ერთი კვირის თავზე, იმ გუნდებს, რომლებიც მორაგბეთა შორის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში დამარცხდნენ, რევანშის შანსი ეძლევათ, ოღონდ, საჩემპიონო შეხვედრებში.
9 აპრილს, საქართველოს სამ სტადიონზე ქვეყნის XXIII ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოთხი სასტარტო შეხვედრა გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 14:00 საათზე დაიწყება და შარშანდელი ფინალისტი, ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის “ლელო” “არმაზს” დაუპირისპირდება, რომელმაც გასულ წელს უძლიერესთა შორის ადგილი პირველლიგელთან ორრაუნდიან ჯახში მიღწეული წარმატების შედეგად შეინარჩუნა. აქ სარევანშო არაფერია, რადგანაც გუნდები წელს პირველ შეხვედრებს გამართავენ. საქმე ისაა, რომ “არმაზმა” თასის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და “ლელოს” ნახევარფინალის საგზური უბრძოლველად ერგო. საგულისხმოა, რომ გასული ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ და მაშინ “ლელომ” 34:12 იმარჯვა. ბრძოლა არც მეორე ტურში შედგა, ლელოელთა უპირატესობა მაშინაც დიდი იყო - 44:13.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ავჭალას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე “ლოკომოტივი” და “არმია” გავლენ და ერთი კვირის წინ დაწყებული საინტერესო დაპირისპირება გაგრძელდება. საინტერესო და დაძაბული სათასო ბრძოლა, ახლადშექმნილი “არმიას” გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს, მათ შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანეს და ტაიმი 11:6 მოიგეს. “ლოკომოტივმა”, დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი ჯარიმა გამოიყენა და 9:11 დამარცხდა.
16:00 საათზე, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაიწყება “ყოჩებისა” და “აკადემიას” დაპირისპირება. ერთი კვირის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს თასის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა. “აკადემიამ” ტაიმი 9:3 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ორი ჯარიმა გაუშვა. რადგან “ყოჩებს” მეტოქეზე უკეთესი რეიტინგი ჰქონდა, თასის დებულების თანახმად, ნახევარფინალში ის გავიდა და ახლა “აკადემიას” წყენისათვის რევანშის შანსი ეძლევა.
კიდევ ერთი მატჩი ფოთში გაიმართება და იქ ქუთაისის “აია” რუსთავის “ხარებს” დაუხვდება. ქუთაისელთა სამწუხაროდ, “აიასთვის” მის მშობლიურ ქალაქში სათამაშო მოედანი ვერ მოიძებნა და საშინაო მატჩებს ის ჯერჯერობით ხან ვანში ჩაატარებს, ხან ფოთში. გასულ კვირას ქუთაისელებმა რუსთაველებს ვანში უმასპინძლეს და მეტოქე 50:0 გაანადგურეს. ახლა ისინი წარმატების მიღწევას ფოთში ეცდებიან.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
9 აპრილი. I ტური
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
ფოთი. მალთაყვა. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია