ამბები

22:00 | 18.03.2011 | ნანახია 3710 - ჯერ

ვლადიმერ ვარძელაშვილი: “რუსები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებენ”

19 მარტს, სოჭში ევროპის ერთა თასზე გასამართ რუსეთ-საქართველოს სარაგბო დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირება პირდაპირ ეთერში რუსულ არხ РТР-ის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზით ვერ გადაიცემა. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მატჩების ტრანსლირების უფლებას სწორედ აღნიშნული ტელეკომპანია ფლობს. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, შეხვედრის ტრანსლირების ორგანიზებაზე მოლაპარაკება ადრეულ ეტაპზე წამოიწყო. თავდაპირველად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა შეხვედრის მოახლოებასთან ერთად, РТР-ის მხრიდან მოლაპარაკება გაჭიანურდა.
РТР-ის წარმომადგენელთა განცხადებით, რაგბი რუსეთში წამგებიან პროდუქტად იქცა და ტელეკომპანიამ მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა სოჭში გასამართი რუსეთისა და საქართველოს სარაგბო მატჩის ჩვენება. ამ მიზეზითვე არ იქნა ტრანსლირებული რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც 12 თებერვალს, ასევე სოჭში ჩატარდა.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტელეკომპანიას მატჩის ტრანსლირების ლიცენზიის სოჭის ადგილობრივი ტელევიზიისათვის გადაცემა შესთავაზა და პირდაპირი ეთერისათვის აუცილებელი მოძრავი სატელევიზიო სადგურისათვის შესაკვეთადაც მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა РТР-მა სხვა ტელეკომპანიისათვის ჩვენების უფლება არ გასცა. აქედან გამომდინარე, 19 მარტის შეხვედრის ტრანსლირება იმ მიზეზით ვერ განხორციელდება, რომ სოჭის სტადიონზე არ განთავსდება პირდაპირი ტრანსლირების აპარატურა და კამერები.
მატჩის რადიორეპორტაჟს “აფხაზეთის ხმა” და “საზოგადოებრივი რადიო” აპირებენ. ამას გარდა, თამაშის მეორე დღეს, 20 მარტს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე იგეგმება შეხვედრის ჩანაწერის ჩვენება მისი ხარისხის გათვალისწინებით. საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ვიდეოჩანაწერს რუსეთის რაგბის კავშირი განახორციელებს და მატჩის დასრულების შემდეგ, მეტოქე გუნდს გადასცემს.

რუსეთ-საქართველოს წინასამატჩო პრობლემები
1) ევროპის ერთა თასზე, რუსეთის ქალაქ სოჭში 19 მარტს გასამართი საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირება პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და რაგბის კავშირის აქტიური მცდელობის მიუხედავად, რუსულ არხ РТР-ის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზით ვერ გადაიცემა.  
2) საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და დელეგაციის წევრებს პრობლემები შეუქმნეს სოჭის აეროპორტში.
3) საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე დავით კაჭარავა, სოჭის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციას 2 საათი ჰყავდა გაჩერებული.
4) დაკითხეს, გაჩხრიკეს და შეაყოვნეს ქართველი ჟურნალისტები.
5) აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს ჩაეშალა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში.
6) ბოლო ინფორმაციით, სოჭის სტადიონზე ტექნიკურად იქმნება პრობლემა ქართველი ჟურნალისტებისათვის პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: “იქიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თვენახევრის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანიას „ერ-ტე-ერ”-ს შორის მიმდინარეობდა ტრანსლირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვიცოდით რომ უნდა ყოფილიყო მატჩის პირდაპირი ტრანსლირება, ისინი აზუსტებდნენ ტექნიკურ დეტალებს, მაგრამ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მატჩის ტრანსლირება აღარ მოხდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თვენახევრის განმავლობაში მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ არსებობს ტექნიკური პრობლემა, რის გამოც ვერ ხერხდება მატჩის პირდაპირ ეთერში ჩვენება. ჩვენ შევთავაზეთ რუსეთის მაუწყებელს, რომ ქართული მხარეს სახსრებით შემდგარიყო ამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია. მაგრამ რუსეთის ტელემაუწყებლისგან უარი მოვიღეთ.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეებს სოჭში ჩასვლის მომენტიდან შეექმნათ პრობლემები. გაუგებარი მიზეზების გამო, მესაზღვრეებმა აეროპორტში დააკავეს “ბორჯღალოსნების” ერთ-ერთი ლიდერი დავით კაჭარავა, რომელსაც ორი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ქალაქში. ამის შედეგად, ჩვენმა ნაკრებმა ვერ ჩაატარა დაგეგმილი ვარჯიში.
ამგვარი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს რაგბის საერთაშორისო ფედერაციასთან და რუსეთის მხარესთან,  რომ ეს მატჩი ჩატარებულიყო ნეიტრალურ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ უარი.
რუსული მხარის ეს ქმედებები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენ ხვალვე მივმართავს რაგბის საერთაშორისო ფედერაციას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება რუსეთის ამ არასპორტულ ქმედებებზე”.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081374