საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 19 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე, სოჭში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე წლის “ერთა თასის” დასკვნით შეხვედრას გამართავს და მეტოქის დამარცხებით, წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება.
აქამდე, ეს გუნდები ერთმანეთს 14-ჯერ შეხვედრიან და “ბორჯღალოსანთა” უპირატესობა ცხადზე ცხადია. განვლილი მატჩებიდან, რუსმა “დათვებმა” მხოლოდ ერთი მოიგეს, ეგეც შორეულ 1993 წელს, მას შემდეგ კი, 12 თამაში ქართველთა გამარჯვებით დასრულდა და ერთ მატჩში ფრე დაფიქსირდა. 18 წლის წინანდელი შეხვედრა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო თამაში იყო და პოლონეთში, ქალაქ გდანსკში, რუსებმა 15:9 იმარჯვეს. მომდევნო შეხვედრა 1996 წელს, თბილისში შედგა და საქართველოს ნაკრების წარმატებული სვლა დაიწყო. ის თამაში “ბორჯღალოსნებმა” 29:20 მოიგეს, ხოლო ორი წლის შემდეგ, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, კვლავ თბილისში, ქართველებმა 12:6 იმარჯვეს.
2001 წელს რუსებმა ქართველებს კრასნოდარში უმასპინძლეს და “ბორჯღალოსნებმა” იქ 25:23 იმარჯვეს. მომდევნო წელს, თბილისში პატარა ჩავარდნა იყო - მატჩი ფრედ 12:12 დასრულდა. ეს 3 მარტს მოხდა და საქართველოს ნაკრებმა სიტუაცია იმავე წლის ოქტომბერში გამოასწორა, როდესაც მეტოქეს თბილისში 17:13 აჯობა. 2003 წელს, თამაში კრასნოდარში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 23:17 მოიგო, 2004 წლის მარტში, “ბორჯღალოსნებმა” თბილისში 9:3, ხოლო ნოემბერში, კრასნოდარში 27:15 იმარჯვეს. 2006 წელს, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აქამდე ყველაზე მეტი ლელო გაუტანა და თბილისში 46:19 დაამარცხა. მომდევნო წელს, კვლავ თბილისში, მასპინძლებმა 31:12 იმარჯვეს. რუსებმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტეს და 2008 წლის აპრილში, საქართველოს ნაკრებს კრასნოიარსკში უმასპინძლეს. რუსებს არც ყინვამ უშველა - “ბორჯღალოსნებმა” 18:12 მოიგეს.
ამავე წლის აგვისტოში, რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და პოლიტიკური სიტუციიდან გამომდინარე, ევროპის რაგბის საბჭომ თამაშების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება ბრძანა. რუსებმა თავიანთი საშინაო შეხვედრა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დანიშნეს, რომელიც წმინდა რუსული ქალაქია, მაგრამ მათ ამანაც არ უშველა და “ბორჯღალოსნებმა” 29:21 იმარჯვეს. გასულ წელს, ქართველები “დათვებს” თურქეთში, ტრაბზონში დაუხვდნენ. 6 ათასიანი სტადიონი ქართველმა გულშემატკივარმა სრულად შეავსო და საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს სარეკორდო მარცხი აგემა - 36:8.
საქართველოს ნაკრებს რუსეთის ძლევით კიდევ ერთი წარმატებული სერიის გაგრძელება შეუძლია. “ბორჯღალოსნებს” გასული წლის ივნისში, ბუქარესტში ნამიბიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ ექვსი მოგება დაუგროვდა და ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველა თამაში მოიგო. რუსეთის ნაკრების ძლევით, “ბორჯღალოსნები”, რომელსაც წლევანდელი “ერთა თასი” უკვე მოგებული აქვთ, მას “დიდი სლემის” (ყველა თამაშის მოგება) არაოფიციალური სახელით მოიგებენ.
საქართველოს ნაკრები, სოჭში პარასკევს დილით გაემგზავრა. თამაშს ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან. რეფერი პატრიკ პეშონბერი იქნება, რომელსაც ასისტენტობას აკენ აჯ-ბაშირი და ჟან-მარი პირავო გაუწევენ. სამწუხაროდ, ამ თამაშის ტელეტრანსლიაცია არ მოხდება და ქართველ გულშემატკივარს მხოლოდ რადიორეპორტაჟით მოუწევს დაკმაყოფილება.
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. V ტური
19 მარტი. სოჭი
რუსეთი - საქართველო (16:00 საათი)
რუსეთი: 15. იგორ კლიუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემიევი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. იგორ გალინოვსკი, 11. ვლადიმირ ოსტროუშკო, 10. კონსტანტინ რაჩკოვი, 9. ალექსანდრ შაკიროვი, 8. ვიაჩესლავ გრაჩოვი, 7. ანდრეი ოსტრიკოვი, 6. არტიომ ფათახოვი, 5. ანდრეი გარბუზოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 3. ივან პრიშჩეპენკო, 2. ვლადისლავ კორშუნოვი (კაპ.), 1. სერგეი პოპოვი.
სათადარიგოები: 22. ვიქტორ გრესევი, 21. იური კუშნარიოვი, 20. ალექსანდრ იანუშკინი, 19. ანდრეი ტემნოვი, 18. ევგენი მატვეევი, 17. ალექსეი ტრავკინი, 16. ალექსანდრ ხროკინი.
მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 57 კეპი, 70 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 47, 85), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 42, 55), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგერთი, 55, 75), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 19, 20), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 51, 253), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 71, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 34, 15), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი, 11, 0), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 27, 35), 4. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 41, 10), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი” საფრანგეთი, 4, 0), 6. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 47, 30), 7. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 19, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 36, 90).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 32, 20), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 11, 0), 18. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 18, 25), 19. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 6, 5), 20. ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი, 54, 25), 21. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 3, 10), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - უკრაინა
1 | საქართველო | 4 | 4 | 0 | 0 | 153-26 | 18 |
2 | რუსეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 91-83 | 10 |
3 | ესპანეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 84-111 | 10 |
4 | პორტუგალია | 4 | 2 | 0 | 2 | 67-74 | 9 |
5 | რუმინეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 61-45 | 6 |
6 | უკრაინა | 3 | 0 | 0 | 3 | 21-138 | 0 |
უკრაინა - რუმინეთი (გადადებული)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია