საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ნახევრადსაფესტივალო ვიენას საერთაშორისო ტურნირზე, ათი მატჩიდან რვაში გამარჯვება მოიპვეს, ერთი ფრედ დაასრულეს, მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ჯამში მეორე ადგილს დასჯერდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის შვიდ შეხვედრაში, მათ მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს, ისიც სადებიუტო მატჩში და ფრანგული “ბურგუენი” 17:7 დაამარცხეს. ამის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში ერთმანეთის მიყოლებით სძლიეს ფრანგულ Hte Côte d'Or-ს (39:0), ბელგიურ “ლეიჟს” (29:0), ფრანგულ “კორსიკას” (14:0), ლიტვის ნაკრებს (17:0), ფრანგულ “რასინგ ვიენს (45:0) და შვეიცარიულ “ჟენევას” (36:0). დასკვნითი დღის პირველ შეხვედრაში, ქართველი პატარები ფრანგულ “ვიენ როდნის” ფრედ, 5:5 ეთამაშნენ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ნახევარფინალში გავიდნენ და კიდევ ერთხელ, ამჯერად 12:0 სძლიეს “ბურგუენს”, ხოლო ფინალში ფრანგულ “ნიუი სენ ჟორჟთან” ვერაფერს გახდნენ და 0:12 დამარცხდნენ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა შვიდი ქვეყნის თექვსმეტ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა. ვიენის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა მორაგბეებმა პირველად 2009 წელს ითამაშეს და მაშინ პირველობა არავის დაუთმეს. ტურნირს “უვერტურა” (შესავალი) ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 წლის მოზარდები საბავშვო რაგბის ემშვიდობებიან და ნელ-ნელა დიდ რაგბის უშინაურდებიან. ჯგუფურ ეტაპზე თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 14 წუთი იყო, ხოლო დასკვნით დღეს, ფლეი-ოფებსა და ფინალებში - ოცი წუთი. მთელს მოედანზე, რომელსაც სიგრძე-სიგანეში 5-5- მეტრი ჰქონდა მოკლებული, გუნდები ერთმანეთს 12-კაციანი შემადგენლობით ეთამაშებოდნენ. აქედან ხუთი იყო შერკინების მორაგბე, ექვსი უკანახაზელი და ერთი ნახევარმცველი.
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ახლა კუნძულ კორსიკაზე გადაინაცვლებს და 29 აპრილიდან ორ მაისამდე, კიდევ ერთ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
1. ვახო გაბისიანი (ჯიქები), 2. გიგი ქურასბედიანი (ჯიქები), 3. ლაშა საჯაია (ჯიქები), 4. ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), 5. სოსო ჯაფარიძე (ხულიგანა), 6. ლუკა იურინი (აკადემია), 7. ბექა მაზმიშვილი (აკადემია), 8. ვახტანგ ქავთარაძე (აკადემია), 9. კოტე ახობაძე (აკადემია), 10. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. თორნიკე მანაგაძე (ქუთაისი), 12. შოთა არეშიძე (ქუთაისი), 13. გივი ლოსაბერიძე (ქუთაისი), 14. ნოე კოპალიანი (თ.ს.უ.), 15. გიორგი ჯოხია (თ.ს.უ.). 16. დაჩი ელერდაშვილი (ვეფხვები), 17. გიორგი ჯღამაია (ფოთი), 18. გუგა შავიძე (თ.ს.უ.), 19. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
მწვრთნელები: ზვიად ცუხიშვილი, გიორგი ენუქიძე
მენეჯერი: ია ხურცილავა
ექიმი: რევაზ ჭუმბურიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია