ამბები

20:04 | 2.04.2011 | ნანახია 3866 - ჯერ

“არმიამ” ჩემპიონი შეაჩერა

მორაგბეთა  შორის საქართველოს თასის გათამაშების 1/4-ფინალში, დებიუტანტმა თბილისის “არმიამ”, ქვეყნის ჩემპიონი, თანაქალაქელი “ლოკომოტივი” 11:9 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
“არმია” ქართულ სარაგბო სამყაროში პირველად გამოჩნდა. ეს გუნდი თსუ-“ლომების” ბაზაზე შეიქმნა, რომელმაც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა მოიგო და უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მოიპოვა. წლეულს მისი პატრონობა თავდაცვის სამინისტრომ ითავა, გუნდს სახელი შეუცვალა, შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალა და აგერ პირველი სენსაციაც გაახერხა. სენსაცია იმიტომ, რომ თავად გუნდი დებიუტანტია, თორემ მის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იქ ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი თამაშობს: რუმინეთიდან დაბრუნებული ირაკლი ნატრიაშვილი და ბიძინა სამხარაძე, გასულ წელს “ყოჩების” პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე... ამას დაუმატეთ სხვა კლუბებიდან არმიელთა რიგებში გადასული მორაგბეები, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშის ნაკლებობას არ უჩივიან და ეს გუნდი დებიუტანტი კი არა, უფრო საჩემპიონო ამბიციების მქონედ მოგეჩვენებათ.
“არმიისა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება ბევრი რამით იყო ღირსშესანიშნავი. გარდა იმისა, რომ მოედანზე ეროვნული გუნდის რამდენიმე წევრს უნდა ეთამაშა, “ავჭალის” გარემონტებული სტადიონი პირველ ოფიციალურ შეხვედრას მასპინძლობდა. თამაშისადმი ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ გულშემატკივარი ხელოვნური მოედნის გაყოლებაზე არსებულმა ტრიბუნებმა ვერ დაიტია და მაყურებელს ბურთაობის ცქერა შორიდან, ან ფეხზე დამდგარს მოუხდა. გულშემატკივართა სრული უმრავლესობა “არმიას” ქომაგობდა და ისინი მთელი მატჩის განმავლობაში სხვადასხვა საკრავებითა და შეძახილებით ამხნევებდნენ მორაგბეებს. მოკლედ, ატმოსფერო სუფთა სარაგბო იყო და დაძაბულობა არც მატჩს აკლდა.
გუნდებს აშკარად ეტყობოდათ, რომ სეზონთაშორის შესვენების შემდეგ შეუთამაშებლები იყვნენ. სწორედ ამის ბრალი უნდა იყოს “ლოკომოტივის” მარცხი, რომელიც მთლიანობაში მეტოქეს კი ჯაბნიდა, მაგრამ საკუთარი შეცდომების გამო დაისაჯა. ხშირ შემთხვევაში, შეტევაში გადაცემები არაზუსტად კეთდებოდა, ხან მორაგბეებს ბურთის დამორჩილება უჭირდათ, “არმიამ” კი, მეტოქე ინდივიდულურად უკეთ თამაშის ხარჯზე დაჯაბნა. არმიელთა რიგებში, სიურპრიზი იყო ჯაბა ბრეგვაძის შერკინების მესამე ხაზში რვა ნომერზე თამაში. როგორც წესი, ის თავის ყოფილ კლუბში და ეროვნულ გუნდში, შერკინების პირველ ხაზში ორ ნომერზე თამაშობდა.
შეხვედრა “არმიელთა” შეტევებით დაიწყო, მაგრამ კობახიძე გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს, შემდეგ ბაირამაშვილმა დაახლოებით 40 მეტრიდან არეკნი სცადა, მაგრამ ბურთი ვერ აწია. ნელ-ნელა “ლოკომოტივი” მეტოქის ნახევარზე გადავიდა, მე-7 წუთზე, არეკნი უკვე ბობა კვინიხიძემ დაჰკრა და დაახლოებით 35 მეტრიდან ანგარიში გახსნა. “არმია” მოკლე დარტყმებით ცდილობდა ფონს გასვლას და ლელოს გატანას, “ლოკომოტივმა” მათი მრავალფაზიანი იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა, ბაირამაშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და ფეხით მარჯვენა ფლანგზე, მეტოქის ჩათვლის მოედანში გადაკიდა, სადაც ის კობახიძეს უნდა დაეჭირა, მაგრამ წინ დაუცურდა და ლელოს გატანა ვერ მოახერხა.
მე-14 წუთზე, კვინიხიძემ თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა, მეტოქე რაქში დაჯარიმდა და ბობამაც დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა. ხუთიოდე წუთში, ჯარიმის შესრულების უფლება “არმიამ” მიიღო და კობახიძემ კარის გასწვრივ 40 მეტრიდან გაიტანა. მალე “ლოკომოტივმა” შეცდომა დაუშვა, შერკინებიდან ბურთი ხეირიანად ვერ გაიტანა, მჭედლიძემ მას ფეხი წაკრა და მიჰყვა, მაგრამ ვერ აიღო, ახლა ნადარეიშვილმა ითამაშა ფეხით, თუმცა, მასაც მცველებმა დაასწრეს და “არმიამ” ხეირად მხოლოდ 5-მეტრა შერკინება მიიღო. შერკინებას ჯარიმა მოყვა, კობახიძემ კარის გასწვრივ ათიოდე მეტრიდან დაჰკრა და ანგარიში გაათანაბრა.
ნახევარი საათის თავზე, სალელოვე შანსი “ლოკომოტივს” მიეცა. მათ მეტოქის 22-მდე ისე მიაღწიეს, რომ ბურთი არ დაკარგეს, მაგრამ ბოლო გადაცემა ბერიშვილმა ვერ მიიღო, არადა, მის წინ თავისუფალი სივრცე იყო. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს უშეცდომოდ “არმიამ” ითამაშა. მისი იერიში კვლავ მეტოქის შეცდომას მოყვა, ამჯერად, “ლოკომოტივმა” ბურთი საკუთარ 22-ში დაკარგა, არმიელებმა ის მარცხნივ ჩაათამაშეს, ხარაზიშვილმა ცუდი გადაცემა გააკეთა და თითქოს სიმწვავე დაიკარგა, მაგრამ კობახიძემ ბოლომდე იბრძოლა და ბურთი შეინარჩუნა, სამხარაძემ ის რაქიდან გამოიტანა, ბრეგვაძეს მეტოქისთვის დაფარულად აუგდო და ამ უკანასკნელმაც დაცვის ხაზი იოლად გაჭრა - 6:11. კობახიძეს იოლად გასატანი რეალიზაცია გაუფუჭდა და ტაიმიც მალევე დასრულდა.
მეორე ნახევარში მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. “ლოკომოტივმა” მეტოქე ფიზიკურად დაჯაბნა და “არმიას” მოწინააღმდეგის იერიშების შეჩერება დიდ ენერგიად უჯდებოდა, მაგრამ ჩემპიონი კვლავ თავისი შეცდომების გამო ვერ ხეირობდა. 55-ე წუთზე, “ლოკომოტივი” თავისი შეტევისას, ბლოკისთვის დაჯარიმდა, მაგრამ ბაირამაშვილს 45 მეტრიდან დარტყმული გაუფუჭდა, ნელ-ნელა სიტუაცია დაიძაბა და რამდენჯერმე მოედანზე ჩხუბი ატყდა. 67-ე წუთი მიდიოდა, როდესაც “ლოკომოტივმა” ძალაში უპირატესობა ქულებში გარდასახა. მათ აუტი მოიგეს, მოლით კარგად მიაწვნენ და ათიოდე მეტრი წაიწიეს, ამას არმიელების დაჯარიმება მოჰყვა და კვინიხიძემ ახლოდან ჯარიმა გაიტანა. სხვაობა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დავიდა და “ლოკომოტივის” მორაგბეებმა კიდევ უფრო მოინდომეს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ბოლოს კვლავ გუნდური ჩხუბი ატყდა, ამჯერად, რეფერიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბე გაასინბინა. “ლოკომოტივი” მეტოქეს ცენტრის სიახლოვეს შერკინებით მიაწვა, მაგრამ მერე ბურთი დაკარგა და გამარჯვება “არმიას” დარჩა. იმ ეპიზოდში “ლოკომოტივის” მოთამაშეები ჯარიმას ითხოვდნენ, მაგრამ რეფერიმ სხვაგვარად განსაჯა და “არმია” თასის ნახევარფინალში გავიდა.
დაძაბული გამოდგა თბილისში გამართული მეორე შეხვედრაც. “ყოჩები” “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე “აკადემიას” დაუპირისპირდა. აკადემიელებმა პირველი ტაიმი 9:3 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და თამაში ფრედ 9:9 დასრულდა. აქ უკვე საქართველოს თასის გათამაშების დებულება ამოქმედდა. რადგან ლელო არცერთ გუნდს არ გაუტანია და მსაჯს წითელი-ყვითელი ბარათით არავინ არ დაუსჯია, ნახევარფინალში თამაშის უფლება რეიტინგით უკეთესმა გუნდმა მიიღო, ეს კი, “ყოჩებია”.
ქუთაისის “აია” ვანში რუსთავის “ხარებს” დაუხვდა და 50:0 გაანადგურა. კიდევ ერთ მეოთხედფინალში, საქართველოს თასის მფლობელ თბილისის “ლელოს” “არმაზის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა და “ლელო” ნახევარფინალში” უბრძოლველად გავიდა.
ნახევარფინალური ეტაპი უკვე ორმატჩიანია. პირველი შეხვედრები 25 ივნისს გაიმართება - “აია” “არმიას” უმასპინძლებს, ხოლო “ყოჩები” “ლელოს” ეთამაშება. განმეორებითი შეხვედრები 2 ივლისსა დანიშნული და სწორედ მაშინ გამოვლინდება ის ორი გუნდი, რომლებიც ფინალში 9 ივლისს ითამაშებენ.

საქართველოს თასის გათამაშება
2 აპრილი. შაბათი. 1/4-ფინალი
თბილისი. “ავჭალა”. 2000
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი) 9:11 (6:11)
ლოკომოტივი:
15. გიორგი კობერიძე, 14. ვახტანგ კავთიძე, 13. რატი ხუციშვილი (ვახტანგ ბერძენიშვილი 55), 12. ლუკა ხაჩირაშვილი, 11. დავით ჟამუტაშვილი (სანდრო ქავთარაძე 66), 10. ბობა კვინიხიძე, 9. ირაკლი ღვინჯილია; 1. პაპუნა ელოშვილი, 2. ლევან გენებაშვილი (ლევან ზარიძე 5), 3. გიორგი ვეფხვაძე, 4. გიორგი ოზგებაშვილი, 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გივი ბერიშვილი, 7. დავით ჩიტიძე (ლადო გუნიავა 75), 8. გიგა ნიშნიანიძე.
2 ჯარიმა: კვინიხიძე
1 არეკნი: კვინიხიძე
სინბინი: ბერიშვილი
მთავარი მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
არმია: 15. ბახვა კობახიძე (რატი ნუცუბიძე 41), 14. გიორგი ელიზბარაშვილი, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. გივი ნადარეიშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი, 10. ლაშა ბაირამაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე (ალეკო ზაბახიძე 80); 1. ირაკლი ქოიავა (გიორგი კაკოვინი 70), 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. ლევან შენგელია, 4. გიორგი ჟღენტი, 5 მამუკა ცხადაძე (კახა კობახიძე 62), 6. გიორგი კალმახელიძე, 7. ლევან დარასელია (ჯაბა კიკვიძე 62), 8. ჯაბა ბრეგვაძე.
1 ლელო: ბრეგვაძე
2 ჯარიმა: ბახვა კობახიძე
სინბინი: კაკოვინი
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
რეფერი: რობიტაშვილი

თბილისი. “შევარდენი”.
ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 9:9
ვანი.
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 50:0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.112021