საქართველო რომ რაგბის განვითარების კუთხით ე.წ. მეორე დონის ნაკრებებს ერთი თავით სჯობს, საფრანგეთში დასრულებულ 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზეც ნათლად გამოჩნდა. პატარა “ბორჯღალოსნებმა” რუსეთსა და გერმანიას გადაურბინეს და მეტი სითამამე რომ გამოეჩინათ, იქნებ მე-3 ადგილზე უკეთესი შედეგიც ეჩვენებინათ.
მეოთხედფინალში რუსთა გამბითურებელ ქართველებთან, იტალიამ პირველ ტაიმში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა - 29:3. მე-2 ნახევარში ქართველმა ჭაბუკებმა თავდადების მაგალითი აჩვენეს, მაგრად იბრძოლეს და ჩამორჩენა ცამეტ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ბოლოსკენ ლელო მიიღეს და 16:36 დამარცხდნენ. თუ მეორე ნახევარფინალის შედეგსაც გავითვალისწინებთ, სადაც შოტლანდიამ გერმანია 87:3 შეარცხვინა, ევროპული რაგბის მამებს სათქმელი გაუჩნდათ - თქვენი დონე ამათი შესადარი ჯერ კიდევ არააო. მაგრამ, ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც “ექვსი ერის” ორმა უარესმა გუნდმა ქვედა დონის წარმომადგენლებთან უნდა ითამაშონ, მომავალ წელსაც გაგრძელდება და ვნახოთ, იქნებ ბობოლებს აზრი შევაცვლევინოთ...
სხვაგვარად არაფერი გამოვა, რადგან საქართველო დანარჩენ მეტოქეებს ერთი თავით აღემატება და სუსტებთან ბურთაობით მიღწეულსაც თუ დაკარგავს, თორემ მატება ნამდვილად არ იქნება და FIRA-ს სამართლიანობისათვის ამის გათვალისწინებაც მართებს. აგერ, გავიდნენ ბიჭები მე-3 ადგილისთვის მატჩში და მეტოქეს ისეთი დღე აყარეს, ოვალური ბურთი შეზიზღდებოდათ. თანაც, გერმანელები ირწმუნებიან, ეს ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაში იყოო (ბელგიასთან 27:11 მოგებულ შეხვედრაზეც კი) და ამის გათვალისწინებით, რამდენად აღემატება საქართველო დანარჩენებს, ყველასათვის თვალნათელი ხდება.
მოკლედ, საფრანგეთში გამგზავრებამდე მიზანი ასეთი იყო - შარშანდელზე უარესი შედეგი მიუღებლად ჩაითვლებოდა. შარშან საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მე-3 საფეხურამდე აღვზევდით და მიღწეული ახლაც განმეორდა. იმ უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც პატარა “ბორჯღალოსნებმა” რუსეთთან და გერმანიასთან აჩვენეს, ნათელია, რომ ქართული რაგბი კონკურენტებისაზე ბევრად უკეთ ვითარდება, მაგრამ თუ ხელშეწყობა არ იქნება - როგორც შიდა, ასევე მსოფლიო ორგანიზაციებიდან (FIRA, IRB), წარმატება თვალსა და ხელს შუა გაქრება...
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, იტალიასთან ნაბრძოლ შემადგენლობაში სულ 3 ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზი ხელუხლებელი დარჩა. შერკინების პირველ ხაზში ლომთაძის ადგილი ხიდეშელმა დაიკავა, მეორე ხაზში მარდალეიშვილმა ითამაშა, რომელიც იტალიასთან მესამე ხაზში ირჯებოდა, მის ნაცვლად კი, 8 ნომერზე სუხაშვილი დადგა. ქართველებმა პირველსავე წუთებიდან შეუტიეს და ხუციშვილმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, რასაც ზუსტი რეალიზაცია თავადვე მიაყოლა.
ერთი ხანობა, გერმანელებმა იძალეს და ქართველთა ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ, ჯარიმები კარში არ დაარტყეს, მაგრამ “ბორჯღალოსანთა” დაცვა შეუვალი იყო და თავხედობისთვის მეტოქე მე-20 წუთზე შარიქაძის ლელოთი დაისაჯა, ხოლო რეალიზაცია ხუციშვილმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა. ხუთ წუთში ლელო ახობაძემ მიითვალა და ხუციშვილმა ანგარიში 21:0 გახადა, მერე კი, გერმანელები სინბინის გამო მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ. რიცხვობრივი უპირატესობა ქართველებმა კარგად გამოიყენეს და ორი წუთის ინტერვალში, 2 ლელო გაიტანეს, თავი მარდალეიშვილმა და ბასილაიამ გამოიჩინეს, ხუციშვილმა კი, ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. “ბორჯღალოსნებმა” ტაიმი 33:0 მოიგეს, მე-2 ნახევარი კი, შედარებით მშვიდი გამოდგა. შეხვედრის ბოლო ლელო, 50-ე წუთზე კვლავ ბასილაიამ მიითვალა და გარდასახვაც ზუსტი იყო. მერე შეცვლების დრო დადგა, ამასობაში კი, თამაშისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა (18-წლამდელებში შეხვედრის ხანგრძლივობა 70 წუთია) და საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ “ექვსი ერის” შემდეგ, ევროპას მე-7 პოზიციაზე ღირსეული ნაკრები ჰყავს.
დაძაბული და საინტერესო გამოდგა ფინალი. იტალიამ შოტლანდიას 2 ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი მიიღო, მაგრამ მაინც დამარცხდა. სქოთებმა ჯარიმებით იხეირეს და ტაიმი ამის ხარჯზე მოიგეს. მერე მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მაგრამ საჭირო დროს ლელო მიითვალეს და 17:12 იმარჯვეს.
მე-5 ადგილს პორტუგალია დაეუფლა, რომელმაც ბელგიასთან პირველი ტაიმი 3:5 დათმო, თუმცა, მე-2 ნახევარში ლელო-რეალიზაცია გაიტანა და 10:5 იმარჯვა.
საინტერესო და დაძაბული იყო რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირება. ამ გუნდებს შორის დამარცხებული, გაისად მეორე დივიზიონში ქვეითდებოდა. ტაიმი ფრედ, 3:3 დასრულდა, მე-2 ტაიმში რუმინეთმა რუსეთი დაჩაგრა, 11:3 დაამარცხა და თავად მე-7 ადგილს შეწვდა, რუსეთი კი ქვედა დონეზე სათამაშოდ გაწირა. რუსეთის ადგილს ესპანეთი დაიკავებს, რომელმაც მე-2 დივიზიონის ფინალში შვედეთს 47:7 სძლია.
ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის
პირველი დივიზიონი. საფრანგეთი (ტარბი, ოში)
23 აპრილი
მე-3 ადგილისთვის
საქართველო - გერმანია 40:0
საქართველო: 15. გიორგი აფციაური (საბა ნიკოლავა 62), 14. მურთაზ გიორგაძე (გიორგი ნათელაშვილი 65), 13. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი (ზურაბ თუთბერიძე 65); 1. გიორგი თეთრაშვილი (რატი ასათიანი 61), 2. დავით ხიდეშელი (გიორგი ლომთაძე 39), 3. ვახტანგ ახობაძე (თორნიკე ჯიბლაძე 61), 4. გიორგი სორდია, 5. ნოდარ მარდალეიშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. თამაზ ოლქიაშვილი (ლაშა მოსეშვილი 45), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი.
6 ლელო: ხუციშვილი, შარიქაძე, ახობაძე, მარდალეიშვილი, ბასილაია (2)
5 რეალიზაცია: ხუციშვილი
მე-7 ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი 11:3
მე-5 ადგილისთვის
ბელგია - პორტუგალია 5:10
ფინალი
შოტლანდია - იტალია 17:12
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია