ამბები

16:04 | 9.03.2011 | ნანახია 5267 - ჯერ

თედო ზიბზიბაძე: “ქომაგები ლამაზი თამაშით უნდა ვასიამოვნოთ”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელი თედო ზიბზიბაძე, 12 მარტს, “მიხეილ მესხზე” მისულ გულშემატკივარს ლამაზ, გაშლილ და სწრაფ რაგბის პირდება. გუნდი ახალი ტაქტიკით ემზადება, რომელიც შედეგთან ერთად სილამაზესაც გულისხმობს. 31 წლის მორაგბეს სწამს, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოვა.
ზიბზიბაძემ ეროვნული გუნდის მაისურით 54 შეხვედრა ჩაატარა, აქედან, სამი კაპიტნის სამკლავურით და 15 ლელო გაიტანა. მისი თანაგუნდელები მზად არიან, რომ რუმინელთა ფეხით თამაშის უნარს სათანადოდ დაუხვდნენ, გადაკიდებული ბურთები კარგად აიღონ და შედეგიანი შეტევები წამოიწყონ.  
თედო ზიბზიბაძე: სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და მზადება კარგი რიტმით დავიწყეთ. ვეცდებით, რომ დავალებები კარგად შევასრულოთ და რუმინეთი დავამარცხოთ.
- როგორ ფიქრობთ, რა იქნება გადამწყვეტი რუმინეთთან თამაშში? რის ხარჯზე უნდა დავამარცხოთ მეტოქე?
- მამაცობით და თავდადებული თამაშით. ვარჯიშებზე ახალ ტაქტი კას ვამუშავებთ, ყველაფერი კარგად გამოგვდის და ვფიქრობ, ის თამაშშიც გაამართლებს. რუმინეთი უმეტესად ფეხით თამაშობს და ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ბურთი კარგად ამოვიტანოთ.
- ეს უკანახაზელების მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს.
- მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუმინელებს შანსი არ მივცეთ.
- ოთხ ლელოს უნდა ველოდოთ?
- მთავარია, რომ მოვიგოთ და პრემიალურ ქულაზე ამ ეტაპზე ნაკლებად ვფიქრობთ.
- გარდა ფეხით თამაშისა, რუმინეთის ძლიერ მხარედ რა მიგაჩნიათ?
- შერკინება ჰყავთ ძალიან ძლიერი. რუმინელი მოთამაშეები საფრანგეთის წამყვან კლუბებში გამოდიან და ამ გუნდების ლიდერები არიან. დიდი შემართებით ემზადებიან და მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ, რათა ერთა თასის აღების შანსი შეინარჩუნონ.
- წელს საქართველოში მეტი თამაში აღარ გექნებათ. რას პირდებით სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს?
 - უნდა ვასიამოვნოთ, კარგი, ლამაზი თამაში ვაჩვენოთ და მერე იგივე რუსებთანაც გავიმეოროთ. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, ვეცდებით, რომ შეცდომები გამოვასწოროთ, მეტოქის 22-ში ბურთი უაზროდ აღარ დავკარგოთ, არ დავჯარიმდეთ და საკუთარი შანსი ბოლომდე გამოვიყენოთ. ვემზადებით იმისათვის, რომ მაყურებელმა სწრაფი და გაშლილი თამაში იხილოს.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079121