ამბები

3:20 | 24.03.2011 | ნანახია 9361 - ჯერ

კაპიტულაცია – ბრიტანული არმიის აწმყო “მომავლის საქართველოს” დანებდა

“მომავლის საქართველოდ” წოდებულმა საქართველოს სარაგბო ნაკრებმა, გლოსტერის “კინგსჰოლმ სთედიუმზე” პირველი ტესტ-მატჩი გამართა და ბრიტანეთის არმიის საკმაოდ ძლიერი გუნდი 30:17 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ინგლისში საქართველოს A ნაკრები უნდა წასულიყო, თუმცა, რადგანაც სასურველი შემადგენლობის შეკრება ვერ ხერხდებოდა, გარკვეულწილად ექსპერიმენტული გუნდი შედგა, რომელსაც Emerging Lelos დაერქვა.
ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა, გუნდს სოჭში რუსეთთან მატჩის მონაწილე ვიტო კოლელიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და ჯაბა ბრეგვაძეც დაამატა და სასურველი შედეგი პირველივე შეხვედრაში მიიღო.
ბრიტანელ არმიელებთან მატჩის პირველი ტაიმი ქართველებმა 20:0 მოიგეს და მართალია, მე-2 ტაიმში მასპინძლები გამოცოცხლდნენ, სტუმრებს საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
საქართველოს ნაკრებმა 4 ლელო მიითვალა, რომლებიც კარლენ ასეიშვილის (2), გიორგი შკინინისა და ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშზეა. ირაკლი ყიასაშვილმა 2 მათგანი გარდასახა და 2 საჯარიმოც გაიტანა, რამაც ჯამში 30 ქულა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთათვის, ეს წლეულს პირველი მარცხი გახლდათ. იანვარში, ბრიტანეთის არმიის ნაკრებმა კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი 34:8 დაამარცხა, თებერვალში კი ჯერ ოქსფორდელ სტუდენტებს სძლია (24:8), შემდეგ კი – “უორჩესტერ უორიორსს” (24:5).
მაისაშვილის შეგირდებს მომდევნო მატჩი სწორედ ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდთან ელით. ეს შეხვედრა 28 მარტს, თბილისის დროით 23:15 საათზე, “აიფლი როუდზე” შედგება, მისი ოფიციალური სპონსორი კი საქვეყნოდ ცნობილი კომპანია BP იქნება.

ბრიტანეთის არმია – საქართველო XV 17:30 (0:20)
0:5 ასეიშვილი (6), 0:10 შკინინი (22), 0:12 ყიასაშვილი (22), 0:17 ასეიშვილი (29), 0:20 ყიასაშვილი (40); 0:23 ყიასაშვილი (47), 5:23 ნაკავამუტუ (59), 10:23 პრასადი (67), 10:28 ბრეგვაძე (79), 10:30 ყიასაშვილი (79), 15:30 დელიეტამანი (80), 17:30 მარტინი (80).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074218