ამბები

13:23 | 3.04.2011 | ნანახია 2765 - ჯერ

რუსეთმა ამხანაგურები ინგლისურ გრანდებთან დაგეგმა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ევროპის “ერთა თასზე” - რუსეთის ნაკრები, 2011 წლის მსოფლიო თასისთვის უკეთ მოსამზადებლად შეკრებას დიდ ბრიტანეთში გაივლის და ინგლისურ კლუბებთან სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

რუსები მსოფლიოს თასზე პირველად მოხვდნენ და იქ ღირსეული თამაში სურთ. ამ მიზნით, “დათვები” თორმეტ აგვისტოს - “ნორთჰემპტონს”, 19-ში “სეილ შარქს” ან ჰარლეკინს”, ხოლო 26 აგვისტოს “გლოსტერს” გაეჯიბრებიან. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში, მომავალ გეგმებზე “რია ნოვოსტის” ჟურნალისტს ესაუბრა: “მსოფლიო თასის წინ ტესტ-მატჩების ჩატარება აუცილებელია, რათა გუნდის შეთამაშება მოხდეს. უწინარესად, ვფიქრობდით, რომ ინგლისში ორ ამხანაგურ თამაშს ჩავატარებდით, მაგრამ არასაკმარისი ტესტ-მატჩების გამო, მათი რიცხვი სამამდე გავზარდეთ. ნაკრები ივლისიდან შეიკრიბება და მიზანმიმართულად, სპეციალური პროგრამით, მსოფლიო თასისთვის მზადებას შეუდგება. ის კლუბები, რომლებსაც აგვისტოს თვეში უნდა ვეთამაშოთ, ნაკრებებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ჩვენი მეტოქეები ძლიერი კლუბები იქნებიან, რომლებიც ინგლისის ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე თამაშობენ”.
ახალ ზელანდიაში რუსეთის ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ავსტრალიის, ირლანდიის, იტალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები იქნებიან. ნერუშის გეგმით, “დათვებმა” მსოფლიო თასზე ერთი თამაშის მოგება უნდა მოახერხონ და სამიზნედ აშშ ჰყავთ ამოღებული, დანარჩენებთან კი, მათივე აზრით, მაქსიმალურად მცირე სხვაობით უნდა დამარცხდნენ.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087418