როგორც სჩანს, რუსი მორაგბეებს გასული 17 წელი იმისთვის არ ეყოთ, საქართველოს ნაკრებთან მატჩების წინ, სიტუაციის რეალურად შეფასება რომ ისწავლონ. “ბორჯღალოსნებთან” ყოველ თამაშამდე, “დათვები” გულზე მჯიღს იცემენ და გულშემატკივარს ნავსის გატეხვას ჰპირდებიან, თუმცა, მათთვის ნანატრი გამარჯვება არა და არ მოდის.
ახლაც, 19 მარტს სოჭში გასამართ შეხვედრამდე, რუსი მორაგბეები დიდ გეგმებს აწყობენ და არაერთი შეკრების გავლის გათვალისწინებით, ქართველებისთვის ადრინდელზე თამამი რაგბის შეთავაზებას აპირებენ.
ალეკსანდრ ვოიტოვისა და ვლადისლავ კორშუნოვის აზრით, “ერთა თასზე” გუნდების დონე გათანაბრდა (??? – რედ.), გასულ კვირას კი, რუმინეთს საქართველოს ნაკრების დამარცხება თავისუფლად შეეძლო (??? – რედ.), ამდენად, “ბორჯღალოსანთა” ძლევა მათთვისაც არ უნდა იყოს სასწაულის ტოლფასი.
ალეკსანდრ ვოიტოვი: “შაბათს საქართველოს ნაკრებს ვეთამაშებით, რომლისთვისაც უკვე 17 წელია არ მოგვიგია. წარუმატებელი სერიის შეწყვეტა გვინდა, მაგრამ მეტოქე ძალიან ძლიერია. შესაძლოა, ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს ყოფილა. თუმცა, დრო უქმად არც ჩვენ დაგვიკარგავს და გულშემატკივრების გაოცებას ვეცდებით. ტყუილად ხომ არ გვივარჯიშია? ბოლო-ბოლო ოთხი თვეა, ნორმალურად შინ არ ვყოფილვართ. მართალია, ჯერჯერობით, კარგი შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ხელებს ხომ არ ჩამოვუშვებთ? ადრე თუ გვიან შეკრებები, რომლებიც ახალ ზელანდიაში, თურქეთსა და სოჭში გავიარეთ, შედეგს გამოიღებს.
ახლა, გუნდების დონე გათანაბრდა – რუმინელებს ქართველთა დამარცხება წყნარად შეეძლოთ, პორტუგალიამ კი ესპანეთს სძლია. ჩვენმა მცველებმა მეტოქეს აგრესიული ბრძოლა უნდა შესთავაზონ. ქართველების მთავარი იარაღი ძლიერი ფორვარდები და შერკინებაა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლეგიონერთა ხარჯზე მათ ძალიან მოუმატეს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები “ექვსი ერის” დონემდე გაიზარდა.
ახლა ბევრი ამბობს: რუსეთი სულ აგებს... თუმცა, სანამ კრიტიკას დაიწყებთ, იქნებ ის სიტუაცია გაითავისოთ, რომელიც ჩვენს ნაკრებში სუფევს. დღესდღეობით, უცხოეთში მოთამაშე არცთუ ბევრი მორაგბე გვყავს. რეალურად, ისინი მხოლოდ ორნი არიან: კულიომინი და არტემიევი. ჩვენ საკუთარ წვენში ვიხარშებით. მართალია, უცხოელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ, თუმცა, ჯადოქრები არც ისინი არიან, რომ ორ თვეში სიტუაცია კარდინალურად შეცვალონ”.
ვლადისლავ კორშუნოვი: “ჩემი აზრით, ქართველთა წინააღმდეგ უფრო მარტივად უნდა ვითამაშოთ. დაცვაში ყველამ მოუმატა, ამდენად, მუდმივად ხელით თამაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უტოპიურია. ეს ძალიან ძნელია და ენერგიაც ბევრი მიაქვს. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მეტოქის ნახევარზე ბურთის გადაკიდების არ შეგვეშინდეს და შემდეგ მის მოსაპოვებლად იქ ვიბრძოლოთ. ჩვენ კი ხშირად საკუთარ ზონიდანაც კი ხელით ამოსვლას ვცდილობთ, ბურთს ვკარგავთ და მეტოქეს კონტრშეტევის საშუალებას ვაძლევთ.
არადა, წარმატების გასაღები სწორედ კონტრიერიშია. საკუთარ 40 მეტრში ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ბურთის აუტში ან მოწინააღმდეგის ზურგს უკან დარტყმა სასირცხვილო ნამდვილად არ გახლავთ. აბრაგანის გამოყენებაც შეიძლება. ყველა დიდი ნაკრები სწორედ ასე თამაშობს. სხვა საქმეა, რომ ჩვენი უცხოელი მწვრთნელები მიესალმებიან ასეთ ტაქტიკას, ნიკოლაი ნერუშს კი აღნიშნული არ მოსწონს – იგი ხელით თამაშის მომხრეა.
იგივე საქართველო რუსეთთან როგორ თამაშობს? მათ ძლიერი შერკინება ჰყავთ, ფორვარდები ბურთს ჩვენ ზონაში ურტყამენ, იქ შეცდომას ვუშვებთ და იწყება ჯაჯგური, სადაც ფიზიკურად ძლიერ ქართველებს უპირატესობა გააჩნიათ. ჩვენც ასე უნდა ვითამაშოთ – მეტოქის 22-ში ვიბრძოლოთ და ფორვარდების ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ. საკუთარ ნახევარზე წვალება და იმის ცდა, როდის გადაგთელავენ – დიდი უაზრობაა. უფრო გამბედავნი უნდა ვიყოთ – ესაა და ეს.
როგორც აღვნიშნე, კარგ სამსახურს არც მწვრთნელებს შორის არსებული უთანხმოება გვიწევს. უცხოელები ერთს გვეუბნებიან, ხოლო ნიკოლაი “ვლადიმეროვიჩი” – სხვას. სოჭის შეკრებაზე საქმე აბსურდამდეც კი მივიდა. ვარჯიშისას ჯონს უნდა ემსაჯა და შეცდომებზეც მას უნდა მიეთითებინა. დაიწყო ვარჯიში – უსტვენს ჯონსი, უსტვენს ნერუშიც. ერთი გვთხოვს, გაჩერდითო, მეორე ამბობს – გააგრძელეთო. რა ვქნათ? ვის მოვუსმინოთ?
ვფიქრობ, მწვრთნელებმა ერთ აზრამდე მისვლა უნდა ისწავლონ. ისინი ერთ გუნდში მუშაობენ და ერთმანეთის უნდა ესმოდეთ. ჩვენთან კი გამოდის, რომ ყველა საკუთარი ხაზის გატარებას ცდილობს. ზოგის პროგრამა ერთ წელზეა გათვლილი, ზოგმა კი ისიც არ იცის, სამი დღის შემდეგ რა იქნება...”
დათო მანჯავიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია