საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა რუმინეთის წინააღმდეგ გასამართი “ერთა თასის” გადამწყვეტი შეხვედრისთვის, წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში სამი ისეთი მორაგბე დააბრუნა, რომლებიც ლისაბონში ტრავმების გამო მოისაკლისა, ორი ცვლილება კი, საკუთარი მოსაზრებით განახორციელა.
ბოლო მცველად, 15 ნომრის პოზიციაზე, ახალგაზრდა ბექა ურჯუკაშვილის ადგილს გამოცდილი ბესიკ ხამაშურიძე დაიკავებს - ურჯუკაშვილი ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩა. გუნდს დაუბრუნდა მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2009 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია. ის გიორგი ჩხაიძეს შეცვლის, რომელიც ამჯერად სათადარიგოთა შორის მოხვდა. გორგოძეს ლისაბონშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში კუნთი დაიზიანა და გუნდს ამის გამო დააკლდა, ახლა კი, სრულ მზადყოფნაშია. მესამე ხაზში სიმონ მაისურაძის ნაცვლად ითამაშებს გია ლაბაძე. ნაკრების ვეტერანმა პორტუგალიელთა წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ იბურთავა.
შერკინების პირველ ხაზში, ირაკლი ნატრიაშვილს ჯაბა ბრეგვაძე ჩაანაცვლებს, ხოლო 10 ნომრად ლაშა მალაღურაძის ნაცვლად თამაშს მერაბ კვირიკაშვილი დაიწყებს. სათადარიგოთა შორისაა გიორგი ნემსაძე, რომელსაც წელს ეროვნულ გუნდში ტრავმის გამო ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. შეცვლაზე თამაშის შანსი აქვს პირველხაზელ გიორგი ჟღენტს, რომელიც დიქსონის ფორმირების ნაკრებში პირველად მოხვდა, არადა, საფრანგეთის ტოპ 14-ში, “მონპელიეში” რეგულარულად თამაშობს და ახლა ნაკრების მწვრთნელებსაც უნდა მოაწონოს თავი.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა 12 მარტს, “მიხეილ მესხზე”, 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი ორი ლარია. თუ “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ისე დაამარცხეს, რომ ოთხი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც აიღეს, მაშინ 2010 წლის ერთა თასს მას ვეღარავინ შეეცილება. შესაძლოა, “ერთა თასი” ქართველთა საკუთრება მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაშიც გახდეს, მაგრამ მაშინ პორტუგალიამ ესპანეთში პრემიალური ქულის აღება ვერ უნდა მოახერხონ. ამასთან, გასულ წელს ბუქარესტში მარცხის გამო, საქართველოს ნაკრებმა “მუხებს” “ერთა თასთან” ერთად “ანთიმოზ ივერიელის” თასიც გადაულოცა, რომელიც მხოლოდ ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში თამაშდება და ახლა მისი დაბრუნებაც მართებს.
რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 13-ჯერ შეხვედრიან, 8-ჯერ გამარჯვება “სტეჟარს” დარჩა, ხოლო 5-ჯერ “ბორჯღალოსნებმა” იმარჯვეს. 2002 წლის შემდეგ, ანუ “ანთიმოზ ივერიელის” თასის გათამაშების დაარსებიდან, რუმინელებმა ის ხუთჯერ შემართეს, ხოლო ქართველებმა ოთხჯერ. “ერთა თასისა” და “ანთიმოზ ივერიელის” თასის გარდა, ეს შეხვედრა სარეიტინგოდაც მნიშვნელოვანია. ამჟამად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 69.07 ქულით მე-15 ადგილზეა და კანადას 0.12 ქულით ჩამორჩება, ხოლო რუმინეთი 65.44 ქულით მე-18 ადგილს იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” რეიტინგში კანადას უკან მოიტოვებენ. საქართველოს ნაკრები მეტოქეს 15 ქულაზე მეტი სხვაობით თუ დაამარცხებს, რეიტინგს 0.506 ქულას შემატებს, ხოლო ნაკლები ანგარიშით მოგების შემთხვევაში, მატება 0,337 ქულა იქნება. ფრე ან 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხი, საქართველოს სარეიტინგო ქულებს დააკარგვინებს, მაგრამ მე-15 ადგილს - არა. აი, დიდი ანგარიშით წაგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ “ბორჯღალოსნები” 2,494 სარეიტინგო ქულას დაკარგავენ, ამდენსვე მიიღებს რუმინეთი და ის საქართველოს ნაკრებს ადგილს გაუცვლის.
ევროპის “ერთა თასი” 2000 წლიდან იმართება და მისი ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა. სამჯერ გათამაშება ორწლიანი ციკლით შედგა და გამარჯვებულიც ორი წლის ჯამური მაჩვენებლით ირკვეოდა, ხუთჯერ კი, გამარჯვებულს ერთი წლის შედეგები არკვევდა. გამარჯვებული ახლაც ერთი წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდება, მაგრამ გავარდნილი გუნდის გასარკვევად, ტურნირის ორგანიზატორებმა ორწლიანი ციკლის შედეგების გათვალისწინება გადაწყვიტეს. ამჟამად, “ერთა თასის” მფლობელი რუმინეთის ნაკრებია, რომელიც ამ ტიტულის ოთხგზის მფლობელია, ერთხელ პორტუგალიამ იმარჯვა, ხოლო სამჯერ თასი საქართველოს ნაკრების კუთვნილება გახდა (2001, 2007/2008 და 2009 წლებში) და იმედია, წელს “ბორჯღალოსნები” ტიტულების რაოდენობით რუმინელებს გაუტოლდებიან.
რუმინეთი თბილისს 10 მარტს იმედიანად ეწვია, რადგან “ერთა თასის” შენარჩუნებისთვის მათ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს წელს კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე შეხვდებიან. ის მატჩი 28 სექტემბერს, პამერსთონში გაიმართება, თუმცა, იქამდე ძალიან შორია და ჯერჯერობით “ბორჯღალოსანთა” აზრი უახლოეს შეხვედრას უტრიალებს. 12 მარტს, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრას ირლანდიელი რეფერი, დევიდ ვილქინსონი მოემსახურება, მისი ასისტენტები კი, მაიქლ ბლექი და ოლივერ ჰოჯისი იქნებიან.
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. IV ტური
12 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი”
საქართველო - რუმინეთი (15:00 საათი)
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 56 კეპი, 65 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 46, 85), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 41, 55), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგერთი, 54, 75), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 18, 20), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 50, 245), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 70, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 33, 15), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი, 10, 0), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 26, 30), 4. ლევან დათუნაშვილი ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40, 10), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი” საფრანგეთი, 3, 0), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 18, 5), 7. გია ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი, 64, 60), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 35, 90).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 31, 20), 17. გიორგი ჟღენტი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 9, 0), 18. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 17, 25), 19. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 46, 30), 20. ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი, 54, 25), 21. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 22, 20), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
ესპანეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუსეთი
1 | საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 135-15 | 14 |
2 | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 57-49 | 9 |
3 | ესპანეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 59-101 | 6 |
4 | რუმინეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 50-27 | 5 |
5 | რუსეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 50-78 | 5 |
6 | უკრაინა | 2 | 0 | 0 | 2 | 16-97 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია