საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ ეროვნული გუნდი რუსეთთან თამაშისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა. სოჭში 15:9 მოგების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” უკვე მომავალ წელზე და თბილისში რუსეთთან გასამართ მატჩზე ფიქრობენ, თუმცა მანამდე, მსოფლიო თასი ელით და ეცდებიან, რომ იქ ერთი შეხვედრა მოიგონ, დანარჩენი კი, მოედანზე გამოჩნდება.
“მსოფლიო სპორტთან” საუბარში, 29 წლის ჩხაიძემ განვლილი შეხვედრის პერიპეტიები გაიხსენა.
გიორგი ჩხაიძე: რთული თამაში იყო და ძალიან გაგვიჭირდა, განსაკუთრებით საწყის 30 წუთში. ვცდილობდით ის თამაში გვეჩვენებინა, რაც მწვრთნელებმა გვთხოვეს, მაგრამ ამინდის და მოედნის გამო არაფერი გამოგვდიოდა. ბურთი სველი იყო და ბევრი შეცდომები გვქონდა. მერე მივხვდით, ამ მოედანზე რა თამაში იყო საჭირო და მეტოქე ფიზიკურად დავჯაბნეთ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსი მორაგბეები კარგად მომზადებულნი დაგვხვდნენ და დიდი ბრძოლა გაგვიმართეს.
- ანუ, რუსეთის ნაკრებს წინა წლებთან შედარებით მომატებული აქვს?
- მატჩამდეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენთან სათამაშოდ განსაკუთრებით ემზადებოდნენ და წინა შეხვედრები რუმინეთთან და პორტუგალიასთან ამიტომ წააგეს. მობილიზებულები იყვნენ და აგრესიული დაცვა ითამაშეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გატყდნენ.
- რა იყო გადამწყვეტი, რის ხარჯზე გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა?
- საქართველოს ნაკრების ბირთვს ლეგიონერები შეადგენენ, რომლებიც ძირითადად საფრანგეთის ჩემპიონატებში გამოვდივართ. იქ დონე რუსეთის ჩემპიონატისაზე გაცილებით დიდია, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, რუსეთთან მატჩებში მთელ სულსა და გულს ვდებთ და თავდაუზოგავად ვთამაშობთ. როგორც რუსები, ასევე ჩვენ, თითქმის მთელი წელი ურთიერთშეხვედრაზე ვფიქრობთ და ამ ერთი თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. გუშინ ვეთამაშეთ რუსებს, მოვიგეთ და უკვე დღეს ვიწყებთ ფიქრს მათთან ერთი წლის შემდეგ გასამართ შეხვედრაზე. მანამდე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ არც რუსეთის ნაკრები გვავიწყდება.
- როგორ შეაფასებთ მსაჯობას? რუსი მორაგბეები და ნაკრების ხელმძღვანელობა ფრანგ რეფერიზე ნაწყენები არიან. ამბობენ, ტექნიკური ლელო არ უნდა ჩაეთვალა, ჩვენი მარცხი ამან განაპირობაო...
- როგორც ჩანს, რუსებმა არ იციან, რომ 5-მეტრა შერკინებაში დამცველი გუნდის შერკინება ზედიზედ სამჯერ თუ დაჯარიმდება, ტექნიკური ლელო ითვლება. ფრანგმა რეფერიმ ლელო აბსოლუტურად კანონზომიერად ჩათვალა. თუ მსაჯობაზე მიდგა საქმე, რეფერი რუსებს უფრო აძლევდა უპირატესობას, ვიდრე ჩვენ. გვითხრა კიდევაც ფრანგულად - “თქვენ შერკინებაში ძალიან ძლიერები ხართ და არ გამოვა რუსები ძალიან რომ დავჩაგროო” და რიგ ეპიზოდებში მათ დანაშაულზე თვალს ხუჭავდა. ბევრჯერ შეეძლო მეტოქის რაქში დაჯარიმება. იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენს მხარეს ვარდებოდნენ და დროულად არ გადიოდნენ, მაგრამ ამაზეც თვალს ხუჭავდა. მსაჯის გამო ნამდვილად არ წაუგიათ.
- სტადიონზე ძალიან ბევრი ქართველი მოვიდა...
- სიმართლე გითხრათ, ამდენს ნამდვილად არ ველოდი, მაინც რუსეთში ვთამაშობდით. კრასნოიარსკში, თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენთან ქართველები მოვიდნენ და ალალად გვითხრეს, აქტიურად მხარს იმიტომ ვერ გიჭერდით, რომ მერე პრობლემები შეგვექმნებოდაო. სოჭში სულ სხვა სიტუაცია იყო. ქართველები სტადიონზე მრავლად მოვიდნენ და საკმარისზე მეტი იაქტიურეს. სათითაოდ ყველა მათგანს მინდა პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მათი თანადგომა ძლიერ დაგვეხმარა. კარგია, რომ გულშემატკივარი აეროპორტშიც დაგხვდა. მსგავსი ქმედებები ჩვენზე დადებითად მოქმედებს.
- როგორ შეაფასებთ განვლილ “ერთა თასს”?
- თუ არ ჩავთვლით უკრაინასთან და ესპანეთთან დიდი ანგარიშებით მოგებულ შეხვედრებს, დანარჩენ სამ თამაშში ძალიან გაგვიჭირდა. მეგონა, რომ პორტუგალიას, რუმინეთს და რუსეთს უფრო დიდი სხვაობით მოვუგებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. მწვრთნელები ახალი სტილით თამაშს გვთავაზობენ, ნელ-ნელა დავიხვეწებით და იმედია, მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება.
- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო თასისთვის თამაში დაიხვეწება და იქ უკეთესი შედეგი გვექნება?
- წინასწარ საუბარი არ მიყვარს და ნებისმიერ მეტოქესთან თამაშის წინ, არასდროს ვამბობ, რომ მას აუცილებლად მოვუგებთ. ახალ ზელანდიაში ჩვენი მიზანი ერთი თამაშის აუცილებლად მოგებაა და დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
- მომავალ სეზონში სად ითამაშებთ?
- გადაწყვეტილია, რომ “მონპელიეში” აღარ დავრჩები, მაგრამ სად გავაგრძელებ კარიერას, ეს ჯერ არ ვიცი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია