საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო წლების მთავარ ჯახში, თბილისის “ლელომ” ქვეყნის ჩემპიონი “ლოკომოტივი” 27:19 დაამარცხა. ლელოუხვ მატჩში, უფრო მოძრავმა ლელოელებმა იმარჯვეს და აქედანვე დააფიქსირეს, რომ შიდა რაგბის მთავარი მოვლენები კვლავ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაიმართება.
“ლელომ” თავიდანვე შეუტია, ჯარიმის უფლება მიიღო და ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა. როგორც თასისა და ჩემპიონატის განვლილ შეხვედრებში, “ლოკომოტივმა” კვლავ ლელოზე ითამაშა, კარში დასარტყმელი ჯარიმების ნაცვლად, შერკინებები ირჩია და ხეირიც მალევე ნახა - ძალისმიერ ჭიდილში, ლელო ვეფხვაძემ მიითვალა, ხოლო კვინიხიძემ რეალიზაცია გამოიყენა. შემდეგ “ლელო” მიეძალა და მყისვე ყიასაშვილის ლელოთი უპასუხა. რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ თასის მფლობელი და გასული პირველობის ფინალისტი 8:7 დაწინაურდა.
“ლელო” აქცენტს ქულების დაგროვებაზე აკეთებდა და დასარტყმელ ჯარიმებს ხელიდან არ უშვებდა. ყიასაშვილმა 25-ე წუთზე - დაახლოებით 40, ხოლო 32-ე წუთზე, ახლო მანძილიდან ზუსტად დაჰკრა და თანაგუნდელების უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა. პირველი ნახევრის მიწურულს სიტუაცია დაიძაბა. ჯერ ზაალიშვილი ბოჭვისას მეტოქეს ისე ეძგერა, რომ გაითიშა და მის მობრუნებას დაახლოებით ხუთი წუთი დაჭირდა. მერე, “ლოკომოტივი” მეტოქეს მიეძალა, ჯარიმების ნაცვლად შერკინება ირჩია, რამდენჯერმე ჩხუბი ატყდა და მსაჯმა ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე გაასინბინა, მაგრამ ჩემპიონმა თავისი მაინც გაიტანა და გუჯარაიძემ ლელო მიითვალა, კვინიხიძემ კი, რეალიზაცია გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.
მსაჯმა ლელო კი ჩათვალა, მაგრამ პარალელურად, “ლოკომოტივი” ჯარიმით დასაჯა და ყიასაშვილმა ცენტრიდან ზუსტად დაარტყა, რის შედეგადაც, “ლელომ” ტაიმი 17:14 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში, ყიასაშვილს ჯარიმა გაუფუჭდა, შემდეგ “ლოკომოტივმა” იმძლავრა, ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და მარცხენა ალამთან ლელო კავთიძემ მიითვალა, მაგრამ კვინიხიძის რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა. ამას “ლელოს” გააქტიურება მოჰყვა, რომელიც მეტოქეს ჯანში კი ჩამოუვარდებოდა, მაგრამ სისწრაფეში ჯობდა, 59-ე წუთზე, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, სადაც უმეთვალყუროდ დარჩენილი გუგავა იცდიდა და ლელო მიითვალა, ხოლო ყიასაშვილმა რეალიზაცია ორ ქულად აქცია - 24:19.
მალე, ყიასაშვილმა მორიგი ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და გასატანი პოზიციიდან ანგარიში 27:19 გახადა. “ლოკომოტივმა” მარცხის საფრთხე იგრძნო და გულდაგულ შეუტია. “ლელო” მეტოქის იერიშებს ჯარიმების ხარჯზე აჩერებდა და 70-ე წუთზე, დაუშვილი სინბინით დაისაჯა. ჯარიმები კვლავ შერკინებით იცვლებოდა და ბერიშვილი ფრთაზე მოკლე დარტყმებით ცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ არ გამოუვიდა, კაცნაკლულმა “ლელომ” გაძლო და თამაში ცენტრის სიახლოვეს გადაიტანა. როგორც ჩანს, “ლოკომოტივი” ამან ძალიან გააღიზიანა და ნიშნიანიძემ ნონო ანდღულაძეს მოულოდნელად ისეთი ჩაარტყა, რომ ეს უკანასკნელი მოედანზე მოწყვეტით დავარდა. ამას გუნდური ჩხუბი მოჰყვა, რომელიც წუთზე მეტხანს გაგრძელდა. აგრესიამ ტრიბუნებზეც გადაინაცვლა და გაწევ-გამოწევა იქ გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ოღონდ, არა ნიშნიანიძისთვის, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. დასისხლიანებულმა ანდღულაძემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და მნიშვნელოვანი ორი ქულა ჩაიწერეს.
ახლადშექმნილი “არმია” რუსთავის “ხარებს” პირველივე წუთებიდან მიეძალა და რატი ნუცუბიძემ ორი ჯარიმა გამოიყენა. არმიელები პირველ წუთებზე საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ორი ლელო გაიტანეს, რასაც ზედ ჯარიმაც დაურთეს, მაგრამ მერე მოეშვნენ და ტაიმი მხოლოდ 23:10 მოიგეს. მეორე ტაიმში რუსთაველებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ ეს, გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
“აკადემია” ქუთაისის “აიასთან” 3:0 კი დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ჯამში 3:21 დამარცხდა. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, “არმაზმა” “ყოჩებს” “ვისოლზე” უმასპინძლა და 33:17 დაამარცხა.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
II ტური. 16 აპრილი. შაბათი
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო).
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 19:27
ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ქავთარაძე, 13. ხუციშვილი, 12. ხაჩირაშვილი, 11. კავთიძე, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. ოზგებაშვილი (ახვლედიანი 45), 5. გუჯარაიძე, 6. ნიშნიანიძე, 7. ჩიტიძე, 8. ბერიშვილი.
3 ლელო: ვეფხვაძე, გუჯარაიძე, კავთიძე
2 გარდასახვა: კვინიხიძე
ლელო: 15. ყიასაშვილი (მჭედლიძე 44-48), 14. ზაალიშვილი (მანჯავიძე 36), 13. კორკელია, 12. ანდღულაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (კვერნაძე 55), 2. გაბელია (პატარაია 55), 3. სუჯაშვილი, 4. აზალაძე, 5. ხორბალაძე, 6. მძინარიშვილი, 7. დაუშვილი, 8 სარდანაშვილი (დაუშვილი 60).
2 ლელო: ყიასაშვილი, გუგავა,
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
5 ჯარიმა: ყიასაშვილი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 23:17
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 3:21
თბილისი. “ვისოლი” (დიდი დიღომი).
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 33:17
1. აია 2 2 0 0 56-3 4
2. ლელო 2 2 0 0 63-31 4
3. ლოკომოტივი 2 1 0 1 45-43 2
4. არმია 2 1 0 1 39-43 2
5. არმაზი 2 1 0 1 45-53 2
6. აკადემია 2 1 0 1 22-36 2
7. ყოჩები 2 0 0 2 32-52 0
8. ხარები 2 0 0 2 17-58 0
მომდევნო ტური
30 აპრილი: ლელო - არმია, ყოჩები - ლოკომოტივი, აია - არმაზი, ხარები - აკადემია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია