ამბები

10:54 | 18.03.2011 | ნანახია 5366 - ჯერ

სოჭში ტრადიციის გასაგრძელებლად

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ევროპის “ერთა თასის” მფლობელის რანგში, 19 მარტს სოჭში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მასთან გამარჯვებათა ტრადიციის გაგრძელებას ეცდება. მიუხედავად იმისა, რომ “ბორჯღალოსნებმა” ტიტული ვადამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვეს, ისინი მოშვებას არ აპირებენ და რუსეთს სწორედ იმ განწყობით ეწვივნენ, რომ ერთის მხრივ მოგებით ქართველი გულშემატკივარი გაახარონ, ხოლო მეორეს მხრივ 2011 წლის “ერთა თასი” “დიდი სლემით” (ყველა მატჩის მოგება) დაასრულონ.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა, რუმინეთთან გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლა არ ისურვა და ძირითადის თხუტმეტეულში მხოლოდ ერთი მორაგბე შეცვალა, ისიც იძულებით. ტრავმირებული ვეტერანი გია ლაბაძის ნაცვლად, მოედანზე გიორგი ჩხაიძე გავა. განვლილ მატჩთან შედარებით, სამი ცვლილებაა სათადარიგოთა შორის. გიორგი ჟღენტის ნაცვლად, შერკინების პირველი ხაზის გაძლიერებას ვასილ კაკოვინი ეცდება, მესამე ხაზში თავის გამოჩენის შანსი ვიტო კოლელიშვილს ექნება, ხოლო უკანახაზელებში, განაცხადში ირაკლი ჩხიკვაძის ნაცვლად ახალგაზრდა ბექა ურჯუკაშვილი მოხვდა.
საქართველოს ნაკრები სოჭში პარასკევს დილით გაემგზავრა, მანამდე კი, მთელი გუნდი, ნაკრებისა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” ჟურნალისტებს შეხვდა.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელი): “ჯერ კიდევ “ერთა თასის” დაწყებამდე, გადავწყვიტეთ, რომ წელს ყველა თამაში მოგვეგო. რადგან აქამდე დასახული მიზანი ხუთიანზე შევასრულეთ და მხოლოდ ეს ერთი დაგვრჩა, ჩვენი სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა. განვლილ ოთხ შეხვედრაში გუნდმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა და ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ახალი მორაგბეები მრავლად გავსინჯეთ და ყველამ ისე იმუშავა, უკეთეს რომ ვერ ვისურვებდით. ყველას ნათლად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სახელით თამაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი “ერთა თასის” ბოლო შეხვედრაში ხარისხიანად ვითამაშოთ და გამარჯვებას ასე მივაღწიოთ. რუსეთის ნაკრების შეხვედრების ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. შევისწავლეთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და ვიცით მეტოქისგან რას უნდა ველოდოთ. განვლილმა შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ საქართვლოს ნაკრები ჯერჯერობით დაცვაში უკეთ თამაშობს, ვიდრე შეტევაში. ვეცდებით დაცვისა და შეტევის თამაში დავაბალანსოთ და ნებისმიერ მეტოქეს, ნაკლები შანსი მივცეთ. რუსეთთან მატჩის შემდეგ, მე და მაიკლ ბრედლი ინგლისში ჩავალთ და საქართველოს A ნაკრების თამაშებს დავესწრებით. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ თვალს ეროვნული გუნდის მწვრთნელები ადევნებენ. აუცილებელია ახალი მორაგბეების საქმეში ნახვა. მსოფლიო თასისთვის 30 საუკეთესო მორაგბე უნდა შევარჩიოთ და შანსი ყველას ექნება. ახალ ზელანდიაში გასამაგზავრებელი მოთამაშეების სია მხოლოდ ბუქარესტის ტურნირის შემდეგ შეირჩევა”.
ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ თამაშს და მოედანზე თავს არავინ დაზოგავს. რუმინეთთან მატჩს გულშემატკივრები მრავლად დაესწრნენ და ეს გამარჯვებაში დიდად დაგვეხმარა. ადრე ტრიბუნები მხოლოდ რუსეთის თამაშისთვის ივსებოდა და მოხარული ვარ, რომ ახლა სიტუაცია შეიცვალა. იმედია, მაყურებელთა მხარდაჭერა მომავალშიც არ მოგვეკლდება”.
დავით ზირაქაშვილი (საქართველოს ნაკრების პირველხაზელი): “არავინ არ უნდა იფიქროს, რომ რუსეთთან თამაში უკვე მოგებული გვაქვს. პროგნოზების გაკეთება საჭირო არაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სიძლიერეს მოედანზე დავამტკიცებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ”.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ანსამბლმა “შვიდკაცამ” მორაგბეთა ჰიმნად ქცეული სიმღერა “ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა” შეასრულა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “შვიდკაცას” ურთიერთობა 2007 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე დაიწყო და ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება, ოღონდ, ახლა ეს ურთიერთობა უკვე მემორანდუმით გამყარდა. “ბორჯღალოსნებს” გვერდში უდგას კომპანია “ბადაგონიც”, რომელმაც რუსეთში გამგზავრების წინ სარაგბო მარკით ღვინო ჩამოასხა. იმედია, საქართველოს ნაკრები სოჭში გამარჯვებას მოიპოვებს და “ბადაგონის” ღვინით წარმატებას საკადრისად აღნიშნავს. სულ ბოლოს საქართველოს ნაკრები მამა ილიამ დალოცა და მის ყველა წევრს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.

ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. V ტური
19 მარტი. სოჭი
რუსეთი - საქართველო (16:00 საათი)
საქართველო:
15. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 57 კეპი, 70 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 47, 85), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 42, 55), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგერთი, 55, 75), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 19, 20), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 51, 253), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 71, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 34, 15), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი, 11, 0), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 27, 35), 4. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 41, 10), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი” საფრანგეთი, 4, 0), 6. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 47, 30), 7. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 19, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 36, 90).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 32, 20), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 11, 0), 18. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 18, 25), 19. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 6, 5), 20. ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი, 54, 25), 21. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 3, 10), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
 

რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - უკრაინა
 

1  საქართველო 4 4 0 0 153-26 18
2  რუსეთი 4 2 0 2 91-83 10
3 ესპანეთი    4 2 0 2 84-111 10
4 პორტუგალია  4 2 0 2 67-74 9
5 რუმინეთი   3 1 0 2 61-45 6
6  უკრაინა 3 0 0 3 21-138 0



უკრაინა - რუმინეთი (გადადებული)  

 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08532