საინტერესოდ დაიწყო საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. პირველივე დღიდან ნათელია, რომ გათამაშების დებიუტანტი “არმია” არაფერს დათმობს და მთავარი პრიზისათვის თავდაუზოგავად იბრძოლებს. ჩემპიონობის მაძიებლები კვლავინდებურად იქნებიან: “ლოკომოტივი”, “ლელო” და “აია”. ურიგო გუნდი არ უნდა ჰყავდეს “აკადემიას” და დანარჩენი სამეულიც მეტოქეთათვის სიურპრიზების შეთავაზებას ეცდება.
წლევანდელი გათამაშების პირველი შეხვედრა “ავჭალის” სტადიონზე გაიმართა და შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა, საქართველოს თასის მფლობელმა “ლელომ” დედაქალაქურ დერბიში უმასპინძლა “არმაზს”, რომელმაც გასულ წელს, უმაღლეს ლიგაში ადგილი პირველლიგელთან ფლეი ოფში მოგებით შეინარჩუნა. სხვათა შორის, გასული ჩემპიონატის პირველ წრეშიც სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს და მართალია, მაშინ, იმ მომენტში ქვეყნის ჩემპიონმა “ლელომ”, არცთუ კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მაინც დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა.
სიტუაცია არც ამჯერად შეცვლილა. “ლელომ” მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მეტოქეც იოლად დაამარცხა. ერთი ეგაა, ლევან მაისაშვილის შეგირდებს დაცვაში თამაში უჭირდათ და ძნელი სათქმელია, უფრო ძლიერი მეტოქეების შეტევებს რამდენად კარგად დაუხვდებიან, თორემ, მათ შეტევით პოტენციალს არაფერი რომ არ მოჰკლებია, ფაქტია.
შეხვედრა ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და ასე იქნება ივნისის შუა რიცხვებამდე. ეს იმიტომ, რომ “ავჭალის” და “შევარდენის” სანაკრებო ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედნებს, საქართველოს რაგბის კავშირი მსოფლიოს 20-წლამდელთა “ალაფისთვის” ამზადებს და ქართულ კლუბებს იქ თამაში, ჯერჯერობით, აკრძალული აქვთ. რადგან ხელოვნურსაფარიან მოედნებს საჭირო რაოდენობით ტრიბუნები არა აქვს, მაყურებელს მისი ყურებისას დისკომფორტი ექმნება, მაგრამ ეროვნული გუნდის წარმატების შემდეგ, წინა წელთან შედარებით, გულშემატკივარი შიდა რაგბისაც მოემატა, რაც მატჩის დროს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
“ლელომ” გაშლილი, კომბინაციაზე აგებული რაგბი ითამაშა და XXIII ჩემპიონატის პირველი ლელო მე-6 წუთზე ლექსო გუგავამ გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ ნომინალურმა მასპინძლებმა იერიშები განაგრძეს და ხუთ წუთში ლელო გიორგი კაჭარავამ მიითვალა, რასაც ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა. 27-ე წუთზე, თავი “ლელოს” კიდევ ერთმა უკანახაზელმა, გიგა კორკელიამ გამოიჩინა და ყიასაშვილის გარდასახვა ახლაც ზუსტი აღმოჩნდა. დაცვაში ჩამჯდარ “არმაზს” კონტრშეტევის შანსი ტაიმის ბოლოსღა მიეცა, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილების გამო, ის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდა, ტაიმის ბოლო წუთზე კი, “ლელომ” თავისი მე-4 ლელო გაიტანა. ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა გუგავამ პირველი დუბლი მიითვალა, რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი 24:0 დასრულდა.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, “არმაზმა” სიტუაციის შეცვლა სცადა და დაახლოებით, 10-15 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარა, ოღონდ საქმე გართულებებამდე არ მისულა. ერთი ეგ იყო, “ლელოს” გოდერძი ჯოგლიძე დაემტვრა, რომელიც სახიფათო გარღვევებით გამოირჩეოდა და შესაცვლელი გახდა.
ტაიმის შუაწელს ლელოელებმა უპირატესობა დაიბრუნეს, მეტოქის აუტი მოიგეს, მოლით შეუტიეს და ვახტანგ მძინარიშვილმა ლელო მიითვალა, ყიასაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა.
შეხვედრის დასრულებამდე ხუთ წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც “ლელომ” შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია, ხორბალაძემ გიორგი ჭინჭარაულთან გაითამაშა და ალამთან მე-6 ლელო დაიდო. რეალიზაცია არაზუსტი იყო და ანგარიში 36:0 დარჩა.
ამის შემდეგ “ლელო” მოეშვა, “არმაზმა” მიცემული შანსით ისარგებლა და იერიშებზე გადავიდა. ახლა მან შეუტია მოლით და ჯგუფური ლელო გაიტანა, რასაც კიკნაძის რეალიზაცია მოყვა. არმაზელებმა ანგარიშის შელამაზების შანსი იგრძნეს, რის შედეგადაც, თაგაურმა გამოიჩინა თავი, ხაზი გაჭრა და თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. კიკნაძის გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო და თამაშიც “ლელომ” 36:12 მოიგო.
თბილისის “ლოკომოტივსა” და “არმიას” შორის თასის მეოთხედფინალში დაწყებული დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში გაგრძელდა. შეხვედრა, ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, უაღრესად დაძაბული გამოდგა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინათ, “ლოკომოტოვი” სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ახლა ეს უპირატესობა შედეგზეც აისახა. თუ სათასო მატჩში “არმიამ” 11:9 იმარჯვა, ამჯერად, საქართველოს ჩემპიონმა უფრო მეტად მოინდომა, ნაკლები შეცდომა დაუშვა და 26:16 იმარჯვა.
“არმიას” მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო ჭავჭავაძემ ამ შეხვედრაში მორაგბეებს ადგილი კვლავ შეუცვალა და ზოგიერთი მორაგბე მისთვის უჩვეულო პოზიციაზე აღმოჩნდა. თუ ერთი კვირის წინათ, ჯაბა ბრეგვაძის 8 ნომრად თამაში იყო მოულოდნელობა, ახლა ის თავის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნდა (ორ ნომრად), მაგრამ ამჯერად, პოზიცია იური ნატრიაშვილმა შეიცვალა და პირველ ნომრად მოგვევლინა. “ვისოლი-ყოჩებში” თამაშისას და ერთი კვირის წინაც შერკინების მესამე ხაზში მობურთალი გიორგი კალმახელიძე უკანახაზელად იქცა და ფლანგზე ითამაშა. ბაირამაშვილმა მგეზავობიდან 15 ნომერზე დაიწია, ხოლო “ათიანზე” ელიზბარაშვილი დადგა.
ამ თამაშს პირველზე ბევრად მეტი მაყურებელი დაესწრო, რადგან მოედანზე კვლავ გამოჩნდნენ “არმიის” გულშემატკივრები - სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები. ამჯერად, მათ თავიანთ გუნდს ვერ უშველეს. ეს იმიტომ, რომ ლოკომოტიველებს ნაკლებად ჰქონდათ ტექნიკური წუნი. საკუთარზე რომ არაფერი ვთქვათ, მეტოქის დერეფნებიც მრავლად მოიგეს. მეტოქე ჯანშიც დაჯაბნეს და ტერიტორიული უპირატესობა ლელოებში გარდასახეს.
ანგარიში “არმიამ” გახსნა - კალმახელიძემ კონტრშეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყო, მას მხარი დარასელიამ აუბა, “ლოკომოტივმა” მეტოქის იერიში ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში შეაჩერა, მაგრამ დაჯარიმდა და ნუცუბიძემ ზუსტად დაარტყა. მალე ჩემპიონმა ცენტრის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა აუტში გაიტანა, საკუთარი მოწოდება მოიგო, რამდენიმე დარტყმა განახორციელა და ჩიტიძემ ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა - 5:3. კვინიხიძეს გარდასახვა გაუფუჭდა და ორიდე წუთში “არმიამ” კარგი იერიში განახორციელა. ბურთი ჯერ მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა, ფეხბურთიდან ორიდე წლის წინათ რაგბიში გადაბარგებულმა ხარაზიშვილმა ხაზი ლამაზად გაჭრა, მართალია, შეაჩერეს, მაგრამ იერიშის მიმართულება მარცხენა ფლანგზე დაბრუნდა და ცხადაძემ ლელო გაიტანა, ნუცუბიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა.
ამის შემდეგ, ბურთი “ლოკომოტივმა” იგდო ხელთ და მეტოქის 22-ში დამკვიდრდა. თითქოს სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ კობერიძემ, ერთი შეხედვით ამოტანილი ბურთი შეტევაში კარგად დააბრუნა, დარასელიამ ის წესების დარღვევით შეაჩერა და ტაიმის მიწურულს სინბინი დაიმსახურა. კვინიხიძემ ჯარიმა კარში არ დაარტყა, ბურთი აუტში გადაიტანა და რამდენიმეწუთიანი მიძალება დაიწყო. თავიდან “არმიამ” გაძლო, მაგრამ მერე მცველებს ენერგია გამოეცალათ, ელოშვილმა ხაზი გაჭრა და თითქოს ლელოც უნდა გასულიყო, მაგრამ ის შეაჩერეს. შეტევაში ვეფხვაძე ჩაერთო და არმიელებმა მისი იერიში ვეღარ მოიგერიეს, კვინიხიძემ კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა და “ლოკომოტივი” დააწინაურა. შესვენებამდე სამიოდე წუთი რჩებოდა, როცა “არმიამ” ბურთის მეტოქის ნახევარზე შეკავება მოახერხა, მეტოქე აიძულა დაჯარიმებულიყო და ნუცუბიძემ ჯარიმით, ზედ შესვენების წინ, “არმია” დააწინაურა - 13:12.
მე-2 ტაიმი დაიწყო თუ არა, აუტში გადატანილი ბურთი “დაიკარგა” და თამაში დაახლოებით 10 წუთი შეწყდა. მორაგბეები რომ არ გაციებულიყვნენ ვარჯიშს შეუდგნენ, მერე ბურთებიც გამოჩნდა და თამაში განახლდა.
მე-2 ნახევრის დაახლოებით თხუთმეტმა წუთმა ლოკომოტიველთა ნახევარზე ჩაიარა და ისინი ორჯერ დაჯარიმდნენ. პირველ ჯერზე ნუცუბიძეს მიზანმა უმტყუნა, მაგრამ მეორე მცდელობა ზუსტი აღმოჩნდა და “არმია” 16:12 დაწინაურდა. ამის შემდეგ “ლოკომოტივი” თამაშს სრულად კი აკონტროლებდა, მაგრამ ფეხით თამაშისას მისმა წევრებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და მომენტები გამოუყენებელი დარჩათ. ისინი ჯარიმებს კარში აღარ ურტყამდნენ და ლელოზე თამაშობდნენ, მაღალმა ტემპმა და მუდმივმა იერიშებმა კი, “არმიას” ქანცი გააცალა.
“ლოკომოტივი” საკუთარ თუ მეტოქის დერეფნებს ერთმანეთის მიყოლებით იგებდა და იერიშებს განაგრძობდა. “არმია” შეტევებს მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე აჩერებდა და მსაჯმაც, 67-ე წუთზე, ბიძინა სამხარაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა. 10 წუთით კაცნაკლულად დარჩენილმა არმიელებმა, მეტოქის მიძალებას ვეღარ გაუძლეს, 73-ე წუთზე გატყდნენ და რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, ჩიტიძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა, რითაც “ლოკომოტივი” დაწინაურდა, კვინიხიძე კი, ზუსტი რეალიზაციით ეს უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა. სანამ მეტოქის შემადგენლობა შეივსებოდა, “ლოკომოტივმა” კიდევ ერთი სწრაფი შეტევის განხორციელება მოასწრო, ასეთ ტემპში ვერავინ დაინახა, ჩიტიძემ რაქიდან თავისუფალი ბურთი როგორ აიტაცა, ხაზი გაჭრა და სეზონის პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა. კვინიხიძის რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი იყო - 26:16. დარჩენილ დროში “არმიამ” გაიბრძოლა, მეტოქე, გუნიავას სინბინის შემდეგ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ შეტევა შედეგიანი არ აღმოჩნდა და ჩემპიონმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ამავე დღეს, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, “ყოჩებმა” “აკადემიას” უმასპინძლა. ამ გუნდებს შორის გამართული თასის მეოთხედფინალური შეხვედრა ფრედ, 9:9 დასრულდა და “ყოჩები” ნახევარფინალში მხოლოდ უკეთესი სარეიტინგო მდგომარეობის გამო გავიდა. აკადემიელებმა ამჯერად უკეთ ითამაშეს, მეტოქე 19:15 დაამარცხეს და ერთი კვირის წინანდელისთვის შური იძიეს. ქუთაისის “აიამ” რუსთავის “ხარებს” ამჯერად ფოთში უმასპინძლა და ერთი კვირის წინანდელზე მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა - 35:0 (ერთი კვირის წინათ, “აიამ” ვანში 50:0 იმარჯვა).
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
9 აპრილი. I ტური
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 36:12 (24:0)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე (გოდერძი ჭინჭარაული 44), 13. კორკელია, 12. ანდღულაძე (ლომინაძე 41), 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა (გიორგი ჭინჭარაული 67); 1. სანიკიძე (კვერნაძე 70), 2. გაბელია, 3. სუჯაშვილი (პატარაია 61), 4. აზალაძე, 5. ქოიავა (სურგულაძე 50), 6. მძინარიშვილი, 7. დაუშვილი, 8. სარდანაშვილი (ხორბალაძე 41).
6 ლელო: გუგავა (2), კაჭარავა, კორკელია, მძინარიშვილი, გიორგი ჭინჭარაული
3 რეალიზაცია: ყიასაშვილი
არმაზი: 15. კოტორაშვილი, 14. გაბროშვილი, 13. კაიფაჯიანი, 12. მჟავანაძე (ჩხაიძე 67), 11. ხუციშვილი, 10. კიკნაძე, 9. მისრიაშვილი; 1. ბუკია, 2. სოსელია, 3. ესართია, 4. ჭელიძე (თაგაური 61), 5. ბაბალაშვილი (ჯიშკარიანი 41), 6. კანდელაკი, 7. მინაშვილი, 8. რამიშვილი (ჩომახაშვილი 41).
2 ლელო: სოსელი, თაგაური
1 რეალიზაცია: კიკნაძე
თბილისი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი) 26:16 (12:13)
ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. კავთიძე, 13. ბერძენიშვილი, 12. ხაჩირაშვილი (ხუციშვილი 70), 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. ოზგებაშვილი (გუნიავა 45), 5. გუჯარაიძე, 6. ნიშნიანიძე, 7. ჩიტიძე, 8. ბერიშვილი.
4 ლელო: ჩიტიძე (3), ვეფხვაძე
3 რეალიზაცია: კვინიხიძე
1 სინბინი: გუნიავა
არმია: 15. ბაირამაშვილი, 14. ხარაზიშვილი, 13. ნუცუბიძე (ზაბახიძე), 12. ნადარეიშვილი, 11. კალმახელიძე, 10. ელიზბარაშვილი, 9. სამხარაძე; 1. ნატრიაშვილი, 2. ბრეგვაძე, 3. შენგელია (ქორიძე 45), 4. ჟღენტი, 5. ცხადაძე (კაკოვინი), 6. გურჩაძე (კობახიძე), 7. ბიწაძე, 8. დარასელია.
1 ლელო: ცხადაძე
1 რეალიზაცია: ნუცუბიძე
3 ჯარიმა: ნუცუბიძე
2 სინბინი: დარასელია, სამხარაძე
თბილისი. “შევარდენი”.
ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 15:19
ფოთი. მალთაყვა.
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 35:0
II ტური. 16 აპრილი
არმია - ხარები, ლოკომოტივი - ლელო, არმაზი - ყოჩები, აკადემია - აია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია