ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “თვიქნემში”, შოტლანდიის ნაკრები მძიმე ბრძოლაში, არადამაჯერებელი თამაშით დაამარცხა და 2003 წლის შემდეგ, “ექვსი ერის” მოგების კარგი შანსი შეინარჩუნა. ამასთან, “ვარდები” დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ და დასკვნით ტურში, დუბლინში, ირლანდიელთა ძლევის შემთხვევაში, ტურნირში “დიდი მუზარადით”, ანუ ყველა მატჩის მოგებით გაიმარჯვებენ.
რადგან შაბათს, საფრანგეთის ნაკრები იტალიასთან სენსაციურად დამარცხდა, “ექვს ერზე” ინგლისელთა ერთადერთ მოცილედ უელსი დარჩა, რომელმაც განვლილ რაუნდში ირლანდიას სძლია. შესაძლოა, “ვარდებს” ტიტული მარცხის შემთხვევაშიც ერგოთ, რადგანაც დასკვნით რაუნდში უელსი საფრანგეთში თამაშობს, იქ კი, გამარჯვების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
ინგლისი და შოტლანდია, 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან და ამის გათვალისწინებით, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად მათი დაპირისპირება აინტერესებდა. შოტლანდიელებს სტუმრად ინგლისელები 1983 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ და მატჩის მსვლელობამ მათ ამ ტრადიციის დარღვევის იმედი ჩაუსახა, მაგრამ მიზანი მაინც მიუღწეველი დარჩა. შოტლანდიამ კარგი, ორგანიზებული დაცვა ითამაშა და მასპინძლებს სამოძრაო არეალი მაქსიმალურად შეუზღუდა.
ანგარიში მე-4 წუთზე, სტუმრებმა გახსნეს - პატერსონმა ჯარიმა გამოიყენა. ამას ინგლისელთა იერიშები მოყვა, პირველი ჯარიმა ფლუდს გაუფუჭდა, მაგრამ მე-16 წუთზე, შოტლანდიელებს წესების დარღვევა აღარ აპატია. ტაიმის შუაწელს, პატერსონმა შორეული ჯარიმით სტუმრები კვლავ დააწინაურა, მაგრამ ფლუდმა ჯარიმითვე ჯერ წონასწორობა აღადგინა, მერე კი, მასპინძლები დააწინაურა. შოტლანდია ტაიმის მიწურულს შეტევაზე გადავიდა, ჯექსონს არეკნის დარტყმის შანსი მიეცა და ტაიმი 9:9 დასრულდა.
მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. მათი შერკინება მეტოქისას აშკარად ჯობდა. 57-ე წუთზე, შოტლანდია მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, ფლუდმა კი ჯარიმა გამოიყენა. მასპინძლებმა შვებით 68-ე წუთზე ამოისუნთქეს, როდესაც შეცვლაზე შესული კროფტი მამაცურად წავიდა მცველზე, გადათელა და ლელო გაიტანა, უილკინსონმა კი რეალიზაცია გამოიყენა. სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, ინგლისელთა დაცვის ხაზში ხვრელი ევანსმა იპოვა და შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც პატერსონის ზუსტი რეალიზაცია მოყვა. მაგრამ იმ დღეს იღბალი ინგლისელთა მხარეს იყო, უილკინსონმა ბოლოსწინა წუთზე ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და მასპინძლებს 22:16 მოაგებინა.
12 მარტი იტალიური რაგბის ისტორიაში შევიდა, რადგან ამ დღეს, ექვს ერზე იტალიამ პირველად დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები. სტუმრებმა რომში მასპინძლებს ერთის წილ ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ უამრავი შეცდომა დაუშვეს, რამაც მირკო ბერგამასკოს ხუთი ჯარიმის გატანის საშუალება მისცა და ამან “სკუადრა აძურას” ისტორიული გამარჯვება განაპირობა. ახლა იტალიელები მათთვის ტრადიციულ “ხის კოვზს” გადაურჩნენ, ექვსი ერის გასული წლის გამარჯვებულმა საფრანგეთმა კი, ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა.
მთელი 55 წუთი, ფრანგებს არაფერი უჭირდათ და კომფორტული სხვაობითაც იგებდნენ, მაგრამ მერე ფიზიკურად ვერ გაძლეს, მეტოქის ზეწოლის ფონზე უამრავი შეცდომა დაუშვეს. ბერგამასკომ ასპროცენტიანი შედეგი ვერ აჩვენა - რვიდან ექვსი დარტყმა გამოიყენა (ხუთი ჯარიმა და ერთი რეალიზაცია), მაგრამ რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში მას ნერვებმა არ უმტყუნა. ბერგამასკომ ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, როდესაც თამაშგარედან თამაშისთვის დაახლოებით 10 მეტრში დანიშნული ჯარიმა გამოიყენა. ფრანგებმა მე-14 წუთზე უპასუხეს. მათი სწრაფი შეტევისას ბურთი მარცხენა კიდესთან ჩათამაშდა, კლერმა ბურთი 22-მეტრიანი ხაზის გარედან ფეხით გადაიკიდა, მცველს სისწრაფეში აჯობა და იტალიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა.
მე-19 წუთზე, სტუმრებს მეორე ლელოს გატანის კარგი შანსი ჰქონდათ. ხუთმეტრა რაქიდან გამოტანილი ბურთი რუგერიმ მიიღო და ძელებსშუა სალელოვედ გაიჭიმა, მაგრამ ბოლო მომენტში, ბურთი ხელიდან დაუვარდა. ამ შეტევას სამი ქულა მაინც მოჰყვა. იტალია საკუთარ 5-მეტრა შერკინებაში დაჯარიმდა და პარამ იოლი გასატანი გაიტანა. იტალიამ სალელოვედ მალევე შეუტია, ხაზიც გაჭრა, მაგრამ მიზნამდე ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, ბერგამასკომ ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ტაიმი “მამლებმა” 8:6 მოიგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში, პარამ ჯარიმა გაიტანა, ხოლო 50-ე წუთზე, ტრან დიუკმა ხაზი ლამაზად გაჭრა, რამდენიმე იტალიელ მცველს დაუსხლტა და პარას ლელო ძელებსშუა გაატანინა, რომელმაც გარდასახვით ფრანგთა უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა (18:6). მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო ლელო 59-ე წუთზე გაიტანეს. მათი მიძალების შემდეგ, “მამლების” 22-ში ძანიმ და ბენვენუტიმ კარგად ითამაშეს, ხაზი გაჭრეს და მასის ფლანგზე გაჭრის საშუალება მისცეს, ხოლო ბერგამასკომ რეალიზაცია შეასრულა. ოთხ წუთში, მანვე კარის გასწვრივ, დაახლოებით 35 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ პარამ თითქმის ცენტრიდან გატანილი ჯარიმით, სხვაობა 5 ქულამდე სამ წუთში გაზარდა. “სკუადრა აძურას” თავდადება 70-ე და 75-ე წუთებზე დაფასდა, როდესაც ბერგამასკომ ჩათვლის ხაზიდან 22 მეტრში, ჯერ ერთი კიდიდან, ხოლო მერე მეორე კიდიდან ჯარიმები ზუსტად დაარტყა და იტალია 22:21 დააწინაურა. ფრანგთა ბოლო გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდა, მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და ისტორიული გამარჯვებით, თავად მორაგბეებმა და რომის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა გულიანად გაიხარა.
უელსმა ირლანდიას წესების დარღვევით გატანილი, არჩასათვლელი ლელოთი მოუგო. 50-ე წუთი მიდიოდა, როდესაც ირლანდიელებმა ბურთი აუტში უხეიროდ გაიტანეს, მაგრამ ბურთი ტრიბუნაზე ავარდა და აუტის სწრაფად მოწოდება აღარ გამოდიოდა. თუმცა უელსელებმა სხვა ბურთი(!) სწრაფად დააბრუნეს თამაშში, ფილიპსი კიდის გაყოლებაზე გაიქცა და ლელოთი საკუთარი გუნდი დააწინაურა - 14:13. რაგბის წესების თანახმად, აუტში გადასული ბურთის თამაშში სწრაფად დაბრუნება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მომწოდებელი იმავე ბურთს, რომელმაც გვერდითი ხაზი გადაკვეთა სწრაფად აიღებს და კიდის ხაზიდან 5 მეტრზე შორს, მის გასწვრივ, ან უკან მყოფ თანაგუნდელს გადააწვდის. ამ შემთხვევაში ეს წესი დაირღვა, სამხრეთაფრიკელმა რეფერიმ და მისმა ასისტენტებმა ვერ დააფიქსირეს ის, რაც ტელეგამეორებამ ცხადყო - უელსმა თამაშში სხვა ბურთი შეიყვანა. მაგრამ აღარაფერი შეიცვლება, უელსმა გაიმარჯვა და ისტორიაში მხოლოდ ეს შედეგი ჩაიწერება.
თამაშის დებიუტში ორი ისტორიული ფაქტი მოხდა. ირლანდიელმა რეადნმა დებიუტშივე ტრავმა მიიღო და მე-20 წამზე შეცვალეს - ეს არის ყველაზე სწრაფი ცვლილება რაგბის ისტორიაში. მესამე წუთზე, ირლანდიელებმა ლელო გაიტანეს, ბურთის ხაზზე ჩათამაშების შემდეგ, ოდრისკოლმა ხაზი გაჭრა, დაახლოებით 10 მეტრი გაირბინა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, ოგარამ კი, რეალიზაცია გამოიყენა და მეხუთე მორაგბე გახდა, რომელმაც სანაკრებო ტესტ-მატჩებში 1000 ქულიან ზღვარს გადააჭარბა. ჯეიმს ჰუკის მხრიდან ანგარიშის შემცირების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ბურთი ძელმა აისხლიტა, მაგრამ ირლანდია ერთ წუთში კვლავ დაჯარიმდა და ჰუკი უკეთესი პოზიციიდან შეუცდომელი იყო. 27-ე წუთზე, მან მეორე ჯარიმაც გამოიყენა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
ოგარამ და ჰალპენიმ შორეული ჯარიმები გაცვალეს, ტაიმის ბოლოს, ირლანდიას კარგი სალელოვე შანსი მიეცა, მაგრამ ფიცჯერალდმა ბურთი ვერ შეიმაგრა, სამაგიეროდ, ოგარამ კარის გასწვრივ, 7-8 მეტრიდან იოლი ჯარიმა გამოიყენა და პირადი ანგარიში 1006 ქულამდე გაზარდა, ხოლო სტუმრებმა ტაიმი 13:9 მოიგეს. ამას ფილიპსის ზემოთნახსენები უსამართლო ლელო და ჰუკის რეალიზაცია მოყვა. ირლანდია მყის მიეძალა და ფიცჯერალდმა ლელო გაიტანა, მაგრამ რეფერიმ ის გააუქმა და ირლანდიელებს უპირატესობით ჯარიმა უბოძა, მაგრამ აშლილმა სტუმრებმა გასატანი დარტყმა გააცუდეს, ჰუკმა კი, 68-ე წუთზე, თავისი მესამე ჯარიმა გაიტანა - 19:13. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ირლანდიამ კარგი, სწრაფი შეტევა განახორციელა და წესით ლელოც უნდა გაეტანა, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილების გამო ბურთი დაკარგეს და დამარცხდნენ.
IV ტური
იტალია - საფრანგეთი 22:21
უელსი - ირლანდია 19:13
ინგლისი - შოტლანდია 22:16
1. ინგლისი 4 4 0 0 124-57 8
2. უელსი 4 3 0 1 86-61 6
3. საფრანგეთი 4 2 0 2 89-82 4
4. ირლანდია 4 2 0 2 69-73 4
5. იტალია 4 1 0 3 62-117 2
6. შოტლანდია 4 0 0 4 61-101 0
V ტური. 19 მარტი
შოტლანდია - იტალია
ირლანდია - ინგლისი
საფრანგეთი - უელსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია