საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მიმდინარე წელს ოთხი შეხვედრა გამართა და ოთხივე მოიგო. შედეგად, “ბორჯღალოსნებმა” ევროპის “ერთა თასი”, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვეს, თუმცა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, შეფასების გაკეთებას არ ჩქარობს. რიჩი დიქსონის შეგირდებს ბოლო ტურში სოჭში, რუსთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ. მიზეზთა გამო, ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მისმა შედეგმა მთელი განვლილი ოთხი მატჩის შედეგი გადაწონოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა “ერთა თასის” მიმდინარე გათამაშება მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენა და მწვრთნელებმა საქმეში არაერთი კანდიდატი ნახეს. კანდიდატების შერჩევა მარტის ბოლოსაც გაგრძელდება, როდესაც საქართველოს A ნაკრები ინგლისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – პირველ მატჩში ბრიტანეთის არმიის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო მეორეში ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნაკრებს. უნდა ითქვას, რომ ქართველი მორაგბეები ინგლისში მთლად A ნაკრებით ვერ მიდიან, რადგანაც მორაგბეთა დიდ ნაწილს ფრანგული კლუბები არ ათავისუფლებენ და ბრიტანეთშიც საქართველოს XV-ის სახელით იბურთავებენ.
მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება ბუქარესტში, ამა წლის ივნისში გასამართი IRB-ს ერთა თასიც. საქართველოს ნაკრები იქაც ექსპერიმენტული A ნაკრებით ითამაშებს. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა რუმინეთში “ბორჯღალოსნები” ეროვნული გუნდის სახელით არ გამოვიდნენ და მარცხის შემთხვევაში რეიტინგი უცვლელი დარჩეს. შეგახსენებთ, ბუქარესტში ქართველთა მეტოქეები სამხრეთ აფრიკის კინგსი, არგენტინის “იაგუარები” და ნამიბიის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.
ამ და სხვა საკითხებზე, გია ნიჟარაძე “მსოფლიო სპორტს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული გუნდის ვარჯიშის დასრულების შემდეგ ესაუბრა.
- საქართველოს ნაკრებმა განვლილი ოთხი შეხვედრა მოიგო და “ერთა თასი” ვადაზე ადრე მოიპოვა. რამდენად კმაყოფილი ხართ აქამდე გაწეული სამუშაოთი?
- მთლიანი შეჯამება რუსეთთან შეხვედრის შემდეგ მოხდება, აქამდე ნაჩვენები შეხვედრით კი, რაღა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ნელ-ნელა იხვეწება ის თამაში, რასაც მწვრთნელები ბიჭებისგან ითხოვენ. გამოჩნდა სუსტი და ძლიერი მხარეები, დავინახეთ, თუ რაზეა სამუშაო. პარალელურად, იმ ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა ხდება, რომელმაც მსოფლიო თასზე უნდა ითამაშოს. თასის მოგება სასიამოვნოა, მაგრამ ერთი შეხვედრა დაგვრჩა, ძალიან პრინციპული თამაშია და საბოლოო კმაყოფილებაზე, ან უკმაყოფილებაზე, სჯობს რუსეთთან მატჩის შემდეგ ვისაუბროთ.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დარჩენილი ერთი თამაში წონით უკვე მოგებულ ოთხ შეხვედრას უტოლდება?
- ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთთან თამაში ყოველთვის ცალკე მდგომი, განსაკუთრებული მატჩია. სპორტული თვალსაზრისით არა, მაგრამ სწორედ იმ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ქართველებისთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ჩემპიონები გავხდით და ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ამოცანა შესრულებულია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დაგვრჩა ერთი პრინციპული თამაში და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შევაჯამებთ წლის განვლილ მონაკვეთს.
- “ერთა თასზე” გამოსვლა მსოფლიო თასისთვის მზადების მნიშვნელოვან ეტაპადაც განიხილებოდა. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი?
- 19 მარტს, საქართველოს ექსპერიმენტული A ნაკრები ინგლისში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ძლიერ მეტოქეებთან. იქ მწვრთნელები მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი ნაკრების კანდიდატებსაც დააკვირდებიან და იმ მორაგბეებსაც შეათვალიერებენ, რომლებსაც შემდგომი ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში მოუწევთ ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა. ბუქარესტის IRB-ს ერთა თასზეც ექსპერიმეტულ A ნაკრებს გავგზავნით, რამდენიმე კანდიდატი იქაც გაისინჯება, რის შემდეგაც მწვრთნელები საბოლოოდ დაასახელებენ იმ ოცდაათ მორაგბეს, რომლებიც თბილისში სამკვირიან შეკრებას გაივლიან. ამ შეკრებაზე გუნდს შეუერთდება ფიზმომზადების მწვრთნელი გარეტ ადამსონი. შემდეგ დაგეგმილი გვაქვს შეკრება საფრანგეთში, სადაც საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის გუნდებთან სამ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. ამით დამთავრდება მომზადება და ხუთ სექტემბერს ჩავალთ ზელანდიაში.
- შარშან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს A ნაკრებს შეკრება სამხრეთ აფრიკაში უნდა გაევლო. რატომ შეიცვალა ეს ვარიანტი?
- სამხრეთ აფრიკასთან თანამშრომლობით მთლად კმაყოფილი არ ვიყავით, რადგან A ნაკრებისთვის სერიოზული სპარინგ-პარტნიორები ვერ შემოგვთავაზეს. ამასთან, ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, ბრიტანულ ბაზარზე შეღწევა და ფრანგული ბაზრის ალტერნატივის შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნით, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, დონ კასკიმ ინგლისში დიდი შრომა გასწია და ინგლისური კლუბები ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე დაითანხმა. იქ ჩვენი გუნდი ძალიან კარგ პირობებში იქნება. პარალელურად, გავმართავთ მოლაპარაკებებს სარაგბო აკადემიებთან და ვეცდებით, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები იქ სასწავლებლად გავგზავნოთ.
- აფრიკელებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იქ ყოველწლიურად ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები უნდა წასულიყვნენ სტაჟირებაზე...
- ჩვენ არ ვაპირებთ კავშირების გაწყვეტას და აფრიკაში სტაჟირებაზე მორაგბეებს აუცილებლად გავგზავნით, მაგრამ მოთამაშეების მასობრივად გაგზავნა, ინგლისში ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე აფრიკაში. დამეთანხმებით, ინგლისური სარაგბო აკადემიები სხვა ქვეყნების აკადემიებს არაფრით ჩამოუვარდება.
- IRB-ს ერთა თასზე A ნაკრებით თამაში სარისკო არაა?
- წინასწარვე ცნობილია, რომ ბუქარესტში ძირითადი ბირთვით ვერ გავემგზავრებით და რეიტინგთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ წარმოიქმნას, IRB-სთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ იქ A ნაკრების სტატუსით თამაშის უფლება მოგვცეს. საქმე ისაა, რომ როგორც ახლა ინგლისში, ასევე ივნისში ბუქარესტში, მთლად A ნაკრებითაც ვერ ვითამაშებთ, გუნდი ექსპერიმენტული, გადახალისებული იქნება და ასეთ პირიბებში შედეგის მიღწევა უფრო გართულდება. სამაგიეროდ, გაიზრდება შემოწმებულ კანდიდატთა სია, რაც ეროვნული გუნდისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია