ამბები

20:14 | 15.03.2011 | ნანახია 4749 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” სოჭის შეხვედრისთვის მზადებას შეუდგნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც 2011 წლის “ერთა თასი” ვადამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა, დასკვნითი შეხვედრისთვის მზადება განაახლა. 19 მარტს, სოჭში, “ბორჯღალოსნებს” პრინციპული მეტოქის - რუსეთის წინააღმდეგ ელის შეხვედრა, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით ვეღარაფერს შეცვლის, თუმცა, ამ მატჩის მნიშვნელობა ყველა ქართველისთვის ცნობილია და ის ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დონეზე, სატურნირო მნიშვნელობის ფარგლებს სცილდება.
სამშაბათის ვარჯიშზე, იმ შემადგენლობიდან, რომლებიც რუმინეთის წინააღმდეგ განაცხადში იყვნენ, რიჩი დიქსონმა მხოლოდ გია ლაბაძე მოისაკლისა, რომელმაც “მუხის ფოთლებთან” გამართული მატჩის პირველი ნახევრის მიწურულს, თავში ძლიერი დარტყმა მიიღო. ვეტერანი მესამეხაზელი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა, ანუ, მისი კისრის მალები მწყობრშია, თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ ტვინის შერყევის გამო მაინც ვერ ითამაშებს. დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში მის ადგილს გიორგი ჩხაიძე დაიკავებს, რომელმაც რუმინეთის წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა, სათადარიგოთა შორის კი ვიტო კოლელიშვილი იქნება.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი, თუმცა, შეკრებაზე მყოფი მორაგბეები კვლავ გუნდთან ერთად არიან და ინტენსიურად ემზადებიან. უფრო მეტიც, მათ ფრანგული “ბრივიდან” ვასილ კაკოვინი დაემატა და საჭიროების შემთხვევაში, მწვრთნელებს მისი იმედიც ექნებათ. სამშაბათის ვარჯიშმა დაახლოებით საათნახევარი გასტანა. ოთხშაბათს ნაკრების წევრებს დასვენების დღე აქვთ, ხუთშაბათს კვლავ ღია ვარჯიშია დანიშნული, რის შემდეგაც “ბორჯღალოსანთა” 22-კაციანი შემადგენლობა დასახელდება, ხოლო პარასკევს დილით, 8 საათზე, ნაკრები სოჭში გაემგზავრება, სადაც იმავე დღეს კაპიტნის ვარჯიში გაიმართება, ხოლო შაბათს შეხვედრაა დანიშნული.
ახლა ერთი უსიამოვნო ამბავიც. ქართველმა გულშემატკივარმა, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების პირდაპირი ტელეტრანსლიაცია, შესაძლოა ვერ იხილოს. შესაძლოა კი არა, ამის ალბათობა თითქმის ას პროცენტს უტოლდება. რუსეთის ნაკრების საშინაო შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟების ჩვენების უფლებას “რტრ”-ი ფლობს, რომელიც არც ტელეტრანსლიაციას გეგმავს და არც უფლებას ელევა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვნახოთ, იქნებ “ტელეგარღვევა” მაინც განხორციელდეს...
“მსოფლიო სპორტი” საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ მამუკა გორგოძეს გაესაუბრა, რომელსაც რუმინეთთან მატჩამდე, დისკვალიფიკაციებისა და ტრავმების გამო, ეროვნული გუნდის მაისური თითქმის წელიწადნახევარი არ ჰქონდა მორგებული.
-    რა სიახლეები დაგხვდათ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ?
-    ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით პირველად ვითამაშე, მაგრამ დიდი სიახლეები არ შემიმჩნევია. კარგია, რომ დაბრუნება მოგებით ავღნიშნე.
-    რუმინეთთან განვლილ მატჩში, საწყისი 20 წუთის შემდეგ, ყველამ იფიქრა, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით მოიგებდა, მაგრამ მერე სიტუაცია შეიცვალა.
-    ნაკრებს ასეთი რამ ხშირად ემართება. მახსოვს, ორი წლის წინაც, რუმინეთს პირველ წუთებზე მაგარი შტურმი მოვუწყვეთ, მაგრამ მერე სიტუაცია შეიცვალა. დიდწილად, ეს ჩვენი ბრალია, ალბათ ვეშვებით და კონცენტრაციას ვკარგავთ. თამაში როგორც დავიწყეთ, ისევე რომ გაგვეგრძელებინა, რუმინელებს დიდი სხვაობით დავამარცხებდით. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ რუმინეთს ძლიერი გუნდი ყავს, მათ ძალები მოიკრიბეს და თამაშში გარდატეხის შეტანა მათი დამსახურებაცაა. რუმინელთა წინააღმდეგ თამაში, ადვილი არასოდეს არაა.
-    როგორ ემზადებით რუსეთთან მატჩისთვის?
-    როგორც ყოველთვის. ყველამ კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და მაქსიმალურად მობილიზებულნი ვართ.
-   “ერთა თასი” უკვე მოგებული გვაქვს და ეს ხომ არ იმოქმედებს თქვენს განწყობაზე?
-    არანაირად! რუსეთთან მატჩი ყოველთვის ცალკე თემაა და მას სხვა მოვლენებთან კავშირი არასოდეს არა აქვს.

ქართველთა განწყობას “ბორჯღალოსანთა” შოტლანდიელი დამრიგებელი რიჩი დიქსონიც იზიარებს და გუნდს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად განაწყობს: “ზედიზეც ოთხი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მაგრამ წინ პრინციპული შეხვედრა გველის. რუსეთში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ. ტრავმები არ გვაქვს, ერთადერთი ლაბაძე დაგვაკლდება, დანარჩენები კი, სრულ მზადყოფნაში არიან”.

საქართველოს ნაკრები სოჭის მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება
ბეკები:
ირაკლი აბუსერიძე, ბესიკ ხამაშურიძე, თედო ზიბზიბაძე, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლექსო გუგავა, ბექა ურჯუკაშვილი;
ფორვარდები: ვასილ კაკოვინი, გიორგი ჩხაიძე, ლევან დათუნაშვილი, მამუკა გორგოძე, დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე, სიმონ მაისურაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჟღენტი, ვიტო კოლელიშვილი, ვახტანგ მაისურაძე.
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.198295