საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელიც მაის-ივნისში თბილისში გასამართი მსოფლიო თასის “ალაფისთვის” ემზადება, ოცდაშვიდ აპრილს ვაკეში, “მიხეილ მესხის” ცენტრალურ სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
პატარა “ბორჯღალოსნების” მეტოქე, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის, “კლერმონის” 20-წლამდელთა გუნდი იქნება. ეს შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ მორაგბეებს, ძალების მოსინჯვა სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, ანუ, სულ სხვა სტილით მობურთალი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს, ეს კი, მომავალი ოფიციალური მატჩების წინ ფრიად წაადგებათ.
გუნდის მწვრთნელები, პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი, შეგირდებს კარგა ხანია ამზადებენ და აქამდე, ამხანაგურ მატჩებს ქართულ კლუბებთან მართავდნენ. “კლერმონი” საქართველოს ოცდაოთხ აპრილს, გამთენიისას ეწვია, სასტუმრო “ბაზალეთში” დაბინავდა და მომავალი ჯახისთვის ინტენსიურად ემზადება. ისინი დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და ვარჯიშს თამაშის დღეს, დილითაც გეგმავენ, შეხვედრა კი 16:00 საათზე დაიწყება. ქართველი მწვრთნელების ამოცანა, სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზების დამუშავებასთან ერთად, იმ საუკეთესო 26 მობურთალის შერჩევაცაა, რომლებიც მსოფლიო თასის “ალაფაზე” იბურთავებენ. ამდენად, მომავალი მატჩის მნიშვნელობა ყველა ქართველ მორაგბეს სრულფასოვნად აქვს გაცნობიერებული და მოედანზე არაფერს დათმობენ. თავდაპირველი ინფორმაციით, “კლერმონს” ქართველ თანატოლებთან ორი მატჩი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, მსოფლიო თასის “ალაფაზე” B ჯგუფში იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირის პირველი შეხვედრები ოცდაოთხ მაისს გაიმართება, ფინალური შეხვედრები კი, ხუთ ივნისსაა დანიშნული.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა: ზურა ჟვანია (აია), ზურა ერისთავი (აია), მერაბ მატკავა (აია), ირაკლი ჩომახიშვილი (არმაზი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), გიორგი ჟღენტი (არმია), სანდრო ქოიავა (ლელო), ბაჩო კოლელიშვილი (ლელო), კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი), ბექა ხიპაშვილი (ლელო), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ნიკა ჩხიკვაძე (აკადემია), ბექა ბიწაძე (არმია), გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები), საბა ბერაძე (ხულიგანა), გიორგი ჭყოიძე (ლელო), ლევან თხელიძე (აია), რეზი ჟღენტი (არმაზი), ჯიმი ღამბაშიძე (ლელო), რამაზ ჯინაშვილი (არმია), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი), სანდრო მინდიაშვილი (ხულიგანა), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ლუკა კვარაცხელია (ყოჩები), ვანო გაბროშვილი (არმაზი), ზურა ძნელაძე (აია), გიორგი მარგიანი (აკადემია), რატი გარუჩავა (ყოჩები), დავით ლოსაბერიძე (?), გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), გიორგი აბრამიძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), უჩა მჭედლიშვილი (ლელო), ბახვა კობახიძე (არმია).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია