ამბები

15:57 | 5.04.2011 | ნანახია 5245 - ჯერ

რუსები მიზეზობენ – ქართველებთან წესი მსაჯმა აგვიგოო

რუს მორაგბეებს “ერთა თასზე” განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ, გონს მოსასვლელად კარგა ხანი დასჭირდათ და წარუმატებლობის “მიზეზსაც” მიაკვლიეს. “დათვების” ერთ-ერთი ლიდერის, ვლადისლავ კორშუნოვის განცხადებით, მათ “ბორჯღალისნებისთვის” არაფერი არ დაუთმიათ, წაგება კი ფრანგმა რეფერიმ განაპირობა, რომელიც თამაშს მასპინძლებისთვის გაუგებარი წესებით მსაჯობდა.

 კორშუნოვმა საკუთარ ბლოგზე სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა...
“ქართველებთან მატჩის შემდეგ, საკუთარი მოსაზრებების დროულად გამოქვეყნება ვერ მოვახერხე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე – არასდროს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისევ წავაგეთ. ალბათ, წყველაა ასეთი. უკვე 18 წელია...
მატჩის არსს აღარ ჩავუღრმავდები, თანაც, ვისაც სურდა, ინტერნეტის საშუალებით, თამაში ალბათ, საკუთარი თვალითაც ნახა. მე მხოლოდ ერთ სურვილი მაქვს – გთხოვთ, სამომავლოდ ფრანგ არბიტრებს ნუღარ დაგვინიშნავთ. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მათ გამო დავმარცხით, მაგრამ ფაქტია, რომ წლიდან წლამდე ჩვენს თამაშებს უცნაური ფრანგები მსაჯობენ. იქნებ, როდესაც რეფერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, ყველაფერი შეიცვალოს? ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ უკვე ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ...
კონკრეტულად, გასულ მატჩში ორი სადავო ეპიზოდი გახლდათ. პირველი – საქართველოს ნაკრების ნახევარზე შერკინება იყო, როდესაც ერთ-ერთი ჩვენს მორაგბეს ფეხი დაუცდა და დაეცა (მოედანი სველი იყო და ეს, გასაკვირი არ ყოფილა). გაისმა სასტვენის ხმა. ვიფიქრე, რომ ჯარიმა ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნა და გონებაში იმაზე ვფიქრობდი, მას როგორ დავარტყამდით. არადა, ყველაფერი პირიქით მოხდა – მსაჯმა ჩვენ დაგვაჯარიმა. რატომ ვერ გავიგე. რაღაც აბსურდი მოიგონა. თითქოს, ცენტრში ვაწვებოდით. თუმცა, ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიგრძნობდი.
მეორე მომენტი – ტექნიკური ლელო. მათი ბურჯი დაეცა და რეფერიმ მეტოქეს 5 ქულა აჩუქა... არ მინდა მსაჯის განსჯა, მაგრამ ძალიან საკამათო გადაწყვეტილება გახლდათ. როდესაც მათი ბურჯი თავით აწვება და ნეკნებში შემოდის, იგი ცენტრში არ უტევს და ჩვენ კიდევ თითქოს ცენტრში ვაწვებით... არადა, ქართული შერკინება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, 80 წუთის განმავლობაში გავაჩერეთ. სანამ მოედანზე ვოიტოვი და სრული მე-2 ხაზი გვყავდა, ისინი ვერაფერს აკეთებდნენ. ქართველები მუდმივად გვაწვებოდნენ, მაგრამ მაგრად ვიდექით. ასე გრძელდებოდა მთელი თამაში...
რა მომეწონა? ამ თამაშმა მებრძოლი სული შთაგვბერა, დადებითი ემოციები მოგვიტანა. ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და შეცდომები მინიმუმამდე გვქონდა დაყვანილი. რეალურად, მეტოქემ ერთადერთ ეპიზოდში გვაჯობა, როდესაც დერეფანი მოიგო და “არატექნიკური” ლელო გაგვიტანა.
ვერ ვიტყვი, რომ შეტევაში კატასტროფული პრობლემებია, თუმცა, ფაქტია, რომ ტოპ-გუნდებთან – რუმინეთთან და საქართველოსთან ჩატარებულ მატჩებში ერთი ლელოს დადებაც ვერ შევძელით. ალბათ, თამაშის ხასიათი იყო ასეთი. რუმინეთთან შეხვედრა აშკარად “ჩაგვივარდა” – შესაძლოა, ახალ ზელანდიაში და თურქეთში გავლილი შეკრებების შემდეგ, მოთამაშეთა ნაწილი გადაღლილი იყო. ზოგმა მოედანზე საკუთარი როლიც ვერ გაიგო და... მოკლედ, იმ შეხვედრის გახსენება მტკივნეული და სასირცხვილოა. ქართველებთან უფრო სახალისო თამაში გახლდათ – ნაღდ ბრძოლაში ჩავებით და ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო გახლდათ. მათთვის ერთი მეტრიც კი არ დაგვითმია, თუმცა, დაცვაზე ყურადღების გადატანამ შეტევა აზარალა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ფორვარდების უელსელი მწვრთნელის, კინგსლი ჯონსის გამოჩენით, დერეფანში ჩვენი თამაში საგრძნობლად შეიცვალა. იგი ტექნიკურ დეტალებსაც გვიხსნის და უფრო შეთანხმებული ქმედებისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მატჩისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად გვამზადებს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჯონსს ყველაზე მეტად ქართველებთან მოგება სურდა. იცოდა, რომ ისინი ჩვენი პრინციპული მეტოქეები არიან. მატჩის შემდეგ, აშკარად იმედგაცრუებული იყო, მაგრამ თავდადებისთვის შეგვაქო...
მსოფლიოს თასამდე ექვსი თვე რჩება, რაც არც ისე დიდი დროა. როგორც ვიცი, ამ პერიოდში  ექვსი საკონტროლო მატჩის ჩატარებაა დაგეგმილი: სამჯერ “ჩერჩილის თასზე” ვითამაშებთ, ხოლო სამი შეხვედრა ინგლისურ კლუბებთან გვიწევს. ფიზიკურად ყველა ვარიანტში კარგად მოვემზადებით, მთავარი კი შესაბამისი განწყობის შექმნაა. პირველიდან ბოლო წუთებამდე უნდა ვიბრძოლოთ და 100-%-ით დავიხარჯოთ. მუშკეტერებივით უნდა ვიყოთ – ყველა ერთად.
მსოფლიოს თასზე კაცურად თამაშია საჭირო. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. მთავარია, გულშემატკივრების წინაშე არ შევრცხვეთ. არავინ არ უნდა თქვას, რუსებს რა უნიათო ნაკრები ჩამოუყვანიათო. სხვათა შორის, “ექვსი ერის” მატჩებს ვუყურე და მათ ახალი არაფერი უჩვენებიათ. ირლანდია ისევ მაღალ დონეზე თამაშობს, იტალიამ კი საგრძნობლად მოუმატა, ახლა მათი დრო მოდის. მუდმივად იზრდებიან და ამიტომ, ჩვენც ლიდერებთან ხშირი სპარინგი გვჭირდება.
ზელანდიაში აშშ-სთან მატჩზე განსაკუთრებული განწყობით გავალთ. მათ დაახლოებით ჩვენი დონის ნაკრები ჰყავთ. ავსტრალია, ცხადია, უდავო ფავორიტია და ალბათ კარგიცაა, რომ მათ ბოლოსკენ ვეთამაშებით. სხვა საქმეა, რომ ავსტრალიელთა ყველა შემადგენლობა – მეორე, მესამე თუ მეოთხე ჩვენზე ძლიერი იქნება”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096166