საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტური, წარუმატებელი ქართველი ლეგიონერების მხოლოდ ერთი გუნდისთვის, “მონპელიესთვის” აღმოჩნდა. ახლა მის მოთამაშეებს დასკვნით ტურში უშუალო კონკურენტ “ტულონის” დამარცხება მართებთ და ამასთან, სხვა მატჩებზეც მოუწევთ თვალის დევნება.
XXV ტურის პირველ შეხვედრაში, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” მარტო თავისი კი არა, სხვების საქმეც გააკეთა და საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის პრეტენდენტი “ბიარიცი” 16:13 დასცა. ამით ის საკუთარ მოედანზე სეზონში დაუმარცხებელ გუნდად დარჩა და საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელებისთვის, დასკვნით ტურში ერთი ქულის მოპოვებაც ეყოფა.
დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი 6:3 მორჩა, მასპინძელთა ორ ჯარიმას სტუმრებმა არეკნით უპასუხეს. მე-2 ნახევრის საწყის ათ წუთში, კასტრელებმა ჯარიმით და ლელო-გარდასახვით უპირატესობა ცამეტ ქულამდე გაზარდეს, მაგრამ ბოლოსკენ “ბიარიცმა” იძალა, 70-ე წუთზე ლელო გაიტანა, რეალიზაცია ზუსტად შეასრულა, მერე ჯარიმაც გაიტანა და “კასტრმა” სულ რაღაც 16:13 იმარჯვა. გიორგაძე ბრძოლაში 70-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს.
დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” “ლა როშელს” უმასპინძლა, 34:10 დაამარცხა და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მოიპოვა. “კლერმონმა” პირველ ტაიმში 4 ლელო გაიტანა და ერთი ჯარიმა მიიღო. რადგან რეალიზაციები ზუსტი არ იყო, ტაიმი 20:3 დასრულდა. მე-2 ნახევრის დებიუტშივე, მასპინძლებმა მე-5 ლელო მიითვალეს, გარდასახვაც ზუსტად დაარტყეს და 27:3 დაწინაურდნენ, ხოლო 65-ე წუთზე, მორიგი ლელო-გარდასახვით უპირატესობა კიდევ 7 ქულით გაზარდეს. ბოლოს, უკვე დაქვეითებულმა “ლა როშელმა” ერთი საპასუხო ლელო-გარდასახვა მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში, პირველხაზელმა ზირაქაშვილმა შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა და 71-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათის (სინბინის) გამო, ის ნაადრევად დაასრულა. “კლერმონი” 72 ქულით მესამეა და ბოლო ტური მხოლოდ იმას გადაწყვეტს, თუ რა სტატუსით განაგრძობს ფლეი ოფში ტიტულის დაცვას.
დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, “პერპინიანი” 43:12 დაამარცხა, პრემიალური ქულაც მიითვალა და საფლეიოფო ექვსეულში აღზევდა. ახლა მას ბოლო ტურში ამ ადგილის დაცვა “მონპელიესთან” მოუწევს.
პირველი ტაიმის ბოლომდე, გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაცვალეს, ზედ შესვენების წინ კი, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და უილკინსონმა კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოასწრო - 19:9. მე-2 ნახევრის საწყის წუთებში, გუნდებმა კვლავ ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლებმა იძალეს და 3 ლელოთი საბოლოო შედეგს უწიეს. ქართველი პირველხაზელი ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 69-ე წუთზე შეცვალეს.
უმოტივაციო “ბრივმა” “მონპელიეს” დიდი ბრძოლა გაუმართა და მისი 23:21 დამარცხებით, პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილა. ანგარიში ბრიველებმა ჯარიმით გახსნეს, მერე სტუმრებმა ლელო-რეალიზაციით უპასუხეს, ამას მასპინძელთა საპასუხო სვლა მოჰყვა და 21-ე წუთზე, “მონპელიემ” ჯარიმით წონასწორობა აღადგინა - 10:10. “ბრივი” მიეძალა, ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე ლელო, რეალიზაცია გამოიყენა და რადგან შესვენების წინ ჯარიმა მიიღო, ტაიმი 13:20 დათმო. “მონპელიემ” და მისმა ქართველებმა მაგრად იბრძოლეს, ჯერ ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, 70-ე წუთზე კი, დიდი ჯაფის შედეგად, ლელო გაიტანეს და 21:20 დაწინაურდნენ, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა. შედეგად, 76-ე წუთზე, ისინი ზედ კარის წინ დაჯარიმდნენ, მეტოქემაც დარტყმა ზუსტად შეასრულა და “ბრივმა” 23:21 იმარჯვა.
ამრიგად, “მონპელიეს” საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრა სათუო გაუხდა. მის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჟღენტი და გოდერძი შველიძე - პირველი შერკინების პირველ ხაზში 64-ე წუთზე შეცვალეს, მეორემ კი, მესამე ხაზში სრულად ითამაშა და ერთ-ერთი აქტიური იყო. გოდერძი შველიძე და გიორგი ჩხაიძე “მონპელიეს” განაცხადში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, განაცხადში იყვნენ “ბრიველები” - დავით ხინჩაგიშვილი და ვასილ კაკოვინი. პირველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 67-ე წუთამდე გაისარჯა, მეორე კი, ბრძოლაში 55-ე წუთიდან ჩაერთო.
ლელოუხვი მატჩი ჩაატარა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” “რასინგ მეტროსთან”, მაგრამ მიზანს ვერ უწია და 34:51 დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა. მასპინძლებმა ტაიმი 25:13 მოიგეს, “აჟენი” მეტოქეს არ ერიდებოდა და სიტუაცია 71-ე წუთზე დაიძაბა, როდესაც ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა - 34:37, მაგრამ დარჩენილ დროში “რასინგ მეტრომ” იძალა და 2 ლელო გაიტანა.
Top 14-ის რეგულარული პირველობის დასკვნითი ტური შვიდ მაისს გაიმართება, მერე კი, საუკეთესო ექვსეული საჩემპიონო ფლეი ოფში ჩაებმება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 78, 2. რასინგ მეტრო - 74, 3. კლერმონი - 72, 4. კასტრი - 72, 5. ტულონი - 70, 6. ბიარიცი - 68, 7. მონპელიე - 67, 8. ბაიონი - 67, 9. პერპინიანი - 63, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 46, 12. ბრივი - 46, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგონი - 5.
მომდევნო ტური
7 მაისი: პერპინიანი - კასტრი, სტად ფრანსე - რასინგ მეტრო, ბიარიცი - ბურგონი, ლა როშელი - ბაიონი, მონპელიე - ტულონი, აჟენი - ბრივი, ტულუზა - კლერმონი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია