ამბები

20:35 | 18.03.2011 | ნანახია 11314 - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სოჭის აეროპორტში პრობლემები შეუქმნეს

ევროპის “ერთა თასზე” რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ 18 მარტს დილით გამგზავრებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, თბილისი-სოჭის ჩარტერული რეისით, სოჭში დროულად ჩაფრინდა, თუმცა, ადგილობრივ აეროპორტში საქართველოს დელეგაციას საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები შეექმნა. საბაჟო კონტროლზე დიდი ხნით გააჩერეს ნაკრების მწვრთნელები, გაჩხრიკეს და დაკითხეს ქართველი ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების უკანახაზელი დავით კაჭარავა კი აეროპორტში 2 საათი ჰყავდათ გაჩერებული და სოჭში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
კაჭარავას პრობლემა საბოლოოდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გია ნიჟარაძისა და რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოგვარდა. აღნიშნულის გამო, საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ჩაიშალა და სასტუმრო “სპარკ ჰოტელში” დაბინავების შემდეგ, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი თეორიული მეცადინეობით შემოიფარგლა.
დავით  კაჭარავა: “შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაჩერების მიზეზი თავადაც არ იცოდნენ. საბაჟო კონტროლის გავლისას მითხრეს, რომ თქვენთვის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია, მიზეზს ვერ გეტყვით, კომპიუტერი ასეთ ინფორმაციას წერსო. დანარჩენი დეტალები არ იცოდნენ”.
გიორგი ნიჟარაძე: “არაფერი აუხსნიათ, უბრალოდ ამბობდნენ, დავით კაჭარავა რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შემოვა, 2 დღე აქ უნდა იჯდესო. პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის რაგბის ფედერაციაში ჩვენს კოლეგებს დავუკავშირდით, კერძოდ კი, მოსკოვში რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ – ვიაჩესლავ კოპიოვს. მათი დახმარებით მოხერხდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმის კურსში ჩაყენება და ეს პრობლემა ასეთი შემოვლითი გზით მოგვარდა”.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები სოჭიდან 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085548