საქართველის 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, საფრანგეთის ქალაქ ლურდში, იტალიელ თანატოლებს შეერკინება და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
ამ ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატი, ექსპერიმენტის სახით, წელს განსხვავებული სისტემით ტარდება. “ექვსი ერის” ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებები, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩვენ დონეზე ადრეც თამაშობდნენ, მაგრამ ახლა ამან ოფიციალური სახე მიიღო. წინდაწინ ჩატარდა “ექვსი ერის” შესარჩევი ეტაპი, გაირკვა ორი უარესი გუნდი - შოტლანდია და იტალია და მათ თავიანთი სიძლიერის დასამტკიცებლად ეგრეთწოდებულ მეორე დონის ქვეყნებთან უწევთ რკენა.
ამრიგად, საქართველოს შანსი ეძლევა, რომ მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველებს საკუთარი სიძლიერე ჯერ ამ დონეზე დაუმტკიცოს და მერე ვინ იცის, იქნებ “ბობოლებმა” უფროს ასაკშიც გაგვიყადრონ თავი. ამასთან, გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა ამ ასაკში მისთვის სარეკორდო, მესამე ადგილი დაიკავა და წელს მიღწევის გაუმჯობესება სურს, ამისთვის კი, ნახევარფინალში იტალიის ძლევა და მინიმუმ ფინალში მოხვედრაა საჭირო.
მეოთხედფინალში, ლევან მგელაძის შეგირდებმა რუსებისგან პირველი ჯარიმა კი მიიღეს, მაგრამ მერე მეტოქე სრულად დაჩაგრეს, ტაიმში სამ-სამი ლელო გაუტანეს, ოთხი რეალიზაცია გამოიყენეს და მეზობლები 38:3 გაანადგურეს. თავის მხრივ, იტალიელები პორტუგალიას ეთამაშნენ და არცთუ დამაჯერებლად - 14:3 დაამარცხეს. იმ შეხვედრის შემდეგ, “სკუადრა აძურას” მწვრთნელმა თქვა, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით არაო და ფიზიკურად უფრო ძლიერ ქართველებთან შემადგენლობის ნახევარზე მეტი შეცვალა. შერკინების ხაზის რვა მორაგბიდან, წინა მატჩში ძირითად შემადგენლობაში მყოფი მხოლოდ ერთი, მეორეხაზელი მორაგბე დარჩა, დანარჩენი შვიდი კი, სასტარტო შემადგენლობაში საქართველოსთან გამოჩნდება. უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება.
“რამდენიმე დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს და თავიდანვე ცხადი იყო, ბლომად ცვლილებები რომ იქნებოდა. ფიზიკური კუთხით, საქართველოსთან მძიმე მატჩი გველის. მათ დამაჯერებლად დაამარცხეს რუსეთი და “ექვსი ერის” წარმომადგენელთან თავისი ძალის დემონსტრირება სურთ. ჩვენ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ, ვიდრე პორტუგალიასთან და საკუთარი შესაძლებლობები უკეთ უნდა გამოვიყენოთ. მეოთხედფინალში მეტოქის დაუფასებლად ვითამაშეთ და კინაღამ დავისაჯეთ, ახლა ეს არ განმეორდება. საქართველოს ძლიერი ნაკრები ყავს და სიურპრიზები თავიდან უნდა ავირიდოთ” - განაცხადა იტალიელთა მენეჯერმა ჯინო დონატელიმ.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ამ ასაკობრივ ჯგუფში, ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია. თასის მეორე ნახევარფინალში შოტლანდია გერმანიას ეთამაშება. ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, მაგრამ ის ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა - მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები მეხუთე ადგილისთვის იბრძვიან.
თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
1. შოტლანდია - გერმანია
2. იტალია - საქართველო
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
3. რუმინეთი - ბელგია
4. პორტუგალია - რუსეთი
23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
მეშვიდეს დამარცხებული - მერვეს დამარცხებული
მეხუთე ადგილისთვის
მეშვიდეს გამარჯვებული - მერვეს გამარჯვებული
მესამე ადგილისთვის
მეხუთეს დამარცხებული - მეექვსეს დამარცხებული
ფინალი
მეხუთეს გამარჯვებული - მეექვსეს გამარჯვებული
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია