ერთადერთი ქართველი ლეგიონერი, რომელსაც წელს “ჰეინეკენის თასის” მოგების შანსი ჰქონდა, დავით ქუბრიაშვილი იყო, მაგრამ მეოთხედფინალში მისი “ტულონი” “პერპინიანთან” 25:29 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
თამაში ესპანეთში, ბარსელონაში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა და მას 55 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც “ჰეინეკენის თასის” მეოთხედფინალური ეტაპისთვის, დასწრების თვალსაზრისით სარეკორდო მაჩვენებელია. “ტულონი” პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ის ათ-ათი წუთით ორჯერ დარჩა მეტობაში, მაგრამ მეტოქის სინბინებით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, ამის გამო დაისაჯა კიდეც. თავიდანვე გეტყვით, რომ ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა.
50 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, უილკინსონმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნა, მე-9 წუთზე კი, “პერპინიანი” ათი წუთით კაცნაკლული დარჩა. ამით სტუმრებმა ვერ ისარგებლეს და 30-ე წუთზე, მასპინძლებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს. სამ წუთში ისინი სინბინის გამო კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ კაცნაკლულნი. მალევე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ზედ შესვენების წინ კი, “ტულონმა” ლელო გაიტანა და ტაიმი 11:6 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში, სანამ “პერპინიანის” შემადგენლობა შეივსებოდა, მათ ჯარიმა გაიტანეს და ამრიგად, ნაკლულობაში მყოფმა მეტოქემ მათზე მხოლოდ ორი ქულით მეტი გააკეთა, რაც ძალიან ცოტაა. 51-ე წუთზე, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და შეხვედრაში პირველად დაწინაურდნენ, თანაც რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ ორიოდე წუთში სტუმრებმა ლელოთივე უპასუხეს, წონასწორობა აღადგინეს, შემდეგ რეალიზაცია ზუსტად შეასრულეს და 18:16 დაწინაურდნენ. 62-დან 73 წუთამდე, “ტულონმა” შეხვედრა დათმო. ამ მონაკვეთში “პერპინიანმა” ორი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ ზედ ლელო-გარდასახვა მიაყოლა და ცხადი გახდა, რომ სტუმრებს დარჩენილ შვიდ წუთში 11-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა გაუჭირდებოდათ. ასეც მოხდა, “ტულონის” იერიშებმა შედეგი ბოლოსღა გამოიღო, მათ ლელოს ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შემცირდა, მაგრამ დრო აღარ იყო და ქუბრიაშვილი “ჰეინეკენის თასზე” ოცნებას დაემშვიდობა.
დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალის მეორე ფრანგული დერბი, სადაც “ბიარიცი” “ტულუზას” მასპინძლობდა. პირველ ტაიმში სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს, რეალიზაციები გამოიყენეს, ზედ ერთი ჯარიმა მიაყოლეს და 17:0 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში, ქართული წარმოშობის ფრანგმა, დიმიტრი იაშვილმა ოთხი ჯარიმა გაიტანა და სულ ბოლოს, მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეეძლო, როდესაც ბოლო წუთზე გატანილი ლელოს შემდეგ რეალიზაციას ასრულებდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. იქ იაშვილის ჯარიმა ზუსტი აღმოჩნდა და “პერპინიანი” დაწინაურდა, მაგრამ დამატებითი დროის ამოწურვამდე ოთხი წუთით ადრე, “ტულუზამ” ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ერთ წუთში ლელო გაიტანა და რეალიზაცია გამოიყენა, რის შედეგადაც მატჩი 27:20 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
დანარჩენ ორ მეოთხედფინალში, ინგლისურ-ირლანდიური დაპირისპირებები შედგა და გამარჯვებები მასპინძლებს დარჩათ. ირლანდიურმა “ლინსტერმა” ინგლისურ “ლესტერს” 17:10 აჯობა, ხოლო ინგლისურმა “ნორთჰემპტონმა” ირლანდიურ “ოლსტერს” 23:13 აჯობა. ნახევაფინალური მატჩები აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში გაიმართება. ოცდაათ აპრილს “ლინსტერი” “ტულუზას” უმასპინძლებს, ხოლო პირველ მაისს “ნორთჰემპტონი” “პერპინიანს” დაუხვდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია