ამბები

11:54 | 23.03.2011 | ნანახია 7063 - ჯერ

საქართველო ბრიტანულ არმიას შეუტევს

დღეს საღამოს, თხუთმეტი ქართველი მორაგბე, გლოსტერში, Kingsholm Stadium-ზე, ბრიტანეთის არმიის მორაგბეთა გუნდის წინაშე წარსდგება და ძლიერ მეტოქესთან ქართული რაგბის სახელის დაცვას ეცდება.
ინგლისში საქართველოს A ნაკრებს უნდა ეთამაშა, რომელიც ორი წლის წინათ დაარსდა და პოლონეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდები დაამარცხა, გასულ წელს კი, შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაიარა. ლევან მაისაშვილს წელს შეგირდები ინგლისში უნდა წაეყვანა, მაგრამ რადგან სასურველი მოთამაშეების შეგროვება ვერ მოხერხდა, გუნდმა “მომავლის საქართველო” (Emergin Lelos) დაირქვა და ბრიტანეთშიც ამ სახელით ითამაშებს. ასეთი რამ ძლიერ სარაგბო ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია და მათ რიცხვს ახლა უკვე საქართველოც შეუერთდა. თუმცა, მაისაშვილმა ბრიტანეთში რამდენიმე ისეთი მორაგბეც იახლა, რომელთაც ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაუცავთ და მათ საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ წარმოჩინების შანსი ეძლევათ.
Kingsholm Stadium-ი, სადაც “მომავლის საქართველოსა” და ინგლისის არმიის გუნდის შეხვედრა უნდა გაიმართოს, ნამდვილი სარაგბო მექაა. ის 1891 წელს დაარსდა, ამჟამად 16 500 მაყურებელს იტევს და იქ ინგლისური გრანდი - “გლოსტერი” ატარებს საშინაო შეხვედრებს. ამ სტადიონზე ორი საერთაშორისო დონის შეხვედრაც ჩატარებულა. პირველი, შორეულ 1900 წელს, ინგლისმა უელსს უმასპინძლა და 13:3 დაამარცხა, ხოლო მეორე 1991 წლის მსოფლიო თასის მატჩი იყო და ახალმა ზელანდიამ აშშ-ს 46:6 სძლია.
ბრიტანეთის არმიის გუნდში ფიჯელი და ტონგელი ლეგიონერები თამაშობენ. ასე რომ, ქართველთა დღევანდელი მეტოქე სერიოზულ ძალას წარმოადგენს და ამ დაპირისპირებასაც მოუთმენლად ელიან. მათ უკვე ექვსი წელია, რაც საერთაშორისო შეხვედრა არ ჩაუტარებიათ და განსაკუთრებით ის ფაქტი სიამოვნებთ, რომ მათი მომავალი მეტოქე მსოფლიო თასზე გასულ ქვეყანას წარმოადგენს და IRB-ს რეიტინგში მაღალი ადგილი უკავია. ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ენდი სანგერმა ქართველთა დასახვედრად უძლიერესი შემადგენლობა დარაზმა და ტრიბუნების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.   
“ვიმედოვნებ, რომ ტრიბუნები პირთამდე შეივსება და სტადიონზე მატჩისთვის შესაფერისი ატმოსფერო იქნება. თამაში სერიოზულ მეტოქესთან გველის და მას მოუთმენლად ველით. საქართველო მსოფლიო რაგბიში მიღებული ქვეყანაა და მოცემულ მომენტში რეიტინგში ტონგას, აშშ-ს და კანადას ჯობნის. სამწუხაროდ, რამდენიმე ჩვენი მორაგბე ამჟამად ავღანეთში მსახურობს, თუმცა, ცოტა ხნის წინ, იქიდან შევსებაც მივიღეთ და ვეცდებით, რომ ქართველების წინააღმდეგ შეძლებისდაგვარად უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშოთ” - თქვა სანგერმა.
“მომავლის საქართველო” ინგლისში 19 მარტს, გამთენიისას გაემგზავრა და ქალაქ ჩელტენჰემთან მდებარე ჰართპულის კოლეჯის ბაზაზე დაბინავდა. გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად სოჭში მობურთალი ვიტო კოლელიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და ჯაბა ბრეგვაძე. კლუბში თამაშის შემდეგ, ინგლისში ჩასვლა დაუგვიანდა კარლენ ასეიშვილსაც. თამაში ადგილობრივი დროით, 19:45 საათზე იწყება და ბილეთის ფასი 3-10 გირვანქაა. მატჩის შემდეგ, ქართველი მორაგბეები ვარჯიშს განაგრძობენ და 28 მარტს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებს “იფლეი როადზე” გაეჯიბრებიან.

საქართველო XV: გელა შალამბერიძე (“აია”, ქუთაისი), ლაშა აზალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), კარლენ ასეიშვილი (“ორტეზი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი), რეზო ბელქანია (“ლასეინი”, საფრანგეთი), გიორგი მენაბდიშვილი (“გრენობლი”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ელიზბარ ყუფარაძე (“მონლუსონი”, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (“ბეზიე”, საფრანგეთი), ბაჩუკი გუჯარაიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), სანდრო ნიჟარაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), გოდერძი ჯოგლიძე (“ლელო”, თბილისი), გიგა კორკელია (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), დავით დაუშვილი (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
მენეჯერი: დავით ჯალაღონია
ექიმები: რევაზ ჭუმბურიძე, შაჰინ აივაზოვი
ვიდეო ანალიტიკოსი: დავით რამიშვილი
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120258