საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის შანსს ერთბაშად 9 გუნდი ინარჩუნებს და მათგან 4 ქართველი ლეგიონერების კლუბებია.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საუკეთესო 6 გუნდი ჩემპიონობისათვის ბრძოლას ფლეი ოფში განაგრძობს. პირველ ეტაპზე, რეგულარული პირველობის საუკეთესო 2 გუნდი ისვენებს, მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხედაგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს და გამარჯვებული გუნდები ნახევარფინალში ლიდერებს უერთდებიან.
უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა დავით ქუბრიაშვილის “ტულონს”, რომელიც რეგულარული პირველობის ლიდერ “ტულუზას” მასპინძლობდა და მარცხის შემთხვევაში, მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლის შანსაც ჰკარგავდა. შეხვედრის პირველი ნახევარი უნიტერესო გამოდგა. ხშირი იყო ბურთის ხელიდან გავარდნა და შეცდომები, რაც შედეგზეც აისახა. შესვენებამდე “ტულუზამ” 2 ჯარიმა გაიტანა, “ტულონმა” კი - ერთი არეკნი. ამასთან, 32-ე წუთზე, “ტულონი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ გაძლო და სტუმრებს უპირატესობის გაზრდის საშუალება არ მისცა.
გადამწყვეტი ის ოთხწუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომლის დროსაც მასპინძლებმა 2 ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს, ზედ ერთი ჯარიმა მიაყოლეს და 18:6 დაწინაურდნენ. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და საფინალო სასტვენამდე გუნდებმა ჯარიმებიღა გაცვალეს, რის შემდეგაც საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. “ტულონმა” 21:9 მოიგო და 65 ქულით მე-7 ადგილზეა. დასკვნით ორ შეხვედრაში, ის უშუალო კონკურენტებს ეთამაშება და თუ ორივე შეხვედრა მოიგო, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც გაუჩნდება. “ტულუზას” წინააღმდეგ, ქართველ პირველხაზელ ქუბრიაშვილს არ უთამაშია.
ქართველთა კლუბებიდან, ყველაზე კარგად საქმე აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” მისდის, რომელიც 68 ქულით მე-3 ადგილზეა. XXIV ტურში ის აუტსაიდერს, უკვე დაქვეითებულ “ბურგონს” ეწვია და 33:22 იმარჯვა, მაგრამ პრემიალური ქულით დარჩა. კასტრელებმა 4 ლელო გაიტანეს, მაგრამ თავადაც 4 მიიღეს. პირველ ტაიმში ორ ლელოს და ერთ გარდასახვას მათ 2 ჯარიმა დაურთეს, თავად მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს და 18:5 დაწინაურდნენ. მე-2 ტაიმში გუნდებს ლელოები მორიგეობით გაჰქონდათ და “კასტრმა” შუაში ჯარიმითაც იხეირა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, რომელმაც პარიზში “სტად ფრანსე” 20:12 დასცა. რაც უფრო მნიშვნელოვანია - ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი და შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა. “სტად ფრანსეზე” გამართულ თამაშს 73845 მაყურებელი დაესწრო და მასპინძლები არეკნით მე-2 წუთზევე დაწინაურდნენ, მაგრამ მე-15 წუთზე, სტუმრებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს, თხუთმეტ წუთში ჯარიმაც მიითვალეს და ტაიმი 10:3 მოიგეს.
მე-2 ნახევარი კვლავ “სტად ფრანსეს” 3 ქულით დაიწყო, ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 52-ე წუთზე “კლერმონმა” კვლავ ლელოთი უპასუხა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. მასპინძლებს თამაშის გადარჩენის იმედი 63-ე წუთისთვის გაუჩნდათ, როდესაც 2 გატანილი ჯარიმის შემდეგ, ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს (12:17), მაგრამ “კლერმონმა” აღარ გარისკა, საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, ჯარიმა გამოიყენა და ბოლო წუთებისთვის კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. “კლერმონს” 67 ქულა მოუგროვდა, მე-4 ადგილზეა და ფლეი ოფში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.
მნიშვნელოვანი მატჩი დათმო საკუთარ მოედანზე “მონპელიემ” და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველი ლეგიონერთაგან, შერკინების პირველ ხაზში გიორგი ჟღენტმა, ხოლო მესამე ხაზში მამუკა გორგოძემ სრულად ითამაშეს. გოდერძი შველიძე და გიორგი ჩხაიძე განაცხადში არ იყვნენ. მასპინძლებმა ტრიბუნაზე შეკრებილი 14 ათასამდე მაყურებლის გასახარად, ლელო პირველსავე წუთზე გაიტანეს, მაგრამ ორ წუთში თავადაც ლელო გაუშვეს და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. ამაზე, “მონპელიემ” მომხვდურ “ბაიონს” 2 ჯარიმით უპასუხა და 11:7 დაწინაურდა. ტაიმის შუაწელს “ბაიონმა” მე-2 ლელო გაიტანა და ქულით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა თავისი მე-3 ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი 14:12 მოიგეს. მე-2 ნახევრის საწყის ოც წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ 70-ე წუთზე, “ბაიონმა” მე-3 ლელო მიითვალა, რეალიზაციაც გამოიყენა და 22:17 იმარჯვა. “მონპელიე” 66 ქულით, მე-6 ადგილზეა და დასკვნითი ორივე მატჩის მოგება მართებს, რათა მოულოდნელობა თავიდან აიცილოს.
Top 14-ში დასარჩენად მებრძოლი დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”, სტუმრად “ბიარიცთან” 26:52 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ხინჩაგიშვილი იყო და ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ეს ნახევარი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მასპინძლებმა 4 უპასუხო ლელო გაიტანეს, დიმიტრი იაშვილმა ოთხივე რეალიზაცია გამოიყენა და “ბიარიცმა” ტაიმი 28:0 მოიგო. მე-2 ტაიმში ლაღი თამაში გაჩაღდა. გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს და მაყურებელი გვარიანად ასიამოვნეს. მიუხედავად მარცხისა, “ბრივი” 42 ქულით მე-12 საფეხურზე რჩება, მდევარს 2 ტურით ადრე მთელი 9 ქულით უსწრებს და თუ სასწაული არ მოხდა, საგაისოდ უძლიერესთა შორის დარჩება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 73, 2. რასინგ მეტრო - 69, 3. კასტრი - 68, 4. კლერმონი - 67, 5. ბიარიცი - 67, 6. მონპელიე - 66, 7. ტულონი - 65, 8. პერპინიანი - 63, 9. ბაიონი - 62, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 46, 12. ბრივი - 42, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგონი - 5.
მომდევნო ტური (22-23 აპრილი): კასტრი - ბიარიცი, რასინგ მეტრო - აჟენი, ბაიონი - სტად ფრანსე, კლერმონი - ლა როშელი, ტულუზა - ბურგონი, ტულონი - პერპინიანი, ბრივი - მონპელიე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია