ამბები

11:50 | 28.03.2011 | ნანახია 3404 - ჯერ

არმიის შემდეგ, სტუდენტების ჯერია

“მომავლის საქართველოდ” წოდებული საქართველოს სარაგბო ნაკრები, რომელიც ინგლისურ ტურნეზე იმყოფება, დღეს მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს - ბრიტანული არმიის გუნდის განადგურების შემდეგ, ოქსფორის უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში შეკრებაზე საქართველოს A ნაკრები უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ლევან მაისაშვილმა ყველა სასურველი მორაგბის გამოძახება ვერ მოახერხა. ნაწილი ფრანგულმა კლუბებმა არ გაათავისუფლეს, ნაწილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, თბილისში გასამართი მსოფლიო თასის “ალაფისთვის” ემზადება და ამიტომ, ბრიტანეთში ქვეყნის მესამე გუნდი გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, ინგლისელები თავისას არ იშლიან და ქართველ მორაგბეებს საქართველოს ეროვნულ გუნდად მოიხსენიებენ. მათ სწამთ, რომ ბრიტანული არმიის გუნდი იმ ნაკრებმა დაამარცხა, რომელსაც ინგლისის ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე უნდა ეთამაშოს და ახლა “ბორჯღალოსნები” ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს ხვდებიან...
როგორც ჩანს, ბრიტანელები არავინ გააფრთხილა, რომ მათთან სტუმრად საქართველოს მესამე ნაკრები ჩავიდა და “არმიელებიც” სწორედ მათ დაიფრინეს, ახლა კი, საკუთარ ძალას სტუდენტებთან მოსინჯავენ. არმიასთან ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 20:0 მოიგეს, ჯამში კი 30:17 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში ორი ლელო პირველხაზელმა კარლენ ასეიშვილმა გაიტანა, ერთი უკანახაზელმა ირაკლი ჩხიკვაძემ (და არა გიორგი შკინინმა, როგორც თავდაპირველად ინგლისური პრესა იტყობინებოდა), სულ ბოლოს კი, თავი პირველხაზელმა ჯაბა ბრეგვაძემ გამოიჩინა. ამას ირაკლი ყიასაშვილმა ორ-ორი რეალიზაცია და ჯარიმა დაურთო.
28 მარტის შეხვედრა, Iffley Road-ზე ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დაიწყება და მისი სპონსორი BP იქნება. ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდში, ყველაზე გამორჩეული მორაგბე, კანადის ეროვნული ნაკრების წევრი, საკუთარი ქვეყნის მაისურით 21 შეხვედრის ჩამტარებელი სტენ მაკკენია. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმატებით ითამაშებს, ნაკრების ხელმძღვანელობას საკუთარ შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დაანახებს და ეროვნულ გუნდთან ერთად, ახალ ზელანდიაში - მსოფლიო თასზე გაემგზავრება.
“ყველა თამაში იმისათვის უნდა გამოვიყენო, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას თავი მოვაწონო. ამ მხრივ საქართველოსთან დაპრისპირება მეტად მნიშვნელოვანია. კანადის ნაკრები მასთან გასული წლის ნოემბერში დამარცხდა. რაც ვნახე და რაც მსმენია, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი, ძალიან კარგი გუნდია და მათთან საინტერესო შეხვედრა გვექნება” - თქვა მაკკენიმ.
საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებით გახარებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის გენერალური დირექტორი ტიმ სტივენსი: “იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც მსოფლიო თასზე მონაწილეობს და იქ ინგლისს დაუპირისპირდება, ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენს მორაგბეებს ძლიერ საქართველოსთან თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება”.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083034