ამბები

11:56 | 16.04.2011 | ნანახია 1604 - ჯერ

“აჟენმა” თავისი და “ბრივის” საქმე გააკეთა

ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, მიმდინარე სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, “ლა როშელი” სტუმრად 29:19 დაამარცხა და საგაისოდ საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში თამაშის უფლება დაიბევა. ამასთან, აჟენელთა წარმატება იმის მანიშნებელია, რომ დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივს”, უძლიერესთა შორის დარჩენისთვის სამ მატჩში ერთი ქულის მოპოვებაც ეყოფა.
თამაშის მნიშვნელობა ორივე გუნდის მორაგბეებს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული და 12500-მა მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა, ოღონდ ეგაა, ტრიბუნაზე შეკრებილი მასპინძელთა გულშემატკივარი, შედეგით უკმაყოფილო დარჩა. მასპინძლებმა ჯარიმით ანგარიში დებიუტშივე გახსნეს და უკვე მეექვსე წუთზე, მეორე ჯარიმით 6:0 დაწინაურდნენ. აგრესიულ მატჩში ჯარიმები მასპინძლებმაც მალევე დაუშვეს და მე-13 წუთისთვის სტუმრებმა ჯარიმებითვე წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ “ლა როშელი” ჯარიმითვე მალე ისევ წინ გაიჭრა, მერე კი, “აჟენი” მოედანზე ათი წუთით კაცნაკლული დარჩა და 25-ე წუთზე, მასპინძლებმა მორიგი ჯარიმით უპირატესობა ისევ ექვს ქულამდე გაზარდეს.
29-ე წუთზე, “აჟენმა” 5-მეტრა მოლით შეუტია და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა და სტუმრებმა ტაიმი 13:12 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, მაგრამ “აჟენი” მორიგი ყვითელი ბარათის გამო, კიდევ ერთხელ დარჩა მოედანზე კაცნაკლული და რიცხობრივი უპირატესობით “ლა როშელმა” ისარგებლა. 53-ე წუთზე, ვიდეორეფერიმ მათი ლელო დააფიქსირა და ამას ზუსტი რეალიზაცია მოყვა. “აჟენმა” წონასწორობა ჯარიმით 56-ე წუთზე აღადგინა, ხოლო კიდევ სამ წუთში მორიგი ჯარიმით დაწინაურდა. “ლა როშელმა” მოინდომა და მაგრად შეუტია, მაგრამ “აჟენმა” გაძლო, სულ ბოლო წუთზე კი, მეტოქეს გადამწყვეტი ლელო გაუტანა, ზედ რეალიზაცია მიაყოლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
შეყლაშვილი განაცხადში იყო და თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთი,  მისი “აჟენი” კი, 46 ქულით მე-11 პოზიციაზე გამაგრდა და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. თოპ 14-ის XXIV ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი     


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082931