საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “ერთა თასზე” თბილისში რუმინეთის ძლევით (18:11), რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგში საკუთარ მონაგარს 0,337 ქულა შემატა და ერთი საფეხურით აღზევდა. ახლა “ბორჯღალოსნები” მე-14 ადგილს იკავებენ და უახლოეს მდევარ კანადას 0.22 ქულით უსწრებენ.
ქართველთა წინ, ჩვენთვის სარეკორდო მე-13 ადგილზე იაპონიის ნაკრებია და “ბორჯღალოსნებს” მათთან 2-ქულიანი ჩამორჩენის შემცირების შანსი უახლოეს შაბათს ექნებათ. ამისათვის საჭიროა, რომ ქართველებმა 19 მარტს, სოჭში რუსეთის ნაკრებს სძლიონ და საკუთარი პოზიციების გამყარებასთან ერთად, სხვაობაც მნიშვნელოვნად შემცირდება. თუ საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 15 ქულაზე მეტი სხვაობით დაამარცხა, რეიტინგს 1,127 ქულას შემატებს, ხოლო ნაკლები სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში მატება 0,751 ქულა იქნება. ღმერთმა ნუ ქნას და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, უკუსვლა გარდაუვალი იქნება. ფრე მიზერულ - 0,249 ქულის დაკარგვის ტოლფასი იქნება, მაგრამ “ბორჯღალოსნებს” მე-15 საფეხურამდე დაშვება მაინც მოუწევთ, მცირე სხვაობით მარცხის შემთხვევაში 1,249 ქულა დაიკარგება, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით მარცხი იმის მანიშნებელი იქნება, რომ “ბორჯღალოსნები” 1,873 ქულას დაკარგავენ და კანადის გარდა აშშ-ს ნაკრებსაც ჩამორჩებიან.
ეს სამომავლო თემაა და იმედია, ერთი კვირის თავზე, პირველი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი მოხდება, ახლა კი, რეიტინგის დანარჩენ შედეგებს გადავხედოთ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო 20 გუნდში, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩის შედეგის გარდა, გადაადგილება არცერთ შედეგს არ გამოუწვევია. შოტლანდიელთა მცირე სხვაობით ძლევამ (22:16) ინგლისს ვერაფერი შემატა. ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა საფრანგეთმა დაკარგა, რომელიც რომში იტალიასთან დამარცხდა, მაგრამ რადგან კარდიფში ირლანდიამაც მარცხი იწვნია, ეს გუნდები კუთვნილ მეხუთე-მეექვსე ადგილებზე დარჩნენ, ოღონდ სარეიტინგო ქულები მნიშვნელოვნად შეეკვეცათ. ახლა მათ უელსიც წამოეწია, რომელმაც ირლანდიელები 19:13 დაამარცხა. ისტორიულმა გამარჯვებამ იტალიელთა წინსვლაც ვერ განაპირობა, თუმცა, ახლა ის ფიჯისა და სამოას მაქსიმალურად მიუახლოვდა და თუ ექვსი ერის დასკვნით მატჩშიც იმარჯვა, ან ფრეს მაინც გამორჩა, ტოპ ათეულში მოხვედრა გარანტირებული ექნება.
მოკლედ, 19 მარტი სარეიტინგო ქულების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება და იმედია, მომავალ ორშაბათს საქართველოს ნაკრები იაპონიას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 14 მარტისთვის
1 (1). ახალი ზელანდია - 93,19
2 (2). ავსტრალია - 87,45
3 (3). სამხრეთ აფრიკა - 86,44
4 (4). ინგლისი - 83,98
5 (5). საფრანგეთი - 81,10
6 (6). ირლანდია - 81,02
7 (7). უელსი - 80,51
8 (8). არგენტინა - 78,97
9 (9). შოტლანდია - 76,96
10 (10). ფიჯი - 74,05
11 (11). სამოა - 74,02
12 (12). იტალია - 73,93
13 (13). იაპონია - 71,45
14 (15). საქართველო - 69,41
15 (14). კანადა - 69,19
16 (16). აშშ - 67,69
17 (17). ტონგა - 67,35
18 (18). რუმინეთი - 65,11
19 (19). რუსეთი - 63,92
20 (20). პორტუგალია - 61,81
21 (21). ურუგვაი - 60,94
22 (22). ნამიბია - 60,66
23 (23). ესპანეთი - 59,67
24 (25). ჩილე - 56,68
25 (26). მაროკო - 56,11
26 (24). ბელგია - 55,53
27 (27). ყაზახეთი - 55,20
28 (31). ჩეხეთი - 54.70
29 (28). ბრაზილია - 54,56
30 (30). უკრაინა - 53,34
31 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია