საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის ქართველ ლეგიონერთა 6 კლუბიდან ხუთმა, XXI ტურში პრემიალური ქულა აიღო. აქედან ოთხს, მხოლოდ ამ ერთი პრემიალური ქულით მოუწია დაკმაყოფილება, ერთმა პრემიალური გამარჯვების ოთხ ქულას შემატა, ხოლო კიდევ ერთმა გუნდმა გამარჯვება კი იზეიმა, ოღონდ მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა ვერ მოახერხა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, საფრანგეთის ჩემპიონს, დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა, 23:19 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა. ამ შეხვედრაში ქართველ მორაგბეებს მონაწილეობა არ მიუღიათ, გიორგაძე განაცხადში ვერ მოხვდა, ფეიქრიშვილი დაშავებულია და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ხოლო ზირაქაშვილი ეროვნული გუნდის რიგებში ირჯებოდა და თბილისში რუმინელებს არბევდა.
ჩემპიონს თამაშის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ორჯერ, 10-10 წუთით, მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მასპინძლებმა ორივე შემთხვევა გამოიყენეს, თითო-თითო ლელო გაიტანეს და საბოლოოდ, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საწყის თხუთმეტ წუთში, “კლერმონმა” “კასტრის” ერთ ჯარიმას სამით უპასუხა, მაგრამ 26-ე წუთზე, სინბინით დაისაჯა, ორიოდე წუთში ლელო გაუშვა და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, მეტოქეს ერთი ქულით ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა სტუმრებმა მასპინძლებს ლელოთივე ოთხიოდე წუთში უპასუხეს და ტაიმი 14:10 მოიგეს, მაგრამ მე-2 ნახევრის პირველსავე წუთზე, კვლავ კაცნაკლულნი დარჩნენ.
“კასტრმა” თავისი მე-2 ლელო 46-ე წუთზე გაიტანა, რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და 17:14 დაწინაურდა. “კლერმონი” კიდევ ერთხელ 54-ე წუთზე გავიდა წინ, მაგრამ ზუსტი რეალიზაცია ლელოს არც ამჯერად მოჰყვა. 11345 მაყურებლის გასახარად, “კასტრმა” 58-ე და 62-ე წუთებზე, 2 ჯარიმა გამოიყენა და 23:19 იმარჯვა, რითაც სატურნირო ცხრილში 59 ქულით მე-3 საფეხურზე აღზევდა, “კლერმონი” კი მას ერთი ქულით და ერთი საფეხურით ჩამორჩება.
ქართველი ლიდერების გარეშე დარჩენილმა “მონპელიემ”, სტუმრად აუტსაიდერ “ლა როშელს” სათანადო ძალა ვერ დაუპირისპირა, 16:20 დამარცხდა და შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისათვის, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და გიორგი ჩხაიძის გარეშე დარჩენილმა სტუმრებმა, წარმატებული პირველი ტაიმის შემდე, მე-2 ნახევარში მისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს. “მონპელიეს” ადრეულ არეკნს, მასპინძლებმა მე-20 წუთზე ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე სტუმრებმა ლელო, რეალიზაცია და ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტაიმის ბოლოს, “მონპელიე” მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და “ლა როშელმა” რიცხვობრივი უპირატესობა შეხვედრის განახლებისთანავე გამოიყენა, ლელო გაიტანა, რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა და სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა. მასპინძლებმა ჯარიმით წონასწორობა 52-ე წუთზე აღადგინეს, 59-ე წუთზე კი, ლელო-რეალიზაციით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ჯარიმის გატანა მხოლოდ შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე შეძლეს და 16:20 დამარცხდნენ.
ზემოთ ჩამოთვლილი სამეული საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, “ეულად მყოფმა” გოდერძი შველიძემ კი, რომელიც თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, საკუთარ გუნდს ვერ უშველა. “მონპელიეს” 57 ქულა აქვს და “ბიარიცთან” V-VI ადგილებს იყოფს.
ცოტა დააკლდა ლიდერი “ტულუზას” სტუმრად დასამარცხებლად, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივს”, რომელიც უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მე-60 წუთამდე, გუნდები ქულებს მხოლოდ ჯარიმებით აგროვებდნენ და როდესაც ანგარიში 15:15 იყო, “ტულუზამ” ლელო გაიტანა, ხოლო ოთხ წუთში უპირატესობა ჯარიმით 8 ქულამდე გაზარდა. “ბრივმა” საპასუხო ლელო 70-ე წუთზე გაიტანა და რეალიზაციით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ ათ წუთში მონაგარს ვეღარაფერი შემატა, 22:23 დამარცხდა და საერთო მონაგარს მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა შემატა. ხინჩაგიშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, კაკოვინი კი “ბრივის” “ძირითადში” იყო და სრულად გაისარჯა. ახლა “ბრივს” 32 ქულა აქვს, გასავარდნ მე-13 ადგილზეა, მაგრამ “ლა როშელს” სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩება.
მცირე სხვაობით მარცხისათვის მიღებულ მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა გადარჩენისთვის მებრძოლი “აჟენი”, რომლის რიგებშიც ბექა შეყლაშვილმა შეცვლაზე, ბოლო 15 წუთი ითამაშა. აჟენელები “სტად ფრანსეს” პარიზში ეწვივნენ და დიდი ბრძოლა გაუმართეს. ზემოთ ნახსენები შეხვედრის მსგავსად, ეს მატჩიც ქულა-ქულაში წარიმართა. 23-ე წუთისთვის, სტუმრებს 2 ჯარიმა და ერთი არეკნი ჰქონდათ გატანილი, მასპინძლებს მხოლოდ ერთი ჯარიმა, მაგრამ 25-დან 31-ე წუთამდე, ჯარიმიდან სამჯერ იხეირეს და ტაიმი 12:9 მოიგეს.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, “აჟენმა” ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, “სტად ფრანსემ” მალევე ჯარიმით უპასუხა, მაგრამ სტუმრებმა არეკნით წონასწორობა იქვე აღადგინეს, ხოლო 64-ე წუთზე, ჯარიმით დაწინაურდნენ.
შეხვედრის ბედი 71-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია ზუსტად შეასრულეს და 22:18 იმარჯვეს. “აჟენს” 34 ქულა აქვს, მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.
ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლმა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, აუტსაიდერი “ბურგონი” 39:17 გაანადგურა და გამარჯვების ოთხს ერთი პრემიალური ქულა შემატა. ქართველმა პირველხაზელმა, რომელიც დისკვალიფიკაციას გადაურჩა, მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. ამ პერიოდში მისმა გუნდმა 4 ლელო გაიტანა და ტაიმი 27:3 მოიგო. მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მე-2 ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ლელო მიითვალეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
“ტულონს” 55 ქულა მოუგროვდა, მე-7 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.
ტურის დანარჩენ შეხვედრებში, “პერპინიანმა” “ბაიონი” 25:19 დაამარცხა, ხოლო “ბიარიცმა” “რასინგ მეტროს” 36:32 სძლია.
Top 14-ის XXII ტურის შეხვედრები 25-27 მარტს გაიმართება: “კასტრი” “ტულონს” მასპინძლობს, “ბრივი” “ბურგონს”, “აჟენი” “კლერმონს” დაუხვდება, ხოლო “მონპელიე” “სტად ფრანსეს” ეთამაშება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 69, 2. რასინგ მეტრო - 63, 3. კასტრი - 59, 4. კლერმონი - 58, 5. ბიარიცი - 57, 6. მონპელიე - 57, 7. ტულონი - 55, 8. ბაიონი - 54, 9. პერპინიანი - 53, 10. სტად ფრანსე - 48, 11. აჟენი - 34, 12. ლა როშელი - 33, 13. ბრივი - 32, 14. ბურგონი - 5.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია