საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის XXII ტურის დასკვნით შეხვედრაში, “მონპელიემ” “სტად ფრანსეს” წინააღმდეგობა ქართველი ლეგიონერების აქტიურობის ხარჯზე დასძლია და გიორგი ჟღენტის ლელომ ის საჩემპიონო ექვსეულში დააბრუნა.
რეგულარული პირველობის დასრულებამდე, სულ რაღაც ოთხი ტურიღა რჩება და საკეთესო ექვსეულში მოხვედრისთვის ბრძოლა უფრო და უფრო რთულდება. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო ფლეი ოფში ექვსი გუნდი ჩაებმება. პირველ-მეორე ადგილოსანი პირველი ეტაპისგან თავისუფალია, ისვენებს და მომავალ მეტოქეს ელოდება. მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს საკუთარ მოედანზე ერთმატჩიან დუელს გაუმართავს და ნახევარფინალისტებიც დაწყვილდებიან.
საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ცხრა გუნდი იბრძვის, რომელთაგან ოთხი ქართველი ლეგიონერების კლუბებია. “კლერმონმა”, “კასტრმა” და “ტულონმა”, XXII ტურის შეხვედრები პარასკევს და შაბათს მოილიეს. კვირას გამართულ შეხვედრაში კი, ყველაზე ქართული ფრანგული კლუბი 11708 მაყურებლის წინაშე “სტად ფრანსეს” დაუხვდა, რომლსაც ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად უცილობლად გამარჯვება სჭირდებოდა.
თამაში თავსხმა წვიმაში წარიმართა და ამან მატჩის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო. მორაგბეებს ბურთი ხშირად უცურავდათ, ხშირი იყო შეცდომები და ტრავმები და სტუმრებმა შესაბამისი ტაქტიკის წყალობით, საწყისი 60 წუთი ლიდერის რანგში გაატარეს. მაგრამ “მონპელიეს” მონდომებამ და დასკვნით ოც წუთში გამოვლენილმა გამარჯვებისადმი ლტოლვამ, ამ გუნდს საბოლოოდ ოთხი ქულა მოუტანა. “სტად ფრანსე” ბურთს ფეხით მეტოქის ზურგს უკან ხშირად ჰკიდებდა და წარმატების მიღწევას იქ ცდილობდა. სტუმრებს თამაშის გახსნა არ სურდათ და ერთი პერიოდი ის “პინგ-პონგს” დაემსგავსა.
ანგარიში მე-6 წუთზე, მასპინძლებმა გახსნეს, როდესაც ჯარიმა ზუსტად შეასრულეს, მაგრამ 25-ე წუთამდე თავად სამჯერ დაჯარიმდნენ და 3:9 ჩამორჩნენ. მიუხედავად ამისა, ფორვარდების კარგი თამაშის წყალობით, “მონპელიემ” მეტოქეს რაქში წესების დარღვევა ორჯერ აიძულა და 37-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სულ ბოლოს, “სტად ფრანსეს” კარგი შეტევა ვეღარ მოიგერია და ჯეიმს ჰესკელმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო და “სტად ფრანსემ” ტაიმი 14:9 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 52-ე წუთზე კი, ბუქსისმა არეკნი შეასრულა და “სტად ფრანსე” 20:12 დაწინაურდა. ამის შემდეგ, მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 62-ე წუთზე სტუმრები მოედანზე ათი წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან რეფერიმ პაპე ბევრჯერ დაჯარიმებისთვის გაასინბინა. “მონპელიემ” რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა, მეტოქის 22-ში დასახლდა, მას ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და ზედიზედ ჯარიმებისთვის საჯარიმო ლელოთი დაჯილდოვდა, რეალიზაციის შემდეგ კი სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 69-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გრანტ რისმა მეტოქის ხაზი გაჭრა, შეტევა თითქოს შეჩერდა, მაგრამ ბურთი მამუკა გორგოძემ აიტაცა და წინ წაიწია, მას გიორგი ჟღენტი წაეშველა, “სტად ფრანსეს” დაცვის ბოლო ზღუდეს თავდაუზოგავად ეკვეთა და მეტოქის ჩათვლის მოედანში მეტოქეებიან ბურთიანად შევიდა. “მონპელიე” დაწინაურდა, რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა, ათწუთიანი სასჯელის ვადის ამოწურვამდე კი, მათ ჯარიმაც გაიტანეს და ანგარიში 29:20 გახდა. “სტად ფრანსემ” ისღა მოახერხა, რომ ჩამორჩენა ჯარიმით ექვს ქულამდე დაიყვანა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა, “მონპელიე” კი, 29:23 მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილამდე აღზევდა.
პირველხაზელი ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 76-ე წუთზე, ასევე პირველხაზელმა გოდერძი შველიძემ შეცვალა. შერკინების მესამე ხაზში სრულად გაისარჯა გორგოძე, ხოლო გიორგი ჩხაიძე განაცხადში ვერ მოხვდა. მომდევნო ტურში, 2 აპრილს, “მონპელიე” აუტსაიდერს, უკვე დაქვეითებულ “ბურგონს” სტუმრად ეთამაშება და ბუნებრივია, გამარჯვებას გეგმავს. ამავე დღეს, “დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”, რომელიც Top 14-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, უშუალო კონკურენტ “ლა როშელს” უმასპინძლებს. ბექა შეყლაშვილის “აჟენი” აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” მასპინძლობს, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” “ბიარიცს” დაუხვდება, ხოლო დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” “სტად ფრანსეს” უმასპინძლებს.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 69, 2. რასინგ მეტრო - 68, 3. კასტრი - 63, 4. ბიარიცი - 62, 5. მონპელიე - 61, 6. პერპინიანი - 58, 7. კლერმონი - 58, 8. ტულონი - 56, 9. ბაიონი - 54, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 38, 12. ბრივი - 37, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგონი - 5.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია