ამბები

21:27 | 3.04.2011 | ნანახია 3734 - ჯერ

ქუბრიაშვილის ლელო, გორგოძის მორიგი სინბინი და ქართველთა კლუბების წარმატებები

“უხვმოსავლიანი” გამოდგა საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის XXIII ტური ქართველი ლეგიონერების კლუბებისთვის. ქუბრიაშვილმა ლელო გაიტანა, გორგოძემ ამ სეზონში მე-4 სინბინი დაიმსახურა, ხოლო 6 გუნდიდან ხუთმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ის ერთი დამარცხებული “კასტრია”, რომელმაც ქართულ დერბიში უქართველებოდ წააგო და ჩვენებურებს ამ მარცხში წვლილი არ მიუძღვით.
დავიწყოთ მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიეთი”, რომელიც სტუმრად Pro D2-ში უკვე დაქვეითებულ “ბურგონს” ეწვია, მეტოქე 42:27 გაანადგურა და საუკეთესო ექვსეულში მეხუთედან მე-3 საფეხურამდე აღზევდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საუკეთესო 6 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფლეი ოფში განაგრძობს. პირველ-მეორეადგილოსნები, საწყისი ეტაპისგან თავისუფლები არიან და ნახევარფინალში მეტოქეებს ელიან. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, მესამეადგილოსანი ერთმატჩიან დუელში მეექვსეადგილოსანს მასპინძლობს, მეოთხე კი - მეხუთეს.
ამრიგად, ყველა ადგილი მნიშვნელოვანია, რადგან გუნდებს ერთკვირიანი დასვენების შანსი ეძლევათ (პირველ-მეორეადგილოსანს), ანაც, ფლეი ოფის საწყის ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობენ (მესამე-მეოთხეადგილოსანი). ამასთან, რეგულარული პირველობის ექვსივე საუკეთესო გუნდი, მომავალ სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, “ჰეინეკენის თასზე” თამაშის უფლებას იღებს.
“მონპელიე” XXIII ტურში აშკარა ფავორიტი იყო და გული მხოლოდ იმაზე თუ დაწყდება, რომ მეტოქეს სამით მეტი ლელო ვერ გაუტანა და პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს (საფრანგეთის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, პრემიალურ ქულას იღებს გუნდი, რომელიც მეტოქეს სამით მეტ ლელოს გაუტანს, ანაც შვიდი, ან ნაკლები ქულის სხვაობით დამარცხდება).
“მონპელიემ” “ბურგონს” 5 ლელო გაუტანა, მაგრამ თავად 3 გაუშვა და ამრიგად, მხოლოდ გამარჯვების ოთხ ქულას დასჯერდა. თავიდანვე გეტყვით, რომ სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში 70 წუთი ითამაშა მამუკა გორგოძემ, დანარჩენი 10 წუთი კი, სინბინის გამო, დასჯილთათვის განკუთვნილ სკამზე გაატარა. ძირითად შემადგენლობაში იყო შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, რომელიც 73-ე წუთზე გოდერძი შველიძემ შეცვალა, ხოლო გიორგი ჩხაიძე განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდა.
“ბურგონმა” პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და შესვენებაზე გასვლისას 20:15-ს იგებდა. “ბურგონმა” ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, მაგრამ “მონპელიემ” ორ წუთში არგენტინელი მოიანოს ინდივიდუალური გარღვევით და ლელოთი უპასუხა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. შეხვედრა სულ რაღაც 11 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გორგოძე მეტოქეს წაეჩხუბა და რეფერიმ ორივე მორაგბე 10-10 წუთით გააყვითლა. განახლდა შეხვედრა და მასპინძლებმა საპასუხო ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. ტაიმის შუაწელს, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 30-ე წუთზე, მოიანომ თავისი მე-2 ლელო მიითვალა და სტუმრები 15:13 დააწინაურა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, შესვენებამდე სამიოდე წუთით ადრე კი, “ბურგონმა” მეორე საპასუხო ლელოთი უპასუხა, რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა და ტაიმი 5 ქულით მოიგო.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, შეხვედრის გმირმა მოიანომ, რომელმაც გუნდს ჯამში 27 ქულა შესძინა, ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, “მონპელიემ” აღარ გარისკა, შეტევა განაგრძო და 3 წუთის ინტერვალში, თავი ჩვიდმეტ ქულას მოუყარა, რამაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. 52-ედან 55-ე წუთამდე, “მონპელიემ” 2 ლელო გაიტანა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და ამათ შორის, ჯარიმითაც იხეირა.
მასპინძლებმა მაინც გაიბრძოლეს და 71-ე წუთზე საჯარიმო ლელო დაიმსახურეს, რასაც რეალიზაციაც დაურთეს. ბოლო სიტყვა მაინც “მონპელიემ” თქვა - ლელო კვლავ არგენტინელის ანგარიშზეა, ოღონდ, ამჯერად, სანტიაგო ფერნანდესის, მოიანომ კი რეალიზაციით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 42:27.
დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, მაგრამ ბოლო დროს საქმე მთლად კარგად ვერ მისდის. განვლილი 4 მატჩიდან 3 წააგო, ახლა კი, “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და მეტოქე 38:10 გაანადგურა, თანაც ისე, რომ პრემიალური ქულაც მიითვალა.
სტუმრებს ანგარიშის გახსნა პირველსავე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ მათი ჯარიმა ძელმა აისხლიტა. სამაგიეროდ, მე-4 წუთზე უილკინსონს მიზანმა არ უმტყუნა, მე-16 წუთზე კი, “ტულონი” მეტოქეს მიეძალა, პირველ ჯერზე მათი იერიში სტუმრებმა ზედ ხაზზე შეაჩერეს, მაგრამ მეორე ცდას წინ ვეღარ აღუდგნენ და ქუბრიაშვილმა Top 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამას ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა, რაზეც “სტად ფრანსემ” ოთხ წუთში საპასუხო ლელო-გარდასახვით უპასუხა. შემდეგ გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ შესვენებამდე, მასპინძლებმა ჯარიმა, ლელო და გარდასახვა კიდევ გაიტანეს და ტაიმი 23:10 მოიგეს.
მე-2 ტაიმი სრულად “ტულონისა” იყო, რომელიც მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას. ჯერ უილკინსონმა ჯარიმა გაიტანა, 61-ე წუთზე, სტუმრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, ამით მასპინძლებმა იხეირეს, ორი წუთის ინტერვალში, 64-ე და 66-ე წუთებზე 2 ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს.
შერკინების პირველხაზელი ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს.
რეგულარული პირველობის დარჩენილი 3 შეხვედრა, “ტულონს” ლიდერებთან ელის და მაქსიმალური მობილიზება მართებს, რათა საუკეთესო ექვსეულში მოხვდეს და სანატრელი ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს. ამჟამად, “ტულონი” მე-7 ადგილზეა და საფლეიოფო ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.
შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, რომელმაც “ბიარიცს” უმასპინძლა და 41:13 გაანადგურა. მასპინძლებმა მომხვდურს 6 ლელო გაუტანეს და თავად მხოლოდ 2 მიიღეს, ასე რომ, მათ პრემიალური ქულაც ერგოთ.
შერკინების პირველხაზელი, საქართველოს 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი, დავით ზირაქაშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, მისი თანაგუნდელები კი, მე-18 წუთისთვის, უკვე 22:0-ს იგებდნენ. ამ პერიოდში, “კლერმონმა” 3 ლელო გაიტანა, 2 რეალიზაცია გამოიყენა და ერთხელ ჯარიმით იხეირა. ტაიმი 22:5 მოიგო, ხოლო მე-2 ნახევარში, 8 წუთის ინტერვალში, 55-ე, 61-ე და 63-ე წუთებზე, კიდევ 3 ლელო გაიტანა.
საქმე კარგად მისდის Top 14-ში დასარჩენად მებრძოლ ბექა შეყლაშვილის “აჟენს” და დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივს”. “აჟენმა” საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლ აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” უმასპინძლა. სტუმართა ქართველები განაცხადში არ იყვნენ, რადგან გიორგაძემ შარშან მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, სასურველი ფორმა ვერა და ვერ დაიბრუნა, ფეიქრიშვილი კი, აღდგენით პროცესს გადის და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. სტუმართა რიგებში, 66-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა შეყლაშვილმა.
დაძაბული მატჩის პირველი ნახევარი ფრედ - 6:6 დასრულდა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, “კასტრი” ლელოთი და რეალიზაციით დაწინაურდა, რაზეც “აჟენმა” 55-ე და 57-ე წუთებზე, 2 ლელოთი და ერთი რეალიზაციით უპასუხა. სტუმრებმა ჩამორჩენა ორ ქულამდე ჯარიმით დაიყვანეს, მაგრამ მატჩის მიწურულს, მასპინძლებმა არეკნი გაიტანეს და 21:16 იმარჯვეს.
“აჟენს” 42 ქულა აქვს და რადგან “ლა როშელი” დამარცხდა, ახლა გასავარდნ ზონას მთელი 9 ქულა აშორებს, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ სამ ტურში ძალიან რთული იქნება.
“ლა როშელი” მისმა კიდევ ერთმა უშუალო კონკურენტმა, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა” 26:9 დასცა, თანაც მეტოქეს 3 უპასუხო ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მე-19 წუთამდე, ანგარიში 6:6 იყო, მაგრამ 29-ე წუთზე, მასპინძლებმა თავისი პირველი ლელო გაიტანეს და ტაიმი 11:6 მოიგეს.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით ოც წუთში კი, “ბრივმა” 2 ლელო დადო, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ერთი რეალიზაცია გამოიყენა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 56-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა. “ბრივს”, “აჟენის” მსგავსად, 42 ქულა აქვს, “ლა როშელს” კი 33 დარჩა.
ახლა Top 14-ში მოკლე შესვენებაა, რადგან გუნდებს ევროთასების 1/4-ფინალები ელით, XXIV ტური კი, 16 აპრილსაა დანიშნული. “ტულონი” რეგულარული პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ “ტულუზას” მასპინძლობს, რომელსაც საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს და ახლა რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასარჩენად იბრძვის.
“მონპელიე” “ბაიონს” დაუხვდება, რომელსაც საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ შერჩა. “ბრივი” სტუმრად “ბიარიცს” ეთამაშება, “კლერმონი” უმოტივაციო “სტად ფრანსეს” ასევე გასვლაზე შეხვდება, სტუმრად აუტსაიდერ “ბურგონს” ეთამაშება “კასტრი”, ხოლო “აჟენი” ასევე გასვლაზე უშუალო კონკურენტ “ლა როშელს” დაუპირისპირდება.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 73, 2. რასინგ მეტრო - 68, 3. მონპელიე - 65, 4. კასტრი - 64, 5. კლერმონი - 63, 6. ბიარიცი - 62, 7. ტულონი - 61, 8. პერპინიანი - 59, 9. ბაიონი - 58, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 42, 12. ბრივი - 42, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგონი - 5.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099773