართველ მორაგბეებსაც აწუხებს, მაგრამ ამ ეტაპზე, საშიში არაფერია, რისი იმედი საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელ რიჩი დიქსონსაც აქვს: “პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ, ნაჩვენები ხარისხით თავად მორაგბეებიც უკმაყოფილონი დარჩნენ, მაგრამ შედეგი მისაღები იყო. ვეცდებით, ახლა საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და გამარჯვება ლამაზ სტილში მოვიპოვოთ. რუმინეთს ჩვენი დარი ძლიერი ფორვარდები ჰყავს და შეხვედრაც ძალისმიერი იქნება. საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს და იმედია, შაბათამდე არავინ გამოგვაკლდება”.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის, ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბორჯღალოსნებთან” დამარცხებულმა “ვლახებმა” შურისძიება მათ შიდა ჩემპიონატში, “ფარულში” მობურთალ ქართველებზე გადაწყვიტეს და საკლუბო დონეზე გამართულ მატჩში, ირაკლი ნატრიაშვილი, ბიძინა სამხარაძე და კახაბერ უჩავა გაგვილახეს. ქართველმა ვაჟკაცებმა უთანასწორო ბრძოლაში თავი მაქსიმალურად დაიცვეს, ახლა კი, თანაბარ სიტუაციაში რუმინელთა დასჯას მათი ძლევით აპირებენ.
ბიძინა სამხარაძე: რუმინეთის ნაკრები, ისევე, როგორც ჩვენ, ძალისმიერ რაგბის თამაშობს. ჩვენ მხოლოდ რუმინეთთან სათამაშოდ არ ვემზადებით, რადგანაც ორმატჩიან ციკლში რუსთა წინააღმდეგობის დაძლევაც მოგვიწევს. ამასთან, საქართველოში წლეულს ბოლო მატჩს ვატარებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ჩვენი გულშემატკივარი გამარჯვებით კიდევ ერთხელ გავახაროთ. მით უმეტეს, ყველას კარგად გვახსოვს შარშანწინდელი ინციდენტი, როდესაც რუმინელები არასპორტულად მოიქცნენ და ამისათვის, მათ აუცილებლად თამაშით დავსჯით.
- გინდათ თქვათ, რომ ის მოვლენა ამ შეხვედრაზე იმოქმედებს?
- აუცილებლად იმოქმედებს, ოღონდ დადებითი კუთხით. სათამაშოდ ჩვეულებრივზე მეტად მობილიზებულნი და გამარჯვებას უფრო მოწყურებულნი გავალთ, მაგრამ ეს ჩხუბში არ გადაიზრდება. ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და იმას არასდროს ვიკადრებთ, რაც მათ იკადრეს.
- მაგრამ, რუმინეთი ცნობილია, როგორც “ბინძური” რაგბის მოთამაშე და პროვოკაციების არ გეშინიათ?
- საამისოდ ფსიქოლოგიურად ყველანი მზად ვართ და ვიცით, რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ისინი ადრეც არ თაკილობდნენ პროვოკაციულ ქმედებებს და ახლაც იგივე მოხდება. მათ ხისტი და აგრესიული დაცვა და შეტევა უნდა დავუპირისპიროთ, შესაბამისად, პროვოკაციების ხალისიც დავუკარგოთ.
- რამდენად სახეცვლილი მოდის რუმინეთის ნაკრები საქართველოში?
- წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, მაგრამ ახლაც აქცენტი შიდა ჩემპიონატში მობურთალებზე აქვთ გაკეთებული. მათი 80 პროცენტი რუმინულ კლუბებში გამოდის და ლეგიონერები აკლიათ. ალბათ, ეს ის გუნდი არ იქნება, რომელთანაც მსოფლიოს თასზე მოგვიწევს თამაში, თუმცა, ლეგიონერები ჩვენც გვაკლია და ამ კუთხით თანაბარ მდგომარეობაში ვართ.
საქართველოს ნაკრები
ბეკები: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 70 კეპი, 35 ქულა), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 56, 65), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგერთი, 54, 75), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა, რუმინეთი, 54, 25), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 50, 245), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 46, 85), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 41, 55), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 22, 20), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 18, 20), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 3, 10);
ფორვარდები: გია ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი, 64, 60), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 46, 30), ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40, 10), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 35, 90), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 33, 15), ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 31, 20), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 28, 30), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 26, 30), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 18, 5), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 17, 25), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი, 16, 0), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი, 10, 0), გიორგი ჟღენტი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 9, 0), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 6, 5), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი” საფრანგეთი, 3, 0).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია