საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს და ივნისის პირველ რიცხებში, მსოფლიო თასის ალაფაზე მოუწევს თამაში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. ასეთი მასშტაბური ტურნირი საქართველოში აქამდე არ ჩატარებული და პატარა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი, პაატა ნარიმანაშვილი დარწმუნებულია, რომ სტადიონზე მისული მაყურებელი მისი შეგირდების მიერ ნაჩვენები თამაშით გაოცებული დარჩება.
მსოფლიო თასის ალაფაზე რვა გუნდი თამაშობს. ისინი ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში თასისთვის და ელიტაში მოსახვედრი ერთი საგზურისთვის იბრძვიან, თუმცა, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება და შესაბამისად, თითოეულ გუნდს ოთხი შეხვედრის გამართვა უწევს. ელიტაში მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრები თამაშობს და საქართველოს მიზანიც, გაისად მათ შორის მოხვედრაა. ჯგუფურ ეტაპზე “ბორჯღალოსნების” მეტოქეები იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებები არიან, ხოლო მეორე ჯგუფში სამოა, რუსეთი, აშშ და ურუგვაი ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის ალაფაზე თამაშის უფლება გასულ წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დამაჯერებლად მოგებით მიიღო. ახლა, ნარიმანაშვილი გუნდს მომავალი ტურნირისთვის ამზადებს და ამხანაგური შეხვედრებიც ჩაატარა. მზადების დასკვნითი ეტაპი აპრილში გაიმართება, როდესაც თბილისს ფრანგული “კლერმონის” 21-წლამდელთა გუნდი ეწვევა და ქართველ 20-წლამდელებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. “მსოფლიო სპორტი” პაატა ნარიმანაშვილს გუნდის მზადებაზე და მიზნებზე ესაუბრა.
პაატა ნარიმანაშვილი: “ლეგიონერების გარეშე, ეტაპობრივად შეკრებებს გავდივართ და ამხანაგურ შეხვედრებსაც ვმართავთ. ვეთამაშეთ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს, “ყოჩებს” და “აკადემიას”. აპრილის ბოლოს, სავარჯიშო პროცესის დასასრულს, თბილისში “კლერმონის” 21-წლამდელთა გუნდი გვეწვევა და 25-ში და 29-ში მათთან ორ შეხვედრას გავმართავთ. 10 მაისიდან, 30-კაციანი ჯგუფი საბოლოოდ შეიკრიბება და შეირჩევა ის 26 მორაგბე, რომლებიც მსოფლიო თასზე ითამაშებენ.
- ამ ეტაპზე ძირითადად რაზე აკეთებთ აქცენტს?
- აქამდე ფიზიკურ მომზადებაზე და გამძლეობაზე გვქონდა ყურადღება გამახვილებული. ახლა, ნელ-ნელა გუნდს ტაქტიკურ მომზადებაზე გადავიყვანთ და ძირითად ყურადღებას მთლიანად სარაგბო მიმართულებებზე გავაკეთებთ, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით.
- გუნდის დღევანდელი მდგომარეობით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- რაც მთავარია, საქართველოს რაგბის კავშირმა იდეალური მოსამზადებელი პირობები შეგვიქმნა და ჩვენც დღითიდღე ვიზრდებით. შარშანდელთან შედარებაც არაა. გასულ წელს ხშირად სავარჯიშო მოედნის პრობლემა გვქონდა და საქართველოს მასშტაბით გადაადგილება გვიწევდა, ახლა კი, “შევარდენის” საწვრთნელ ბაზაზე ვვარჯიშობთ და არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს.
- მომავალ მეტოქეებზე რას გვეტყვით? ჯგუფში კანადა, ზიმბაბვე და იაპონია შეგვხვდა.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. როგორც ჩვენ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, ასევე, მათ თავიანთი რეგიონის პირველობები მოიგეს და ღირსეული მოწინააღმდეგეები არიან. ვიცით აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ურუგვაის, რუსეთის შესაძლებლობები, მაგრამ სამოა ყველასგან გამორჩეული გუნდია. იმედი გვაქვს, რომ მათ ფინალში შევხდებით, იქ კი, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
- მანამდე ჯგუფურ ეტაპზე მოგვიწევს მოწინააღმდეგეთა წინაღობის დაძლევა.
- ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და გვწამს, რომ ამ ტურნირზე ყველა თამაშს მოვიგებთ. სხვანაირად ელიტარულ თორმეტ გუნდში ვერ აღვზევდებით.
- ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, სადაც ყველა შეხვედრა უდიდესი უპირატესობით მოიგეთ, თქვით, რომ თქვენმა შეგირდებმა გაგაოცეს. ახლაც გაოცებულები დავრჩებით?
- გაგვაოცებენ, მხოლოდ ისევ ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია - მსოფლიოს თორმეტ საუკეთესო გუნდში მოხვედრა, ამისათვის კი, ტურნირის მოგება გვმართებს და მიზნის მისაღწევად ძალებს არ დავიშურებთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია