ამბები

16:57 | 4.04.2011 | ნანახია 4320 - ჯერ

იტალია და შოტლანდია საქართველოსთან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ძალების მოსინჯვის შანსი “ექვსი ერის” ორ წარმომადგენელთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან ექნება.
ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია ფირა-აერ-მა, ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის ახლებურად ჩატარება განიზრახა და ეგრეთწოდებულ მეორე დონის გუნდებს, “ექვსი ერის” ორ უარეს გუნდთან თამაშის შანსი მისცა. პირველ ეტაპზე, ევროპის საუკეთესო ექვსეული ორ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა და თებერვლის ბოლოდან აპრილის პირველ რიცხვებამდე ექვსი თამაში გაიმართა. A ჯგუფში საფრანგეთმა საკუთარ მოედანზე იტალია 34:12 დაამარცხა, უელსი კი სტუმრად - 34:17, ორივე შეხვედრაში ოთხზე მეტი ლელო გაიტანა და ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი. უიღბლოს გამოსავლენად უელსი იტალიას ეწვია, 26:12 იმარჯვა და თავად უძლიერესთა შორის დარჩა. იტალია კი ქვედა დივიზიონში გაისტუმრა. ამ შეხვედრაში ორივე გუნდმა ორ-ორი ლელო გაიტანა, მაგრამ უელსელებმა ჯარიმებით იხეირეს.
B ჯგუფში გუნდების დონე უფრო თანაბარი აღმოჩნდა. სამივე მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა და დაქვეითებულის და დარჩენილების ბედი დამატებითმა მაჩვენებლებმა გადაწყვიტა. პირველ ტურში ინგლისმა ირლანდიაში 29:12 იმარჯვა, თანაც ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც აიღო. მერე ინგლისელებმა შოტლანდიას უმასპინძლეს და “სქოთებმა” მასპინძლები 26:21 დაამარცხეს. ამ თამაშში ორივე გუნდმა სამ-სამი ლელო გაიტანა, ინგლისელებს კი პრემიალური ქულა შვიდ ქულაზე ნაკლები მარცხისთვის ერგოთ. გადამწყვეტ ჯახში შოტლანდიელებმა ირლანდიას უმასპინძლეს, 12:31 შერცხვნენ და საუკეთესო ექვსეულში მეხუთე ადგილს დასჯერდნენ, რის გამოც “მეორე დონის” გუნდებთან დაქვეითდნენ.
18-წლამდე მორაგბეთა პირველ დივიზიონში, თითოეულ გუნდს სამი შეხვედრის გამართვა მოუწევს და იქ ყველა ადგილი გათამაშდება. 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში მისი მეტოქე იტალიასა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალში შოტლანდია-რუმინეთსა და ბელგია-გერმანიის წყვილს შორის გამარჯვებულები ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ პირველი დივიზიონის გამარჯვებული, საგაისოდ საუკეთესო ოთხეულში თამაშის უფლებას არ მიიღებს. ევროპული რაგბის მმართველებს სურთ, რომ ჯერ ქვეყნის დონეთა შორის სხვაობას დააკვირდნენ და თუ “მეორე ეშელონის” გუნდებმა შოტლანდია და იტალია დაიბრიყვეს, მერე იქნებ “ექვსი ერის” კარი ჯერ დაბალ დონეზე, სამომავლოდ კი, მაღალ დონეზეც შეაღოს. სამაგიეროდ, კარი არასდროს დახურულა ქვედა დონეებზე და პირველი დივიზიონის მერვეადგილოსანი საგაისოდ იქ ადგილს მეორე დივიზიონის გამარჯვებულს დაუთმობს.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის დიდი ხანია ემზადება და თებერვალში, საფრანგეთში ერთი შეკრების გავლა უკვე მოასწრო. უშუალოდ წინასატურნირო შეკრებისთვის, ლევან მგელაძეს საფრანგეთში 26 მორაგბე დღეს მიჰყავს (4 აპრილს) და ორი საკონტროლო მატჩის გამართვაც იგეგმება, რის შემდეგაც 16 აპრილი და საქართველო-რუსეთის მორიგი სარაგბო დაპირისპირების დრო დადგება.   
 
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები: საბა ნიკოლავა, ნიკოლოზ სუხაშვილი, გიორგი სორდია, თამაზ მჭედლიძე, დავით ხიდეშელი, მერაბ შარიქაძე, ვაჟა ხუციშვილი, გიორგი აფციაური, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ტალახაძე, ლაშა მოსეშვილი, საბა შუბითიძე, ზურაბ თუთბერიძე, თორნიკე ჯიბლაძე, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთრაშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ვახტანგ ახობაძე, ნიკოლოზ პინაიშვილი, მურთაზ გიორგაძე, გიორგი ბასილაია, ბესარიონ შენგელია, რატი ასათიანი, გიორგი ნათელაშვილი, გიორგი ფრუიძე, თამაზ ოლხიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან მგელაძე

“ექვსი ერის” შესარჩევი 18-წლამდელთა შორის

A ჯგუფი
საფრანგეთი - იტალია 34:12
უელსი - საფრანგეთი 17:34
იტალია - უელსი 12:26
 

1 საფრანგეთი 2 2 0 0 68-29 10
2 უელსი 2 1 0 1 43-46 4
3 იტალია 2 0 0 1 24-60 0


B ჯგუფი
ირლანდია - ინგლისი 12:29
ინგლისი - შოტლანდია 21:26
შოტლანდია - ირლანდია 12:31
 

1 ინგლისი 2 1 0 1 50-38 6
2 ირლანდია   2 1 0 1 43-41 4
3 შოტლანდია 2 1 0 1 38-52 4


2011 წლის ევროპის ჩემპიონატი რაგბიში 18-წლამდელთა შორის
ელიტ ჯგუფი. ნახევარფინალები

საფრანგეთი - ირლანდია (17 აპრილი)
ინგლისი - უელსი (17 აპრილი)

პირველი დივიზიონი. საფრანგეთი. 15-24 აპრილი
1/4-ფინალი. 16 აპრილი

1.    შოტლანდია (1) - რუმინეთი (8)
2.    იტალია (2) - პორტუგალია (7)
3.    საქართველო (3) - რუსეთი (6)
4.    ბელგია (4) - გერმანია (5)
 

თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
5.    პირველის გამარჯვებული - მეოთხეს გამარჯვებული
6.    მეორეს გამარჯვებული - მესამეს გამარჯვებული
 

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
7.    პირველის დამარცხებული - მეოთხეს დამარცხებული
8.    მეორეს დამარცხებული - მესამეს დამარცხებული
 

23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
მეშვიდეს დამარცხებული - მერვეს დამარცხებული
 

მეხუთე ადგილისთვის
მეშვიდეს გამარჯვებული - მერვეს გამარჯვებული
 

მესამე ადგილისთვის
მეხუთეს დამარცხებული - მეექვსეს დამარცხებული
 

ფინალი
მეხუთეს გამარჯვებული - მეექვსეს გამარჯვებული
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069233