2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ბორჯღალოსნები“ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს 12 მარტს, საქართველოს დროით 16:00 საათზე სოჭში, ისტორიაში მეოცედ დაუპირისპირდებიან. განვლილ 19 მატჩიდან ქართველებმა 17 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ, ისიც 23 წლის წინ, პირველ ჯახში დამარცხდნენ.
worldrugby.ge აგრძელებს რუბრიკას და მომავალი შეხვედრის წინ მკითხველს განვლილი თამაშებისათვის თვალის გადავლებას სთავაზობს:
ქართულ-რუსული სარაგბო დაპირისპირება სათავეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან იღებს [საკლუბო დონეზე] და ის მუდამ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმძაფრით, ხოლო პირველი სანაკრებო რკენა 1993 წელს, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა. ომში ჩაფლული ქვეყნის ნაკრებმა ხეირიანი მომზადება ვერც შეძლო და პოლონეთში, სოპოტის „ოგნივოს“ მოედანზე გამართული ჯახი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. იყო დიდი ჯაჯგური და ფეხით თამაში. ღონეში რა თქმა უნდა ქართველებმა იმძლავრეს, მაგრამ სირბილში და ფეხოსნობაში მეტოქემ გვაჯობა. ნუგზარ ძაგნიძემ 7-უდან მხოლოდ სამი ჯარიმა შეაგდო, 6:12-ზე არეკნი ძელს გაარტყა და საბოლოოდ, დაძაბული ბრძოლა 9:15 დავთმეთ.
ესაა ერთადერთი მარცხი რუსეთთან, რის შემდეგაც 23-წლიან ისტორიაში „დათვებმა“ ერთადერთხელ შეძლეს მოედნიდან დაუმარცხებლად გასვლა. იყო დრო, როდესაც „ბორჯღალოსნები“ თავისზე ძლიერ თუ არა თანასწორ გუნდს მაინც ერკინებოდა, ბოლო წლებში კი, ქართული რაგბის წინსვლის ფონზე ზღვარი გაიზარდა და ახლა საქართველოს ნაკრები მეტოქეზე რამდენიმე თავით მაღლა დგას, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობა რაგბიში ძვირად ფასობს და ჩვენებიც ყველა მომდევნო ჯახისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან. მონდომება არ დაეწუნება მეტოქესაც, თუმცა რაგბი უწინარესად ხასიათის თამაშია, აქ რუსი ქართველთა ახლოსაც ვერ მივა და როდესაც ამ ხასიათს მაღალი ინდივიდუალური თუ გუნდური ოსტატობაც ემატება, მეტოქეს ელემენტარული შანსიც არა აქვს.
პირველი ჯახიდან 3 წლის თავზე რევანში და ძლევამოსილი გამარჯვება „ეროვნულ სტადიონზე“ შედგა - 29:20. ვეტერანთა და ახალგაზრდების ნაზავმა დიდი მონდომებით იბურთავა და ერთის წილ სამი ლამაზი ლელო დადო. ქართველები თავიდანვე დაწინაურდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ბოლო მეოთხედში მეტოქე 2-ქულამდე წამოგვეწია, მაგრამ აქ ტრიბუნები აგუგუნდა და მესამე ლელოც გავიდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომელიც აგერ უკვე 17 მოგებას მოიცავს.
1998 წელს „დათვები“ თბილისს მეორედ ეწვივნენ და წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ამჯერად ლეგიონერებიც იახლეს. ეს იყო მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩი. მაყურებელმა ლელო ვერ იხილა და ქართველებმა 12:6 მოიგეს, რითაც მსოფლიო რაგბის ფორუმზე გასვლისათვის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. რუსებს 4 ჯარიმა გაუტანა 18 წლის მახო ურჯუკაშვილმა. ბოლოს „დათვებმა“ მოინდომეს და მაგრად მიეძალნენ ქართველთა ჩათვლის მოედანს, მაგრამ მცველებს ძვრა ვერ უყვეს, ძლიერი და მრავლობითი ბოჭვებით ქართველებმა მომხდურს ხასიათი წაუხდინეს და მაყურებლის პატივისცემა და დიდი სიყვარული დაიმსახურეს.
2000 წლიდან ევროპის რაგბის მმართველებმა ერთა თასი დააწესეს და საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებამ რეგულარული ხასიათი მიიღო. ამ ტურნირის ეგიდით პირველი ჯახი 2001 წლის 4 მარტს, კრასნოდარში შედგა. დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს იყო ქართველთა პირველი სტუმრობა რუსთა მიწაზე და ჯერ კიდევ მაშინ გამარჯვებას მოწყურებულმა რუსებმა მოედანს მიღმა არაერთი პრობლემა შექმნეს: გაჭირდა რუსეთში ჩასვლა, ავტობუსმა სტადიონის ნაცვლად „შემთხვევით“ გეზი აეროპორტისკენ აიღო, სტადიონზე მისულ ქართველებს არ დახვდათ გასახდელი, რეფერის შეემთხვა ბევრი შეცდომა, მაგრამ მეტოქეს ამანაც ვერ უშველა - 25:23.
პირველ ტაიმში პირქარში ვირაგბეთ და რუსებმაც ორი ლელო დადეს, მაგრამ მერე 5-მეტრა შერკინებიდან ქართველებმაც ორჯერ იხეირეს - ერთხელ საჯარიმო ლელო მიითვალეს და ერთხელაც ილია ზედგინიძემ დაამიწა. საათის თავზე ანგარიში გათანაბრდა, აქ ვასილ აბაშიძემ წამოიწყო იერიში და ლელოში ბურთი გია ლაბაძეს შეაყოლა. სულ ბოლოს, გვარიანად გადაცილებულ დროზე რუსებმა ლელო კიდეზე დადეს, მაგრამ ქარში გარდასახვა ვერ გაიტანეს და 2 ქულით დამარცხდნენ.
2002 წელს „დათვები“ ორჯერ გვეწვივნენ თბილისში - პირველად ერთა თასის [რომელიც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპსაც წარმოადგენდა] და მეორედ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით. რადგან წელი მსოფლიო თასზე მოსახვედრ ეტაპსაც მოიცავდა, რუსებმა სამხრეთ აფრიკელი მორაგბეები დაიმატეს და გვარიანად გაძლიერებული შემადგემლობით გვეწვივნენ. პირველი სტუმრობა 3 მარტს შედგა და გუნდებს შორის ერთადერთი ფრეც დაფიქსირდა.
აქ ქართველებმა შეცდომები დაუშვეს, 9:9-ზე მეტოქის ერთბაშად გარეხა განიზრახეს, ორჯერ გასატანი ჯარიმა აუტში გადაიტანეს და ლელოზე ითამაშეს, რის გამოც დასკვნით 10 წუთში 3 ქულით ჩამოვრჩით და გაგვიმართლა, მეტოქემ მეხუთე ჯარიმა რომ ააცილა. შედეგად, ბოლოსწინა წითზე პალიკო ჯიმშელაძემ ახლოდან გაათანაბრა და მერე შორეული დარტყმა გაუცუდდა, თორემ ისტორიას ეს ერთი ფრე აღარ „გამოეჩხირებოდა“.
13 ოქტომბერს გუნდები „ეროვნულზე“ ერთხელაც შეიბნენ. სასწორზე მსოფლიო თასის საგზური იდო. ქართველებმა მეტოქეს რაგბის თამაშის ცოდნაში აჯობეს, მაგრამ „დათვებმა“ ბოლომდე იბრძოლეს და ლელოთი დაწინაურდნენ კიდეც. საპასუხო ლელო მოლით ლევან ცაბაძემ დადო და 17:13 პირველად მოვიპოვეთ მსოფლიო თასზე თამაშის უფლება, რითაც სტადიონზე შეკრებილმა 50-ათასმა გულშემატკივარმა გულიანად გაიხარა.
მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე „ბორჯღალოსნები“ მეორედ ეწვივნენ კრასნოდარს და აფრიკელების გარეშე დარჩენილ რუსებს 23:17 მოუგეს. რუსები იქადნებოდნენ, ქალბატონებს 8 მარტს გამარჯვებით მივულოცავთო და ტაიმში ოთხჯერაც დაწინაურდნენ, მაგრამ კარგად ითამაშა ქართველთა დაცვამ და განსაკუთრებით პალიკო ჯიმშელაძემ, რომელმაც 23-ივე ქულა ლელოთი და ჯარიმებით პირადად შეგვძინა.
მსოფლიო თასის მოვლის შემდეგ ქართული რაგბის პროგრესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და რუსებთან სხვაობამ, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე ანგარიშის სხვაობით, ზრდა დაიწყო. 2004 წელს რუსებს პირველად თოვლ-ჭყაპში ვერაგბეთ. გადახალისებულ გუნდს მრავლად ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ორჯერ მეტჯერ შეცდნენ რუსები, მოედანზე რამდენჯერმე ატყდა ჩხუბი და ულელოო თამაში საბოლოოდ 9:3 დასრულდა. წლის ბოლოს „დათვებს“ კრასნოდარში ვეწვიეთ და უჩვეულოდ იოლად, 27:15 ვძლიეთ. ქართველებმა მეტოქეს პირველად დაუდეს 4 ლელო, მე-9 შეხვედრაში მე-7 გამარჯვება მოიპოვეს და იმ დროისთვის სარეკორდო სხვაობა დააფიქსირეს.
მომდევნო წელს რუსებმა ქართველებისგან დაისვენეს, მერე კი, აღმოაჩინეს, რომ ამ პერიოდში სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილიყო. უკვე მომდევნო მატჩში, 2006 წლის 4 თებერვალს რამდენიმე ახალი რეკორდი დამყარდა. „ეროვნულზე“ „რუსთა რბევა“ 46:19 დასრულდა, დაფიქსირდა ახალი რეკორდი გატანილი ქულების [46], ლელობის [6] და სხვაობის [27] კუთხით. დუბლი შეასრულა ბესო უდესიანმა, ხოლო თითო-თითო ლელო აქვსენტი გიორგაძის, პალიკო ჯიმშელაძის, ირაკლი მაჩხანელის და ბიძინა სამხარაძის ანგარიშზეა.
რუსებმა ნაკრების პროგრესი ქართული გაკვეთილებით განიზრახეს და გუნდი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფრანგს, კლოდ სორელს ჩააბარეს, მაგრამ ბუნებამ მაინც თავისი გაიტანა. „დათვებმა“ პირველ ტაიმში გვანერვიულეს და შესვენებამდე რამდენიმე ორიოდე წუთით ადრე 9:3 იგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს დადებული ლელოთი 10:9 დავწინაიურდით და ინიციატივა ხელიდან აღარც გაგვიშვია. მეტოქე გატყდა, ჯამში 4 ლელო გავიტანეთ და 31:12 ვიმარჯვეთ.
მსოფლიო თასის შემდგომ გუნდებში თაობათა ცვლა დაიწყო და 2008 წელს და მეტოქემაც ახალ ხერხს მიმართა - სათამაშოდ პირდაპირ ციმბირში, კრასნოიარსკში ჩაგვიყვანა. მიუხედავად ციმბირული ყინვისა და მოყინული მოედნისა, მეტოქეს არაფერი გამოუვიდა და ნამატჩევს ისიც იკადრა, მოედანი ძალისმიერ სტილში მოთამაშე ქართველების წისქცილზე ასხამდა წყალს, თორემ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდაო. მეტოქემ ორჯერ აგვიტეხა გუნდური ჩხუბი და ორივეჯერ მაგრად გაილახნენ. მსაჯმა ორი მორაგბეც გაგვისინბინა და 10 წუთი 13 კაცის ამარა დაგვტოვა, რუსმა გვერდითმა მსაჯმა ერთი ნაღდი ლელოც გაგვიუქმა, მაგრამ რუსებს არაფერმა უშველა. იმ პერიოდის კრასნოიარკის „ენისეი-სტმ“-ში მოთამაშე დავით კაჭარავამ და რატი ურუშაძემ ლელოები დადეს, მასპინძლებმა ჯარიმების ხარჯზე შერჩეს ბოლო წუთამდე ინტრიგის შენარჩუნება, მაგრამ კანონზომიერება არ დარღვეულა და საქართველომ 18:12 იმარჯვა.
მერე იყო რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომი და უკვე გახუნებულმა ქართულ-რუსულმა სარაგბო დაპირისპირებამ სხვა ჭრილში გადაინაცვლა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით ,მომდევნო ორი თამაში ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართა. 2009 წელს ჩრდილოელმა მეზობელმა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე რუსულ ქალაქ მარიუპოლში გვიმასპინძლა, სადაც ლენინის ძეგლი ჯერ კიდევ იდგა ცენტრალურ მოედანზე.
გავრცელებული ცნობით, მაშინ რუსეთის მთავრობა მორაგბეებს მოგების სანაცვლოდ არნახულ პრემიებს დაპირდა, მაგრამ ბიჭებს უსამართლო და არათანასწორი ომით გამოწვეული ტკივილი ჯერაც არ განელებოდათ და არნახული თავგამოდებით იბრძოლეს. გაუთვალისწინებლობის თავიდან ასარიდებლად, ყველამ მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა, არავინ აყვა პროვოკაციებს, რითაც მოედანზე ნაკლულად დარჩენა თავიდან ავირიდეთ და დიდი უპირატესობა მოვიპვეთ. დასკვნით მეოთხედში შესვლისას 24:6 ვიგებდით, მაგრამ მერე მეტოქემ ქართველთა მოდუნებით ისარგებლა, ორი ლელო გაიტანა და ბოლო წუთზე სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. ბოლო სიტყვა გია ლაბაძემ და გიორგი ჩხაიძემ თქვეს, რომელთაც მატჩის განახლებისთანავე მეხუთე ლელო შექმნას და „ბორჯღალოსნებმა“ 29:21 იმარჯვეს. აღსანიშნავია,რომ რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაზე უკრაინაში მცხოვრები ქართველები სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ და შეძახილებით ამხნევებდნენ ქართველ მორაგბეებს. გულშემატკივართა გადმოცემით, ტრიბუნები „ხუთჯვრიანი“ დროშით იყო სავსე და რუსეთის მწვრთნელ ნიკოლაი ნერუშს, მისსავე თქმით თავი საქართველოში ეგონა.
2010 წლის 20 მარტს ერთი დღით ქართულ ქალაქად იქცა ტრაბზონი - იმ დღეს საქართველო რუსეთს ეთამაშებოდა და რაგბის ქომაგიც მრავლად გადავიდა მეზობელ თურქეთში. თითქოს ეს არ კმაროდა და ადგილობრივი გულშემატკივარიც ქართველებს მიემხრო. მაგრამ დებიუტში რუსებმა მერაბ კვირიკაშვილის არეკნს ლელოთი უპასუხეს, თანაც ორი ქართველი დაშავდა და... დაძაბულობა დავით ზირაქაშვილმა მოხსნა, რომელმაც ბურჯისთვის უჩვეულო სისწრაფეზე ხაზი სუფთად გაჭრა და თამაშის მსვლელობა ჩვეულ კალაპოტში დააბრუნა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მოედანზე დაბრუნდა თავგაპობილი ირაკლი აბუსერიძეც და საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებაში ახალი სარეკორდო სხვაობა დაფიქსირდა - 36:8. ტრაბზონში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს სულ 5 ლელო გაუტანეს და ამ მოგებით საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე პირველი ადგილით გავიდა.
2011 წლიდან რაგბის საერთაშორისო საბჭომ შეზღუდვა მოხსნა და რუსეთმა სოჭში გვიმასპინძლა, წვიმიან ამინდში, ატალახებულ მოედანზე დიდი ბრძოლა გაგვიმართა, მაგრამ ტრადიციულად, ჯანში დაიჩაქრა. მეორე ტაიმში „დათვებმა“ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს [10:9] დაიყვანეს, თუმცა ქართველთა მოლს ვერაფერი მოუხერხეს, ჯაბა ბრეგვაძემ ლელო დადო და საქართველომ 15:9 იმარჯვა.
ამ თამაშმა რუსებს სამომავლოდ წარმატების იმედი ჩაუსახა, 2012 წელს ისინი თბილისს სახეცვლილი შემადგენლობით ეწვივნენ, აქაოდა „ძველებს“ ქართველების კომპლექსი რომ აქვცთ იმიტომ ვმარცხდებითო და შედეგმაც არ დააყოვნა. „მიხეილ მესხზე“ მისულმა მაყურებელმა ქართველთა 6 ლელო იხილა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი, ტაბლოზე ახალი რეკორდი დაფიქსირდა - 46:0.
ტრადიცია არც მომდევნო წელს დაგვირღვევია და საიუბილეო, 150-ე მატჩში, სოჭში „დათვები“ 23:9 დავამარცხეთ. კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო, რაც შედეგზე სათანადოდ აისახა და ლელოები ვიტო კოლელიშვილმა და დავით ქუბრიაშვილმა დადეს, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა 3 საჯარიმო და 2 გარდასახვა შეასრულა.
2014 წლის ერთა თასის შეხვედრაში, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრასაც წარმოადგენდა, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე განახლებულ „დინამო არენაზე“ მიიღეს და ქვეყნის ცენტრალურ სტადიონზე დაბრუნება 36:10 მოგებით აღნიშნეს. შედეგად, შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისში გასამგზავრებელი ბილეთები ოფიციალურად დაჯავშნეს. რუსებმა პირველ ტაიმში იბრძოლეს და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩნენ, მაგრამ როგორც წესი გუნდების თანაფარდობა მეორე ტაიმში იკვეთება და საბოლოოდ შედეგიც ლოგიკური დადგა. ლელოები, დავით ზირაქაშვილმა, ვიტო კოლელიშვილმა, მამუკა გორგოძემ დათედო ზიბზიბაძემ დადეს, ბოლოს კი, მეტოქე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.
შარშან „დათვებს“ „მიხეილ მესხზე“ დავუხვდით და უკვე მეორედ, შინ ისე გავისტუმრეთ, რომ ქულაც არ ავაღებინეთ - 33:0. სტუმრებმა ტრადიციულად, პირველ ტაიმში იბრძოლეს და მხოლოდ 0:6 ჩამორჩნენ - მერაბ კვირიკაშვილმა, რომელსაც იმ დღეს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, ორი ჯარიმა გაიტანა. რუსების დაცვა კარგად თამაშობდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში კლასმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და სამი ლელო გავიდა. თავი დავით კაჭარავამ, ზურაბ ჟვანიამ და კარლენ ასიეშვილმა გამოიჩინეს.
რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში ესპანეთი [22:20] და გერმანია [46:20] დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ესპანელებთან რუსები 76-ე წუთზე ჩამორჩნენ, მაგრამ თამაში რომ განახლდა ეგრევე ლელო გაიტანეს და ამის ხარჯზე მოიგეს. გასულ ტურში მათ რუმინეთში სრული ფიასკო განიცადეს და 0:30 შერცხვნენ.
„ბორჯღალოსნებმა“ გასული 3 თამაშიდან სამივე პრემიით მოიგეს - გერმანიასთან 59:7, პორტუგალიასთან 29:3, ხოლო ესპანეთთან 38:7. მომავალ ჯახში ქართველებს დააკლდება მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, მერაბ შარიქაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და ლევან დათუნაშვილი.წლევანდელ შეკრებაზე პირველად გამოჩნდნენ კონსტანტინე მიქაუტაძე და ჯაბა ბრეგვაძე.
რუმინეთთან მარცხამდე რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ წელს ქართველებთა მარცხიან სერიას შეწყვეტდნენ. ამ აზრს ახლაც ახმოვანებენ, ოღონდ ორი კვირის წინანდელივით ომახიანად, ვერა. მიუხედავად ამისა, რუსეთის რაგბის კავშირი სოჭის სტადიონზე ხელოვნურად გეგმავს მაყურებლის მიყვანას, რისი რეპეტიციაც გერმანელებთან შეხვედრისასა გაიარა. ტრადიციუყლად, სოჭში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობა არ აკლია და ამ მხრივ განსხვავებული არც 2016 წელი იქნება.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრების ყველა მატჩი
1993 | 25/05 | სოპოტი [პოლ] | მთშ | წ | 09:15 | 0/0 |
1996 | 20/10 | ეროვნული | ფირა | მ | 29:20 | 3/1 |
1998 | 20/05 | ეროვნული | მთშ | მ | 12:06 | 0/0 |
2001 | 04/03 | კრასნოდარი | ეთ | მ | 25:23 | 3/3 |
2002 | 03/03 | ეროვნული | ეთ | ფ | 12:12 | 0/0 |
2002 | 13/10 | ეროვნული | მთშ | მ | 17:13 | 1/1 |
2003 | 08/03 | კრასნოდარი | ეთ | მ | 23:17 | 1/1 |
2004 | 06/03 | ვაკე | ეთ | მ | 09:03 | 0/0 |
2004 | 20/11 | კრასნოდარი | ეთ | მ | 27:15 | 4/2 |
2006 | 04/02 | ეროვნული | ეთ | მ | 46:19 | 6/1 |
2007 | 24/03 | ეროვნული | ეთ | მ | 31:12 | 4/0 |
2008 | 12/04 | კრასნოიარსკი | ეთ | მ | 18:12 | 2/0 |
2009 | 22/03 | მარიუპოლი [უკრ] | ეთ | მ | 29:21 | 5/2 |
2010 | 20/03 | თრაბზონი [თრქ] | ეთ | მ | 36:08 | 5/1 |
2011 | 19/03 | სოჭი | ეთ | მ | 15:09 | 2/0 |
2012 | 17/03 | ვაკე | ეთ | მ | 46:00 | 6/0 |
2013 | 23/02 | სოჭი | ეთ | მ | 23:09 | 2/0 |
2014 | 22/02 | ეროვნული | ეთ | მ | 36:10 | 5/1 |
2015 | 14/03 | ვაკე | რეჩ | მ | 33:00 | 3/0 |
სულ | 19 [10შ ' 6გ ' 3ნ] | 17-1*1 | 476:224 | 52/13 |
ელენე ლომსაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩააძაღლეთ
უნდა მოვიგოთ დიდი ანგარიშით