საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელი დავით კაჭარავა მიიჩნევს, რომ ლისაბონში ნაჩვენები თამაშით გუნდი მარცხს იმსახურებდა, მაგრამ გაგვიმართლა და ოთხი ქულა ავიღეთ. იმ მატჩში, 25 წლის ცენტრმა, პირველი ტაიმის მიწურულს შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა და “ბორჯღალოსნებმა” 13:12 იმარჯვეს, რითაც ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.
კაჭარავას ეროვნულ გუნდში 41 შეხვედრა ჩაუტარებია და 11 ლელო გაუტანია. ახლა ის, თანაგუნდელებთან ერთად, 12 მარტს, თბილისში რუმინეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება, რომლის პრემიალური ქულით დამარცხების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” ერთა თასის გამარჯვებულები ერთი ტურით ადრე გახდებიან. რუმინეთის ნაკრებს საქართველო ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზეც უნდა ეთამაშოს. მიუხედავად ამისა, კაჭარავა მიიჩნევს, რომ 12 მარტის შეხვედრაში გუნდები რაიმეს დამალვას, ან ექსპერიმენტების ჩატარებას არ ეცდებიან.
დავით კაჭარავა: მოთამაშეთა უმეტესობა ორშაბათს შეიკრიბა, სამშაბათს კარგი ვარჯიში ჩავატარეთ და მოსაგებად ვემზადებით. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.
- როგორ ფიქრობთ, რუმინეთთან პორტუგალიაზე მძიმე თამაში გველოდება?
- აუცილებლად. რუმინელებმა, პორტუგალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, რუსები დაამარცხეს, ენთუზიაზმი აიმაღლეს და ჩვენთანაც მოგების ჟინით ჩამოვლენ. მით უმეტეს, ჩვენი დაპირისპირება წლებია გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ახლაც საინტერესო თამაში იქნება.
- რუმინეთთან პრემიალური ქულით მოგება იმის გარანტია იქნება, რომ ერთა თასს ერთი ტურით ადრე მოვიპოვებთ. იმაზე თუ ფიქრობთ, რომ მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანოთ?
- ჯერ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ და თუ თამაში ისე წარიმართება, რომ ამის საშუალება იქნება, ამაზეც ვიზრუნებთ.
- რუმინეთი ის გუნდია, რომელსაც მსოფლიო თასზე უნდა ვეთამაშოთ. ამ შეხვედრას დაზვერვითი ხასიათი ხომ არ ექნება?
- ალბათ, არანაირი დაზვერვა არ იქნება. უკვე იმდენი წელია ერთმანეთთან ვთამაშობთ, რომ ორივემ კარგად ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები. ვფიქრობ, ღია შეხვედრა იქნება, სადაც ორივე გუნდი მხოლოდ მოგებაზე ითამაშებს და ექსპერიმენტებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ამ დღეებში, რუმინეთისა და რუსეთის შეხვედრას ვიხილავთ და თუ მათ ამჟამინდელ მდგომარეობაზე რაიმე სიახლეა, ინფორმაციასაც მივიღებთ.
- პორტუგალიას თქვენ ლელო გაუტანეთ და ის შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგი არ იყო.
- ძალიან ცუდი თამაში ვითამაშეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით. დღეს გავარჩიეთ ის შეხვედრა და აღმოჩნდა, რომ 17-ჯერ დავჯარიმდით. ასეთ პირობებში ნორმალურ გუნდთან ვერასდროს მოიგებ. პრინციპში, თამაშით წავაგეთ, მაგრამ გაგვიმართლა და გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. ასეთი რაღაცეები სპორტში ხდება.
- უნდა ველოდოთ, რომ რუმინეთთან მსგავსი შეცდომები აღარ იქნება?
- რა თქმა უნდა. შეცდომა იმისაა, რომ უნდა გამოასწორო და თუ ამის თავი არ გაქვს...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია