“ექვსი ერის” წარმომადგენელი ქვეყნების გუნდებიდან უსუსტესმა, იტალიის 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ქართველ თანატოლებს პირველ ტაიმში თამაშის საშუალება არ მისცა, კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად ქართველთა მცდელობისა და თავდადებისა, საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
საწყის ოცდათხუთმეტ წუთში, უაპენინელებმა დიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში, დერეფანში, ბურთს განუწყვეტლივ აკონტროლებდნენ და შესვენებამდე, ქართველები საკუთარ 22-ს არ გააკარეს. ანგარიში პირველსავე შეტევას მოჰყვა - იტალიელებმა ხაზი მეორე წუთზევე გაჭრეს და ძელებსშუა ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. მეხუთე წუთზე, ხუციშვილმა მეტოქეს 30 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ მერე “სკუადრა აძურამ” აიწყვიტა, პატარა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის მასირებული იერიში ვეღარ შეაკავეს და მე-14 წუთზე ძელებსშუა მეორე ლელო გავიდა, რეალიზაცია კი, ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა.
იტალიელები ამით არ დაკმაყოფილდნენ, შეტევები განაგრძეს და ქართველებს ხშირი დაჯარიმება აიძულეს, შედეგად, ბასილაიამ სინბინი დაიმსახურა, მეტოქემ კი, ჯარიმა გაიტანა. 28-ე წუთზე, აპენინელებმა ალამთან თავისი მესამე ლელო მიითვალეს და რეალიზაცია გაუცუდდათ, მერე კი, საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა მეტოქის 22-ში შესვლა, თუმცა, იქ ბურთი დაკარგეს, 80-მეტრიან კონტრშეტევას კი, კვლავ ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ამრიგად, ტაიმი 29:3 დასრულდა და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა.
ქართველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და ერთი ხანობა, ქართველ გულშემატკივარს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნეს. ლევან მგელაძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მეტოქეს დაუნდობელი ბრძოლა გაუმართეს. ანგარიშში სხვაობა მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე, ხუციშვილის ჯარიმით შემცირდა. ამან შედეგი გამოიღო, ლომთაძის კარგი გარღვევის შემდეგ, იტალიის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება დაინიშნა და რამდენიმე მიძალების შედეგად, შარიქაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო - 11:29. ქართველები კიდევ უკეთ ათამაშდნენ, მოინდომეს და 54-ე წუთზე, სორდიამ მეორე ლელო გაიტანა, თუმცა რეალიზაცია ახლაც არაზუსტი აღმოჩნდა - 16:29. იმედი გაჩნდა და საქართველოს ნაკრებმა გაიბრძოლა, მაგრამ იტალიელებმა თავი კარგად დაიცვეს, მერე შეტევისთვისაც მოიცალეს, 65-ე წუთზე თავისი მეხუთე ლელო გაიტანეს და ზუსტი რეალიზაციით, საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 16:36.
ამრიგად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შარშანდელი მიღწევის გამეორება და მესამე ადგილის დაკავება დარჩა იმედად. ამისათვის, მათ გერმანიის დამარცხება მართებთ, რომელიც შოტლანდიამ გაანადგურა და ფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურთაზ გიორგაძე, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. გიორგი სორდია, 5. გიორგი მჭედლიშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. თამაზ ოლქიაშვილი, 8. ნოდარ მარდალეიშვილი.
თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
1. შოტლანდია - გერმანია 87:3 (45:0)
2. იტალია - საქართველო 36:16 (29:3)
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
3. რუმინეთი - ბელგია 6:19
4. პორტუგალია - რუსეთი 8:7
23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი
მეხუთე ადგილისთვის
ბელგია - პორტუგალია
მესამე ადგილისთვის
საქართველო - გერმანია
ფინალი
შოტლანდია - იტალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია