საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და A ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ჟურნალისტებს შეხვდნენ და “საქართველოს XV”-ის ინგლისურ ტურნეზე ესაუბრნენ.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს A ნაკრები უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ფრანგული კლუბების უმეტესობამ, რადგან სანაკრებო შეხვედრებისათვის განკუთვნილი ფანჯარა არ იყო, მორაგბეთა გამოშვებაზე უარი თქვა და მაისაშვილმაც თან შესუსტებული შემადგენლობა იახლა. შესაბამისად, გუნდმა სახელი იცვალა, “საქართველო 15” (იგივე, მომავლის საქართველო) დაირქვა და ჯერ დიდი ბრიტანეთის არმიის გუნდი დაამარცხა, მერე კი, “ოქსფორდის” უნივერსიტეტის ნაკრები.
გიორგი ნიჟარაძე: “დიდი ხანია, გეგმაში გვაქვს ბრიტანულ სარაგბო ბაზარზე გასვა და ეს ურთიერთობა როგორც იქნა დაიწყო. ფრანგებმა უცხოელებზე ლიმიტი დააწესეს, რამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა და ალტერნატიული გზის გამოძებნა დავიწყეთ. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, დონალდ კასკიმ დიდი მუშაობა გასწია და ინგლისში მშვენიერი მასპინძლობა გვქონდა. სავარჯიშოდ და მოსამზადებლად კარგი პირობები იყო. პირველ შეხვედრაში ბრიტანეთის არმიის გუნდი დავამრცხეთ. ეს გუნდი პერიოდულად იკრიბება და თამაშებს მართავს. იმისათვის, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რა დონის მეტოქე გვყავდა, გეტყვით, რომ მათ რიგებში ფიჯის ეროვნული ნაკრების 10 ნომერი თამაშობდა.
ამ ტურნეს იდეა იყო, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელებს უახლოესი რეზერვი ენახა და მატჩებს ეროვნული გუნდის მწვრთნელთა მთელი შემადგენლობა დაესწრო. სელექცია უკვე დაწყებულია და სწორედ ამ ბიჭების ზურგზე გადავა მთელი შემდგომი ოთხწლიანი ციკლი. მეორე მატჩი ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებთან გავმართეთ. იქ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და სხვა სარაგბო ქვეყნის ნაკრებების 21-წლამდელთა გუნდის წევრები თამაშობდნენ. შეხვედრა მსოფლიოში ყველაზე ძველ სარაგბო მოედანზე გაიმართა. ჰართლპულის აკადემიასთან საქმიანი ურთიერთობა დავამყარეთ და უახლოეს პერიოდში იქ ქართველ ახალგაზრდებს მივავლენთ. მისი რექტორი თბილისს მაისში ეწვევა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე და ოფიციალურად კონტრაქტი მაშინ გაფორმდება. მთლიანობაში, ბრიტანეთში წარმატებული ტურნე გვქონდა”.
ლევან მაისაშვილი: “გვსურდა, რომ ბრიტანეთში საქართველოს A ნაკრები წასულიყო, მაგრამ სათანადო შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა და ინგლისში სხვა შემადგენლობით გავემგზავრეთ. ექსპერიმენტულმა ნაკრებმა თავი კარგად წარმოაჩინა და ორივე შეხვედრა მოიგო. ვცდილობდით, იმ ტაქტიკით გვეთამაშა, როგორც ეროვნული გუნდი თამაშობს, რათა შემდგომში ბიჭებს ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონდეთ. მოწინააღმდეგეებს შეთამაშება აკლდათ, მაგრამ ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეები იყვნენ. ნაყოფიერი ორკვირიანი შეკრება გამოგვივიდა. ვფიქრობ, ამ გუნდიდან რამდენიმე მორაგბეს წლევანდელ მსოფლიო თასზე გამგზავრების კარგი შანსი აქვს, უმრავლესობა კი, მომდევნო ოთხ წელიწადში ეროვნული გუნდის წევრი გახდება”.
ინგლისურმა კლუბებმა თვალი რამდენიმე ქართველ მორაგბესაც დაადგეს და თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, მალე ისინი სათამაშოდ ბრიტანეთში უნდა გადაბარგდნენ. ამის შემდეგ, ნიჟარაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელიც სტარტს შაბათს აიღებს. გასულ უქმეებზე საქართველოს თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. მომავალ კვირას, საქართველოს რაგბის კავშირსა და “ლიბერთი ბანკს” შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს და ის ოფიციალურად გახდება თასის გათამაშების სპონსორი, რის შემდეგაც ერთგვარი საპრიზო ფონდიც დაწესდება.
“დარწმუნებული ვარ, წელს ბევრად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი გაიმართება და საპრიზო ადგილებისათვის ერთბაშად ექვსი გუნდი იბრძოლებს. ჯერჯერობით, მოედნების პრობლემა გვაქვს და შეხვედრები ძირითადად ხელოვნურსაფარიან მოედნებზე გაიმართება, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის შემდეგ კი, გუნდები ბუნებრივსაფარიან მინდვრებზე ითამაშებენ. შესაბამისად, მაყურებელს პრობლემები აღარ შეექმნება, რადგან ტრიბუნები სწორედ ბუნებრივსაფარიანი მოედნების გაყოლებაზეა აშენებული. საქართველოს ჩემპიონატში, გუნდები სახელმწიფოსგან დაწესებულ საპრიზო ფონდს ახლაც მიიღებენ. ეს პროგრამა წელს სრულდება და იმედია, ის მომავალშიც გაგრძელდება” - თქვა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამით, უმაღლესი ლიგის რვა გუნდზე მილიონნახევარი ლარი ნაწილდება. გუნდი მით უფრო მეტ თანხას იღებს, რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს. პირველასდგილოსანს 390 ათასი ლარი გადაეცემა და ეს ჩემპიონობისთვის ბრძოლას უფრო საინტერესოს ხდის.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, გიორგი ნიჟარაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან და მერიის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავასთან, მაის-ივნისში, თბილისში გასამართ 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ალაფასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია