ამბები

11:44 | 15.04.2011 | ნანახია 2278 - ჯერ

“ლიბერთი ბანკი” და რაგბის კავშირი დამეგობრდნენ

საქართველოს რაგბის კავშირსა და “ლიბერთი ბანკს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს ორგანიზაცია აგერ უკვე მეორედ გახდა “ბორჯღალოსანთა" პარტნიორი. “ლიბერთი ბანკი” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეგობარი გასული წლის მიწურულს, კანადასა და აშშ-ს ნაკრებებთან გამართულ ტესტ-მატჩებში იყო, ახლა კი, მასთან მსოფლიო თასზე იმეგობრებს.
ბანკმა ახალი პროდუქტი - “პატრიოტი ქომაგი 2011” გამოუშვა, რომელსაც ვადა 2012 წლის ოცდასამ  ოქტომბერს, ანუ მსოფლიო თასის დასრულებიდან ზუსტად ერთ წელიწადში ეწურება. ამ ანაბრის საბაზისო საპროცენტო განაკვეთი წლიურად თოთხმეტ პროცენტს შეადგენს, მაგრამ ამ საპროცენტო განაკვეთის ზრდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო თასზე მოპოვებული წარმატების კვალდაკვალ გაიზრდება: ჯგუფში ერთი მოგების შემთხვევაში, განაკვეთი სამი პროცენტით გაიზრდება; ორი მოგების შემთხვევაში - 7 პროცენტით; ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საბაზისო განაკვეთი 12%-ით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო თასის მოგების შემთხვევაში - 25%-ით.
აქედან გამომდინარე, რაც უფრო წარმატებით იასპარეზებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე, მით მეტი სარგებელი დაერიცხება რაგბის ქომაგს, რომელიც “ლიბერთი ბანკში” გახსნის ანაბარს “პატრიოტი ქომაგი 2011”. ამას გარდა, “ლიბერთი ბანკი” საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს პრემიებს გადასცემს. რაც მეტი შეგროვდება ანაბრის თანხა, მით მეტი იქნება პრემიის მოცულობა. პრემია გაიცემა შემდეგი პრინციპით: ვთქვათ, ნაკრებმა მოიგო ერთი მატჩი, შეგროვილი ანაბრების თანხამ კი, 20 მილიონი ლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში ბანკი საკუთარი ხარჯით ნაკრების წევრებს პრემიის სახით გადასცემს ანაბრების ჯამური მოცულობის 1%-ს, ანუ 200 ათას ლარს.
ანაბრის გახსნა უფასოა, ვალუტა - ლარი, ხოლო მინიმალური შესატანი - 200 ლარი. ანაბრის გახსნის ბოლო თარიღი 2011 წლის 8 სექტემბერია.
ამას გარდა, საქართველოს თასის წლევანდელი გათამაშებისთვის, “ლიბერთი ბანკმა” საპრიზო ფონდი დააწესა ათი ათასი ლარის ოდენობით და თასსაც წლეულს "ლიბერთი ბანკის სახელობის თასი” დაერქმევა.
“ანაბარი “პატრიოტი ქომაგი 2011” ჩვენ შევქმენით იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების კვალდაკვალ, კლიენტებს შესაძლებლობა მივცეთ, რომ მიიღონ მეტი სარგებელი. ანაბარი წარმოადგენს “ლიბერთი ბანკის” უკვე არსებული პროდუქრია - პატრიოტის სახეცვლილ ვარიანტს. ამასთანავე, ჩვენ ვქომაგობთ ჩვენს მორაგბეებს და კლიენტების სახელით, საკუთარი ხარჯით, მათთვის გამოვყოფთ პრემიას. ყველას მოგიწოდებთ, დავუფასოთ წარმატება ჩვენს მორაგბეებს" - აღნიშნა “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძემ, რომელიც რაგბის დიდი ქომაგია.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ლიბერთი ბანკს” ჩვენი მორაგბეების ქომაგობისა და მხარდაჭერისთვის. ბატონი ლადოსთვის რაგბის მხარდაჭერა უკვე ჩვეული რამ არის. სწორედ მისი პრემიერმინისტრობის დროს დამტკიცდა რაგბის განვითარების მხარდაჭერის  სახელმწიფო პროგრამა, რომლის გარეშე წინსვლა ნამდვილად გაგვიჭირდებოდა” - დაამატა თავის მხრივ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081389