ამბები

16:35 | 20.03.2011 | ნანახია 4413 - ჯერ

ირლანდიასთან შერცხვენილი ინგლისი ევროპის თავზე მოექცა

ინგლისის ოცნება, რომ 2011 წლის “ექვსი ერის” გამარჯვებული “დიდი სლემით” (ყველა თამაშის მოგება) გახდებოდა, ირლანდიამ მიწასთან გაასწორა, თუმცა, მოგვიანებით, ბრიტანელთა ბოლო კონკურენტი -  უელსი, პარიზში, საფრანგეთთან განადგურდა და “ვარდები” მეტოქეთათვის მიუწვდომელნი დარჩნენ.
ირლანდიელებმა ბრწყინვალე რაგბი აჩვენეს. მათ აქტიურად, სწრაფ ტემპში დაიწყეს თამაში და ეს ტემპი მთელი 80 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს, ამის წინააღმდეგ კი, ინგლისელებმა ვერაფერი გააწყვეს. გუნდის წარმატებას საფუძველი ჯონათან სექსტონმა ჩაუყარა, რომელმაც შესვენებამდე გუნდს 12 ქულა შესძინა და ტაიმი ირლანდიამ 17:3 მოიგო. სექსტონის ოთხ ჯარიმას, შესვენებამდე, ბოუმ ერთი ლელო დაურთო, რაზეც სტუმრებმა მხოლოდ ფლუდის კინკილა ჯარიმით უპასუხეს.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, ლელო ბრაიან ოდრისკოლმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “ექვსი ერის” გათამაშებაში ეს მისი 25-ე ლელო იყო და ამ მაჩვენებლით, ერთგვარი რეკორდსმენი გახდა. სექსტონმა ეს რეალიზაცია გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ტომპსონმა მე-2 ნახევრის შუაწელს ერთი საპასუხო ლელო მიითვალა, გუნდი მარცხისაგან ვერ იხსნა.
მოგვიანებით, მას შემდეგ რაც საფრანგეთმა უელსი 28:9 დაამარცხა, ინგლისი 2003 წლის შემდეგ პირველად, “ექვსი ერის” გამარჯვებული მაინც გახდა. 2000 წლიდან, ანუ ტურნირის “ექვს ერად” გადაკეთების შემდეგ, ეს ინგლისელთა მე-4 ჯილდოა, სულ კი, მის ანგარიშზე 26-ე გამარჯვებაა.
მაშინ, როდესაც უელსი პარიზულ მატჩს იწყებდა, უკვე იცოდა ინგლისელთა მარცხის შესახებ და მიზანიც ნათელი იყო - მასპინძლები 27 ქულის სხვაობით უნდა დაემარცხებინა. მაგრამ ფრანგთა დაცვამ სტუმრებს ამის შანსი არ მისცა. მართალია, მატჩის დებიუტში უელსი ჰუკის ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მორგან პარას 2 საპასუხო ჯარიმისა და პირველი ტაიმის მიწურულს, ლიონელ ნალეს ლელოს შემდეგ, ყველაფერი ნათელი გახდა. ნალემ მე-2 ტაიმის მე-3 წუთზე, თავისი და გუნდის მე-2 ლელო გაიტანა, ოღონდ მანამდე, ჰუკმა ერთი ჯარიმა კიდევ გაიტანა, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 58-ე წუთზე, ვინსენტ კლერმა მასპინძელთა მე-3 ლელო მიითვალა და პარამ რეალიზაციით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:9.
ამით ფრანგებმა უელსი მე-2 ადგილიდან დააქვეითეს და ეს საპატიო პოზიცია თავად დაიკავეს.
იტალიას პირველი ტაიმის შემდეგ იმედი ჰქონდა, რომ ბოლო ადგილს თავს დააღწევდა, მაგრამ მასპინძელმა შოტლანდიამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა. გასულ ტურში ფრანგთა ძლევით ფრთაშესხმულმა იტალიელებმა, შესვენებამდე, შოტლანდიელი პატერსონის ორ ჯარიმას მასის ლელოთი და ბერგამასკოს ჯარიმით უპასუხეს - 8:6. თამაშის განახლებიდან 15 წუთში, შოტლანდიელებმა 2 ლელო დადეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს, სულ ბოლოს, მონაგარს ჯარიმა შემატეს და 21:8 იმარჯვეს, რითაც ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ის კვლავ იტალიას “დაუთმეს”.

V ტური. 19 მარტი
შოტლანდია - იტალია 21:8
ირლანდია - ინგლისი 24:8
საფრანგეთი - უელსი 28:9
 

1   ინგლისი 5 4 0 1 132-81 8
2   საფრანგეთი 5 3 0 2 117-91 6
3 ირლანდია 5 3 0 2 93-81 6
4 უელსი 5 3 0 2 95-89 6
5 შოტლანდია 5 1 0 4 82-109 2
6 იტალია 5 1 0 4 70-138 2

 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095457