საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატი ჯერ ხეირიანად არც დაწყებულა და მაყურებელს უკვე საჩემპიონო ჯახის ხილვა მოუწევს. II ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში, ბოლო წლების ლამის ყველა მთავარი დაპირისპირების მონაწილეები, თბილისის “ლოკომოტივი” და “ლელო” იბრძოლებენ.
ეს გუნდები მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან და გამონაკლისი არც 2011 წელი იქნება. მიმდინარე გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო და ახლა ძალას ერთმანეთთან მოსინჯავენ. პირველ ტურში “ლელომ” “არმაზი” იოლად დაამარცხა, “ლოკომოტივს” კი, “არმიასთან” დიდი ბრძოლა გადახდა და გამარჯვებაც დაძაბულ ჯახში მოიპოვა. ასეა თუ ისეა, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ეს გუნდები, ერთმანეთს მუდამ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთებიან ხოლმე და გამონაკლისი არც მომავალი დაპირისპირება იქნება.
გასული წლის ჩემპიონატის ფინალში, “ლოკომოტივმა” “ლელოსთან” დანავსული სერია როგორც იქნა შეწყვიტა და მისი 16:11 ძლევით, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. მანამდე, შარშანდელ მცირე ფინალში ლელოელებმა მეტოქე 22:10 დაამარცხეს, უფრო ადრე კი, რეგულარული პირველობის ორივე შეხვედრა მოუგეს - 26:17 და 9:3. “ლელომ” გასული წლის თასის ფინალშიც იმარჯვა (23:17) და ახალ დაპირისპირებასაც იმედიანად ხვდება. საქართველოს რაგბის კავშირმა მომავალი მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ის ვაკეში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე დანიშნა. მიმდინარე გათამაშების პირველი წრის შეხვედრები ძირითადად ხელოვნურ მოედნებზე იმართება, მაგრამ “ლოკომოტივი”-“ლელო” განსაკუთრებულად განიხილება და მორაგბეებიც ბუნებრივსაფარიან მოედანზე გავლენ.
II ტურის პირველი შეხვედრა “შევარდენის” სანაკრებო ბაზის ხელოვნურ მოედანზე გაიმართება და “არმია” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. უმაღლესი ლიგის დებიუტი არმიელები, რომლის რიგებშიც ეროვნული გუნდის წევრები თამაშობენ, წელს ჩემპიონობისთვის იბრძვიან და წესით რუსთაველებთან არ უნდა გაუჭირდეთ. “შევარდენზევე”, ოღონდ 16:00 საათზე, “აკადემია” ქუთაისის “აიას” დაუხვდება. ორივე ამ გუნდმა გათამაშება მოგებით დაიწყო და წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება. გასულ წელს “აიამ” “აკადემია” პირველ წრეში 18:14 კი დაამარცხა, მაგრამ განმეორებით მატჩში აკადემიელებმა 18:11 იმარჯვეს.
ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, “არმაზი” “ყოჩებს” “ვისოლის” მოედანზე ეთამაშება. ეს გუნდები წელს უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვიან და მათი დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. გასულ წელს “ყოჩებმა” მომავალ მეტოქეს ჯერ 29:12 აჯობა, მერე კი 42:26, მაგრამ წელს პრობლემები მოეძალა და ძველებურად ყოჩაღად ვეღარ გამოიყურება.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
16 აპრილი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 14:00 საათი
არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 16:00 საათი
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ვისოლი” (დიდი დიღომი). 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო). 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
1 | აია | 1 | 1 | 0 | 0 | 35-0 | 2 |
2 | ლელო | 1 | 1 | 0 | 0 | 36-12 | 2 |
3 | ლოკომოტივი | 1 | 1 | 0 | 0 | 26-16 | 2 |
4 | აკადემია | 1 | 1 | 0 | 0 | 19-15 | 2 |
5 | ყოჩები | 1 | 0 | 0 | 1 | 15-19 | 0 |
6 | არმია | 1 | 0 | 0 | 1 | 16-26 | 0 |
7 | არმაზი | 1 | 0 | 0 | 1 | 12-36 | 0 |
8 | ხარები | 1 | 0 | 0 | 1 | 0-35 | 0 |
მომდევნო ტური
30 აპრილი: ლელო - არმია, ყოჩები - ლოკომოტივი, აია - არმაზი, ხარები - აკადემია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია