ამბები

19:14 | 16.03.2011 | ნანახია 3879 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: “სჯობს, ძლიერთან დამარცხდე და ბევრი ისწავლო, ვიდრე სუსტი იოლად დაამარცხო”

მაშინ, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სოჭში რუსეთის პირისპირ დადგება, პერსპექტიული ქართველი მორაგბეებით დაკომპლექტებულ “მომავლის საქართველოს” (გნებავთ საქართველო XV), გეზი ინგლისისკენ ექნება აღებული. რადგანაც ამ ეტაპზე, მიზეზთა გამო საქართველოს A ნაკრების შეკრება ვერ მოხერხდა, გუნდმა სახელი შეიცვალა და 23 მარტს, ბრიტანეთის არმიის გუნდს, 28 მარტს კი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამა თუ იმ ქვეყნის A ნაკრებად იწოდება გუნდი, სადაც ეროვნული გუნდის 30 კანდიდატის უახლოესი რეზერვი თამაშობს. ლევან მაისაშვილმა ასეთი შემადგენლობის შეკრება ვერ მოახერხა, თუმცა, ბრიტანეთში გამგზავრებაზე და იქ სანაკრებო კანდიდატების საქმეში ნახვაზე უარი მაინც არ თქვა. გუნდში უმეტესად ის მორაგბეები მოხვდნენ, რომელთა იმედიც “ბორჯღალოსნებს” მომდევნო ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში ექნებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ბიჭებს ამა წლის სექტემბერ-ოქტომბერში გასამართ მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი არ აქვთ. თუ რომელიმე მათგანმა თავი კარგად წარმოაჩინა, ხოლო შემდეგ, ივნისში, ბუქარესტის ტურნირშიც მაღალ დონეზე იბურთავა, მწვრთნელები მას მსოფლიო თასზეც წაიყვანენ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში რამდენიმე ისეთი მორაგბე იქნება, რომლებიც ეროვნულ გუნდში ახლაც ისინჯებიან. მაისაშვილის თქმით, ვიტო კოლელიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და ჯაბა ბრეგვაძე, რუსეთთან მატჩის შემდეგ ინგლისში ჩავლენ და “მომავლის საქართველოს” წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან. “მსოფლიო სპორტი” ლევან მაისაშვილს მომავალი ტურნეს შესახებ ესაუბრა.
ლევან მაისაშვილი: “19 მარტს, გამთენიისას, ინგლისში მივემგზავრებით, სადაც ორ თამაშს ჩავატარებთ - ბრიტანეთის არმიის გუნდთან და ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნაკრებთან. ტურნეზე ექსპერიმენტული შემადგენლობით მივდივართ. ჩვენს გუნდს რეალურად A ნაკრებსაც ვერ დავერქმევთ, რადგანაც A ნაკრები ქვეყნის საუკეთესო ოცდაათი მორაგბის შემდეგ, უძლიერესი სპორტსმენებით კომპლექტდება, ახლა კი, ძალიან ბევრ მორაგბეს მოვისაკლისებთ. რადგან ოფიციალური სანაკრებო ფანჯარა არაა, კლუბები მათ გამოშვებაზე უარს ამბობენ და ამ შემთხვევაში ჩვენც უძლურები ვართ. თუმცა, მიგვყავს ბევრი ისეთი მორაგბე, რომლებიც სამომავლოდ ეროვნული გუნდისათვის საინტერესოები არიან და მათი ამჟამინდელი მდგომარეობა შემოწმდება. მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციას და ამა თუ იმ შეკრებაზე გასამგზავრებელი მორაგბეების სიასაც ერთობლივად ვადგენთ. ინგლისში უმეტესად სწორედ ის მორაგბეები მიგვყავს, რომლებიც მათთვის საინტერესოა.
-    რადგან ფრანგული კლუბები მორაგბეებს არ ათავისუფლებენ, ინგლისში მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მობურთალი ბიჭები მიგყავთ?
-    არა, ლეგიონერებიც იქნებიან, ოღონდ ის ბიჭები, რომლებიც “ესპუარებში” (დუბლშემადგენლობა) თამაშობენ და გამოშვებაზე ისეთი პრობლემა არ აქვთ, თუმცა, გარკვეულ სიძნელეებს აქაც წავაწყდით, მაგრამ მეტ-ნაკლებად დავარეგულირეთ. იქნებიან ფედერალ დივიზიონებში მოთამაშე მორაგბეებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტი პრობლემა გვაქვს. მარტო პირველ ხაზში, დაახლოებით 15-16 მორაგბე გვყავდა შერჩეული (ეროვნული გუნდის 8-10 კანდიდატის გარდა) და ჩემდა გასაკვირად, მათი უმრავლესობის გამოშვებაზე ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა. მოკლედ, ყველა ის მორაგბე ვერ გვეყოლება, რომლის ხილვაც გვსურდა, მაგრამ მათი ნაწილი ჩვენთან ერთად იქნება.
-    რადგან შეკრებაზე ის ხალხი მიგყავთ, რომლებიც ეროვნულ გუნდს სამომავლოდ უნდა გამოადგნენ, ალბათ, აქცენტს ახალგაზრდა მორაგბეებზე აკეთებთ.
-    ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაგრამ რამდენიმე შედარებით გამოცდილი მორაგბეც გვყავს. მოთამაშეთა უმეტესობა 1986-1989 წლებშია დაბადებული.
-    ინგლისში ის ბიჭებიც ითამაშებენ, რომლებსაც 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე უწევთ თამაში?
-    არა. 20-წლამდელთა მწვრთნელებთან შევთანხმდით, რომ რადგან მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რომელსაც თბილისმა უნდა უმასპინძლოს, მზადებაში ხელი რომ არ შევუშალოთ, მათ მიერ შერჩეული მორაგბეები აქ დარჩებიან. თუმცა, ამ გუნდიდან, ძალიან ბევრი მოიაზრება A ნაკრების, სამომავლოდ კი, ეროვნული ნაკრების კანდიდატად და ინგლისშიც ძლიერ წაგვადგებოდნენ. სამაგიეროდ, ჩვენთან იქნებიან სხვა მორაგბეები, რომელთა გასინჯვაც აქამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა თუ არა, მომავალი მსოფლიო თასისთვის, შესაძლოა, ეროვნული გუნდის ბირთვად ჩამოყალიბდნენ.
-    ასეთი შესუსტებული, ექსპერიმენტული გუნდით ინგლისური კლუბების წინააღმდეგ თამაში სარისკო არ არის?
-    სარისკოა, მაგრამ ნამდვილად ვერ გავთვლიდით იმას, რომ ამდენ მოთამაშეს კლუბები არ გამოუშვებდნენ. შეგვეძლო, აქცენტი სხვა კუთხით გაგვეკეთებინა და შედარებით სუსტ გუნდთან გვეთამაშა, მაგალითად, უკრაინის დონის ნაკრებთან. ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, რაც უფრო ძლიერ გუნდს შევხვდებით და ბიჭებს ძლიერი კოლექტივის წინააღმდეგ თამაშში გამოვცდით. ჩვენ აქცენტს მორაგბეების განვითარებაზე ვაკეთებთ და არა თამაშის მოგებაზე. შეგვეძლო ტესტი სუსტი გუნდის წინააღმდეგ დაგვეგეგმა და მას აუცილებლად მოვუგებდით, მაგრამ ჩვენ სულ სხვა მიმართულება ავირჩიეთ. შედარებით სუსტ გუნდს სამხრეთ აფრიკელებიც გვთავაზობდნენ, “ბლუ ბულზ ლიმპოპოს”, რომელსაც ხშირად რუსეთის ნაკრები ეთამაშება და უგებს. პირდაპირ ვიტყვი, მათ ჩვენც მოვუგებდით, მაგრამ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ უფრო მეტს ისწავლი. თანაც, ეს საქართველოს A ნაკრებიც არაა, ინგლისში “მომავლის საქართველოს” სახელით ვთამაშობთ და ვფიქრობ, რისკი გამართლებულია.
-    ეროვნული გუნდის მწვრთნელები თქვენს შეხვედრებს თუ დაესწრებიან?
-    დონ კასკი ინგლისში დაგვხვდება, იქ ჩამოვა მაიკლ ბრედლიც და შესაძლოა, რიჩი დიქსონიც დაესწროს. პირველი თამაში 23 მარტს, ბრიტანეთის არმიის გუნდთან გვაქვს და ცუდი ისაა, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვექნება. ამასთან, ვიტო კოლელიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ირაკლი ჩხიკვაძე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან არიან, გვიან შემოგვიერთდებიან. კლუბში თამაში უწევს და მოგვიანებით შემოგვიერთდება კარლენ ასეიშვილიც. 28 მარტს, მეორე შეხვედრა გველის. როგორც დამიხასიათეს, არმიის გუნდში ფიჯელი და ტონგელი ლეგიონერები თამაშობენ და ჯანიანი, ძლიერი ბიჭებითაა დაკომპლექტებული. მეორე გუნდი უფრო ტექნიკურ რაგბის ანიჭებს უპირატესობას. ჯერ ვერ ვიტყვით, რომელი უფრო ძლიერი მეტოქე იქნება. ადგილზე რომ ჩავალთ, დონ კასკისგან უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ.
-    ივნისში, საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზეც A ნაკრებით აპირებს თამაშს...
-    ამ გუნდისგან განსხვავებით, რუმინეთში უკვე A ნაკრებით ვითამაშებთ, ანუ, შედარებით ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება. ივნისში საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულებული იქნება და იქ თუ ზოგიერთ მორაგბეს კლუბის ძებნის პრობლემა არ შეექმნა, ჩვენთან აუცილებლად ითამაშებენ.

ზურა ქსოვრელი   
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078843