საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, ორ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ქართველი თხუთმეტწლამდელები პირველად ამ ტურნირებს 2009 წელს სტუმრობდნენ. მათ ნახევრად საფესტივალო შეჯიბრის ეგიდით გამართულ მატჩებში ბელგიის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის, საფრანგეთის რეგიონალურსა და ნაკრებ გუნდებს სძლიეს და გარდამავალ თასსაც დაეუფლნენ.
შარშანწინდელი წარმატებული ასპარეზობის გამო, საქართველოს ნაკრებმა ორგანიზატორებისგან მოწვევა წელსაც მიიღო. ამ ტურნირებს სიმბოლური სახელი ჰქვია - “უვერტურა“ ანუ შესავალი. ტურნირის ორგანიზატორები ყველაზე უფროს საფესტივალო ასაკის (ჭაბუკთა ლიგებში გარდამავალი ასაკი) მორაგბეებს უყრიან თავს და საზეიმო ვითარებაში, კულტურული პროგრამით საკმაოდ დატვირთულ დღეებში ფესტივალს აწყობენ. აღნიშნულის არსი, ერთი მხრივ ბავშვთა რაგბისთან ერთგვარი გამოთხოვებაა და მეორე მხრივ “შესავალია“, მოსამზადებელი ეტაპია საშეჯიბრო, დიდი რაგბის ასპარეზისთვის.
22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ქართველი თხუთმეტწლამდელები საფრანგეთის ქალაქ ვიენაში, ხოლო 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით - კორსიკაში, პატარა ქალაქებში, კასინცასა და მონტიჩელოში მრავალი ქვეყნის, მათ შორის ელიტარული სარაგბო ქვეყნების თანატოლ მორაგბეებს დაუპირისპირდებიან.
ქართველ მორაგბეთა ამოცანა გარდამავალი თასის შენარჩუნება იქნება. ორივე ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამარჯვებულები ფლეი ოფში ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან. ჯგუფებში ქართველთა მოწინააღმდეგეები ჯერჯერობით უცნობია.
ტურნირის დებულებით, მატჩების ხანგრძლივობა 14 წუთია, ფინალური მატჩი კი 20-წუთიანია. სტანდარტულ სარაგბო მოედანთან სიგრძე-სიგანეში ხუთ-ხუთი მეტრით პატარა მოედანზე, თხუთმეტწლამდელთა გუნდებში თორმეტი კაცი იქნება – ხუთი შერკინებაში, ექვსი უკანახაზელი და რა თქმა უნდა, გამთამაშებელი.
საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
1. ვახო გაბისიანი (ჯიქები), 2. გიგი ქურასბედიანი (ჯიქები), 3. ლაშა საჯაია (ჯიქები), 4. ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), 5. სოსო ჯაფარიძე (ხულიგანა), 6. ლუკა იურინი (აკადემია), 7. ბექა მაზმიშვილი (აკადემია), 8. ვახტანგ ქავთარაძე (აკადემია), 9. კოტე ახობაძე (აკადემია), 10. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. თორნიკე მანაგაძე (ქუთაისი), 12. შოთა არეშიძე (ქუთაისი), 13. გივი ლოსაბერიძე (ქუთაისი), 14. ნოე კოპალიანი (თ.ს.უ.), 15. გიორგი ჯოხია (თ.ს.უ.). 16. დაჩი ელერდაშვილი (ვეფხვები), 17. გიორგი ჯღამაია (ფოთი), 18. გუგა შავიძე (თ.ს.უ.), 19. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
მწვრთნელები: ზვიად ცუხიშვილი, გიორგი ენუქიძე.
მენეჯერი: ია ხურცილავა.
ექიმი: რევაზ ჭუმბურიძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია