რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” მეოთხედფინალში, სამი ქართული გუნდიდან, გამარჯვება მხოლოდ “კლერმონმა” მოიპოვა და თასის ნახევარფინალში გააღწია, “მონპელიე” და “ბრივი” კი მცირე სხვაობით დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ.
დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, ფრანგულ დერბიში Top 14-ის აუტსაიდერ “ლა როშელს” ეწვია და 23:13 იმარჯვა. “ჰეინეკენის თასიდან” გავარდნის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონი აქცენტს შიდა პირველობაზე აკეთებს და ამიტომ, რანგით მეორე ევროტურნირზე მეორე შემადგენლობით თამაშობს. შესაბამისად, ქართველი პირველხაზელი, რომელმაც Top 14-ის გასული ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, განაცხადში არ იყო და მომავალი დაპირისპირებისთვის ემზადება. მისმა თანაგუნდელებმა, “ლა როშელს” პირველი ტაიმი 13:6 მოუგეს, მაგრამ 64-ე წუთზე, ლელო და რეალიზაცია გაუშვეს და წონასწორობა აღდგა. ამან “კლერმონი” გააღიზიანა, დასკვნით ათ წუთში იმძლავრა, ჯერ ლელო გაიტანა და რეალიზაცია გამოიყენა, მერე კი ჯარიმიდანაც იხეირა და ნახევარფინალში გავიდა.
“მანსტერმა” დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი” საფრანგეთში დაამარცხა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, საწყის წუთებში მასპინძელთა ყველა შეცდომა გამოიყენეს და მეხუთე წუთისთვის, ორი ლელოთი და ერთი რეალიზაციით, უკვე 12:0-ს იგებდნენ. ფრანგებმა ყურები არ ჩამოყარეს, მალე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მე-17 წუთზე, ლელოთი და რეალიზაციით მეტოქეს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, კიდევ სამ წუთში კი, მეორე ლელო მიითვალეს და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, 17:12 დაწინაურდნენ. მალე მათ, კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყეს და მოლით ოციოდე მეტრი მოიგეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს, ირლანდიელებმა კი, სამოცდაათმეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დააგვირგვინეს და რეალიზაციით კვლავ წინ გაიჭრნენ.
ტაიმის ბოლოს, “ბრივმა” ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნდა და პირველი ნახევარი 20:19 მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ჯარიმითვე უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა, მაგრამ იქვე ლელო გაუშვა, რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა - “მანსტერი” 26:23 დაწინაურდა. ამას მასპინძელთა ოცწუთიანი ჩავარდნა მოჰყვა და ირლანდიელებმა ამ პერიოდში ჯერ ლელო-გარდასახვით, შემდეგ კი სამი ჯარიმით, უპირატესობა ცხრამეტ ქულამდე გაზარდა - 42:23. “ბრივის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდა, დასკვნითი ათი წუთი მასირებულ შეტევებში გაატარა, ვასილ კაკოვინმა კარგი დარტყმები განახორციელა და მისმა გუნდმა ორი ლელო გაიტანა, რომლებსაც ზუსტი რეალიზაციები მოჰყვა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად “ბრივს” დრო აღარ ეყო და 37:42 დამარცხდა. ლელოუხვ, სანახაობრივ შეხვედრაში, ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის, კაკოვინმა 48-ე წუთზე შეცვალა.
მოსაგები თამაში დათმო მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიემ”. “მონპელიეს” ხელმძღვანელობას “ჩელენჯ ქაფი” ნაკლებად პრესტიჟულ ტურნირად მიაჩნია და ამის გამო, იქ მეორე შემადგენლობით თამაშობს. შესაბამისად, გორგოძე და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ, ჩხაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე კი, თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.
ორი კვირის წინ, “მონპელიემ” “სტად ფრანსეს”, Top 14-ის მატჩში ქართველთა გარჯით აჯობა - გორგოძის დაწყებული იერიში ჟღენტმა ლელოთი დააგვირგვინა, ახლა კი, ყველაფერი პირიქით მოხდა. სტუმრებმა საწყის ოც წუთში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს და 16:0 დაწინაურდნენ. მე-7 წუთზე გატანილი ჯარიმის შემდეგ, “მონპელიემ” მორიგი იერიში წამოიწყო, ზედ ხაზზე სამი პარიზელის მიერ შებოჭილ თანაგუნდელს ჩხაიძე წამოეშველა და ისინი ისე გადააქცია, რომ ლელო გავიდა, რომელიც ჩხაიძის ანგარიშზე ჩაიწერა. შემდეგ სტუმრებმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს და სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ სამი წუთის ინტერვალში დაშვებული ორი შეცდომა, მათ ორი ლელოს ფასად დაუჯდათ და 29-ე წუთზე, ანგარიში ოთხ ქულამდე შემცირდა - 12:16.
ტაიმის ბოლოს, სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს, მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმიდან ერთხელაც იხეირეს და 22:12 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლები ამოძრავდნენ და ჯერ ჯარიმით იხეირეს, 54-ე წუთზე კი ლელო მიითვალეს და ზუსტი გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. 57-ე წუთზე, “სტად ფრანსემ” კიდევ ერთი ლელო-გარდასახვა გაიტანა და 29:22 დაწინაურდა. ხუთიოდე წუთში, სტუმრებმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მასპინძლებმა ერთი ჯარიმით მალევე უპასუხეს, მერე მეტოქის იერიშები უნარიანად მოიგერიეს და 32:28 იმარჯვეს.
ამრიგად, “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალში, ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” გავიდა და ოცდაათ აპრილს, მისი მეტოქე “სტად ფრანსე” იქნება. ირლანდიური “მანსტერი” პირველ მაისს ინგლისურ “ჰარლექუინსს” ეთამაშება, რომელმაც “უოსპსი” 32:22 დაამარცხა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია