ამბები

16:59 | 1.04.2011 | ნანახია 3051 - ჯერ

დიდი რაგბი თასით ბრუნდება

არდადეგებითა თუ სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული ხუთთვიანი შესვენების შემდეგ, შაბათ-კვირას, საქართველოს  თხუთმეტკაცა რაგბი ქვეყნის თასის გათამაშების 1/4-ფინალური შეხვედრებით უბრუნდება. გასულ უქმეებზე ქართული კლუბები საქმეში უკვე ჩაერთვნენ და შვიდკაცა რაგბიში პირველი ეტაპი მოილიეს, მაგრამ თხუთმეტკაცა რაგბი მისგან რომ ძლიერ განსხვავდება, ყველასათვის ცნობილია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ერთგვარი მოთელვა იყო, ნამდვილი ბურთაობა ქართული რაგბის მოყვარულებს ახლაღა დაუბრუნდებათ. უწინარესად, უმაღლესი ლიგის გუნდები საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპს მოილევენ და საჩემპიონო მარათონს მერეღა შეუყვებიან, პირველი ლიგის რვა წარმომადგენელი კი, უძლიერესთა შორის ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას კვრიდან შეუდგება.
როგორც წესი, საქართველოს თასის გათამაშებაში უმაღლესი და პირველი ლიგის თექვსმეტივე კლუბი იღებდა ხოლმე მონაწილეობას, მაგრამ რადგან წელს მსოფლიო თასი იმართება, მანამდე კი, თბილისმა მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფას უნდა უმასპინძლოს, სათასო განრიგი პირველლიგელების მოხსნის ხარჯზე შემცირდა და თასისთვის ბრძოლის უფლება მხოლოდ რვა უმაღლესლიგელმა მიიღო. ამ უფლებით ყველამ როდი ისარგებლა, თბილისის “არმაზმა” იქ თამაშზე უარი განაცხადა, რაგბის კავშირმაც თავი აღარ აიტკივა და არმაზელთა მეწყვილე, თასის მფლობელი თბილისის “ლელო” ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა.
დანარჩენი სამი შეხვედრა შაბათს, ორ აპრილს გაიმართება და სამივე 16:00 საათზე დაიწყება. 1/4-ფინალურ ეტაპზე, ტრადიციისამებრ თითო მატჩი იმართება და ორი - თბილისში, ერთი კი ვანში ჩატარდება. ვანში ქუთაისის “აია” რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს. ეს თამაში ვანში ერთი მარტივი მიზეზის გამო იმართება. მიუხედავად დიდი სარაგბო აჟიოტაჟისა, ქუთაისში სარაგბო მოედანი არაა და “აიაც” იძულებულია საშინაო მატჩები მეზობელ ვანში ჩაატაროს.
გასული ჩემპიონატის პირველი ნაწილი ქუთაისელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ მეორე წრეში მათმა შედეგიანობამ იკლო. მართალია, “აიამ” საჩემპიონო ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ იქ ვეღარ ივარგა. რუსთაველებმა პირიქით, გასული წელი ცუდად დაიწყეს, მაგრამ ბოლოს მობილიზება მოახერხეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდნენ. შარშანდელ ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობა დაფიქსირდა. ვანში ქუთაისელებმა 27:0 იმარჯვეს, თუმცა, მეორე წრეში “ხარებმა” რუსთავში რევანში აიღეს - 16:12. ქუთაისელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ წელს “აია” საჩემპიონო გუნდი იქნება და მათი რეალური ძალა პირველსავე შეხვედრაში გამოჩნდება. “ხარები” ზაფხულში მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, ამბიციის ნაკლებობას არ უჩივიან და თამაშიც საინტერესო უნდა გამოვიდეს.
საქართველოს ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი”, უძლიერესთა შორის აღზევებულ და შემდგომში სახეცვლილ “არმიას” ავჭალაში დაუპირისპირდება. “ლოკომოტივმა” გასულ წელს ჩემპიონის სახელი დაიბრუნა და წელს მიზნად დუბლის გახერხება აქვს დასახული. გასულ წელს გორის თსუ-“ლომებმა” პირველი ლიგა უპრობლემოდ მოიგო, მაგრამ წელს მათი პატრონობა თავდაცვის სამინისტრომ ითავა, გუნდს სახელი გადაერქვა და “არმია” ეწოდა, მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ახლა უკვე თავის გამოჩენა უძლიერესთა შორისაც სწადია. ეს თამაში ახლადგარემონტებულ “ავჭალის” სტადიონზე პირველი იქნება და ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება.
“შევარდენის” სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიანი მოედანი უმასპინძლებს კიდევ ერთ სათასო შეხვედრას. თბილისურ დერბიში “ყოჩები” “აკადემიას” ეთამაშება. გასულ ჩემპიონატში “ყოჩებმა” მიზანს ვერ უწია, ვერც ქვეყნის ჩემპიონის სახელი მოიხვეჭა და ვერც თასს დაეუფლა, რის გამოც გარკვეული პრობლემები შეექმნა. რამდენად სერიოზულია ეს პრობლემები, პირველივე შეხვედრაში გამოჩნდება. შარშანდელი ჩემპიონატის პირველ წრეში, “აკადემია” მეტოქესთან 8:25 დამარცხდა, მეორე წრეში კი ფრედ 16:16 ეთამაშა და ახლა გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ამ წყვილებს შორის გამარჯვებული სამეული ნახევარფინალში “ლელოს” შეუერთდება. ნახევარფინალში ორ-ორი შეხვედრა იმართება და ისინი ოცდახუთ ივნისსა და ორ ივლისსაა დანიშნული, ფინალური ჯახი კი პაპანაქება სიცხეში, 9 ივლისს გაიმართება.

საქართველოს თასის 2011 წლის გათამაშება.
2 აპრილი. 1/4-ფინალი. (იმართება ერთი მატჩი)

 

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
 

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი)
 

ვანი. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი)
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078961