“მატჩზე საბრძოლო განწყობით გავდივართ, რადგანაც საქართველოსთან დაპირისპირება, მეტია, ვიდრე – სპორტი, თუმცა, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ქართველები ჩვენი პრინციპული მეტოქეები არიან და მოედანზე მათთან ნამდვილი ომი მიდის. ბოლო პერიოდია, საქართველოსთან ნაკრებთან წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ამ შაბათს უკან ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევთ” - ეს კომენტარი რუსეთის სარაგბო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიაჩესლავ გრაჩოვმა 19 მარტს, სოჭში, “ბორჯღალოსნებთან” შერკინების წინ გააკეთა.
გრაჩოვი “დათვების” წამყვან მორაგბედ ითვლება და ქართველებთან არაერთი ჯახი გადაუტანია. ვიაჩესლავმა 2008 წელს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მისი კარიერა საფრთხის წინაშეც კი იდგა, თუმცა, ფრანგულ კლუბში მოთამაშე სპორტსმენმა მომჯობინება შეძლო და ახლა, ქართველებთან რევანშის წყურვილი კლავს. სხვა საქმეა, რომ გრაჩოვს “ბორჯღალოსნებთან” მხოლოდ ბოლოდროინელი წარუმატებლობები “ახსენდება”, თუმცა, მანამდე როდის ჰყავდათ რუს მორაგბეებს ქართველები “დაბრიყვებული”, ძნელი სათქმელია.
უფრო კარგი მახსოვრობა აქვს რუსეთის ნაკრების გენერალურ მენეჯერ ზორიკ მასანდილოვს, რომელმაც “დათვების” წარუმატებელი სერიის კონკრეტული ვადები ახსენა. “ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. უკვე 17 წელია, ქართველთა დამარცხებას ვერ ვახერხებთ. საქართველოს ნაკრებს პრინციპულ მეტოქედ მივიჩნევთ”.
გუნდის “დაქოქვას” ცდილობს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი კინგსლი ჯონსიც (1998-99 წლებში იგი უელსის ეროვნული გუნდის კაპიტანი გახლდათ), რომლის მეთვალყურეობითაც, “დათვები” სოჭის სტადიონზე გაძლიერებულ რეჟიმში ემზადებიან.
“ფანტასტიკური მატჩი იქნება. ქართველებს ძლიერი ფორვარდები ჰყავთ და შერკინებაშიც მძლავრად გამოიყურებიან. თუკი მათ შევაჩერებთ, გამარჯვების შანსი გაგვიჩნდება”.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს მე-15 დაპირისპირება (აქამდელ ბალანსში “ბორჯღალოსანთა” უპირატესობა აშკარაა – 12 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი) შაბათს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასპინძელთა ჯიუტობის გამო, მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვის შანსი მინიმალურია.
უკვე ცნობილია, ის შემადგენლობა, რომლითაც მასპინძლები ქართველთა წინააღმდეგ წარსდგებიან: 15. კლიუჩნიკოვი, 14. არტემიევი, 13. ბაბაევი, 12. გალინოვსკი, 11. ოსტროუშკო, 10. რაჩკოვი, 9. შაკიროვი, 8. გრაჩოვი, 7. ოსტრიკოვი, 6. ფატახოვი, 5. გარბუზოვი, 4. ვოიტოვი, 3. პრიშჩეპენკო, 2. კორშუნოვი (კაპ.), 1. პოპობი.
თადარიგში იქნებიან: 22. გრესევი, 21. კუშნარიოვი, 20. იანუშკინი, 19. ტემნოვი, 18. მატვეევი, 17. ტრავკინი, 16. ხროკინი.
უკრაინასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მარქაფაში გადაინაცვლა ტემნოვმა, რომელსაც შერკინების მე-3 ხაზში ფრანგული “ორიაკის” წევრი ოსტრიკოვი ჩაანაცვლებს, ცენტრალური სამმეოთხედელების წყვილს კი გალინოვსკი და ბაბაევი დააკომპლექტებენ.
დათო მანჯავიძე
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=mgFoPOWJKwM
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია