“ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მოცემულ მომენტში ბიჭების ფიზიკური კონდიციები შეგვემოწმებინა და ნანახით კმაყოფილი ვარ. მსოფლიო “ალაფისთვის” სრულად ჯერ მზად არ ვართ, მაგრამ ის გეგმის მიხედვით მიდის. მოწინააღმდეგეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, არა გვგონია, ისინი “კლერმონზე” უფრო მაღალ სიჩქარეებზე თამაშობდნენ. ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება მივიღეთ. ძალისმიერი თამაში ჩვენი პლიუსია და რატომ უნდა ვთქვათ მასზე უარი?! ამიტომ, ამ ხერხს ტურნირზეც ხშირად მივმართავთ” - თქვა ნამატჩევს საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა.
საქართველოს ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ალაფისთვის ემზადება და ამ კუთხით, საჩუქრად სტუმრად “კლერმონის” ასაკობრივი გუნდი მიიღო. თამაში საინტერესო გამოდგა, ოღონდ ერთია, სტადიონის ადმინისტრაციას პატარა შეცდომა გაეპარა და ტაბლოზე საქართველო-საფრანგეთი ეწერა. “კლერმონი” ფრანგული კლუბია კია, მაგრამ ცოტა არ იყოს უხერხულად ვიგრძენი თავი, როდესაც იმავე “საფრანგეთის” სახელით, მოედანზე შუამარბი გიორგი ჯიმშელაძე გამოჩნდა. სხვათა შორის, ის თანაგუნდელებში გამორჩეული იყო და რამდენჯერმე სახიფათო გარღვევა განახორციელა.
მოკლედ, დიწყო თუ არა შეხვედრა, სტუმრებმა შორიდან არეკნი დაარტყეს და ანგარიში გახსნეს. საქართველოს ნაკრები მეტოქეს შერკინებაში და ძალისმიერ ბრძოლაში ჯობდა, “კლერმონი” კი, თითქმის ყველა შეტევისას მარაოს გაშლას ცდილობდა და აქცენტს ლამაზ თამაშზე აკეთებდა. ანგარიში მე-7 წუთზე გათანაბრდა, როდესაც ფრანგები შერკინებაში დაჯარიმდნენ და ბახვა კობახიძემ კარის გასწვრივ, 25 მტრიდან გაიტანა. მე-15 წუთზე, საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. თქვენზე ნაკლები რითი ვართო და რაქიდან გამოტანილი ბურთი ჭინჭარაულმა ძელებსშუა გააძვრინა - არეკნებში ანგარიში გათანაბრდა, ისე კი, საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.
ამას სტუმართა იერიში და ქართველთა ჯარიმა მოყვა. ისე, საქართველოს ნაკრები ხშირად ჯარიმდებოდა დ მწვრთნელებს ამ კომპონენტზე ყურადღების გამახვილება მართებთ. ანგარიშის გათანაბრებას ქართველთა გააქტიურება მოყვა, მორკინალებმა რაქიდან მოკლე-მოკლე დარტყმით კარგად უტიეს, მაგრამ ელემენტარულ შეცდომას ბურთის დაკარგვა მოყვა და ენერგიაც უქმად დაიხარჯა. 25-ე წუთზე, კარიდან მარჯვნივ, ხაზიდან დახლოებით ოცდაათ მეტრში დანიშნული ჯარიმა კობახიძემ გამოიყენა და საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა. “კლერმონმა” ჯარიმის კარში დარტყმა აღარ ისურვა, ლელოს ხაზთან ახლოს, ბურთი აუტში გადაიტანა, მაგრამ მერე ბურთი დაკარგა. კარგი კონტრშეტევა არ გამოვიდა - ბურთი ქართველებმაც დაკარგეს. ფრანგებმა ჯარიმის შესრულების უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვეს და ამჯერად, კარის გასწვრივ, 15 მეტრიდან წონასწორობა აღადგინეს.
31-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ლამაზ შეტევას ლელო მოყვა. ღამბაშიძემ ცენტრში ხაზი გაჭრა და შეტევა მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა, იქ მეტოქე განზრახ დაჯარიმდა და მათმა მესამეხაზელმა სინბინი დაიმსახურა. მეტოქის 22-ში ქართველებმა შერკინება ირჩიეს, მეტოქე ძალაში დაჯაბნეს, მერე ჩხიკვაძემ ბურთი აიტაცა და ლელო გაიტანა, კობახიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა. შესვენებამდე სტუმრებმა იძალეს და კაცნაკლულებმა ქართველებთან თითქმის კარის გასწვრივ, დაახლოებით თხუთმეტ მეტრში ჯარიმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ასპროცენტიანი გასატანი ძელმა აისხლიტა. მიუხედავად ამისა, მათ მეორე ჯარიმა, რადგან ტაიმის დრო ამოწურული იყო, დაახლოებით 47 მეტრიდან კარში დაარტყეს და ტაიმი 12:16 დათმეს.
რადგან საქართველოს ნაკრების თავკცებს ყველა შეგირდის საქმეში ნახვა სურდათ და თამაშიც არაოფიციალური იყო, შესვენებაზე ბლომად შეცვლები განახორციელეს და 43-ე წუთზე, მჭედლიშვილმა საშუალო მანძილიდან გატანილი ჯარიმით, უპირატსობა კვლავ შვიდ ქულამდე გაზარდა. 55-ე წუთზე, მან ჯარიმის კარში დარტყმა თითქმის ცენტრიდან განიზრახა და მიზანმა და გადაწყვეტილებამ არ უმტყუნა - 22:12. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მე-60 წუთზე, ჩილაჩავა დაჯარიმდა და სინბინი დაიმსახურა. მეტოქემ დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანა, მოწოდებული ბურთი მოიგო, მარცხენა ფლანგზე შექმნილი რაქიდან ბურთი მარჯვნივ ჩათვლის ხაზის წინ ფეხით ჩაკიდა, იქ კი უკანახაზელმა იმარჯვა და ისეთი ლამაზი ლელო გაიტანა, რომ ქართველი გულშემატკივრისგან ტაში დაიმსახურა. რეალიზაცია ზუსტი იყო, ორიოდე წუთში კი, ფრანგებმა ჯარიმაც გამოიყენეს და მეტობაში ათქულიანი ჩამორჩენა ოთხიოდე წუთში აღმოფხვრეს.
დარჩენილი დრო ქართველებმა გაძლეს, მერე იქით შეუტიეს, 68-ე წუთზე, შერკინებიდან გამოტანილი ბურთი ბუჯიაშვილმა 10-12 მეტრით წინ წაწია, ამას მოკლე დარტმებით იერიში მოყვა და გასინბინებული პირველ ხაზელის ნაცვლად, დროებით შეცვლაზე შესულმა ნავროზაშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა, მჭედლიშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. ბოლო წუთებზე “კლერმონმა” გაიბრძოლა და სინბინით დაისაჯა. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებმა კარში დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანა, დერეფანი მოიგო, მეტოქეს მოლით მიაწვა და ჩომახიშვილმა გუნდის მესამე ლელო მიითვალა, მჭედლიშვილმა კი, რეალიზაციით წერტილი დასვა - 36:22.
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 600 მაყურებელი
საქართველო (U20) - კლერმონი (U21) 36:22 (16:12)
საქართველო: 15. კობახიძე (მჭედლიშვილი 41), 14. გაბროშვილი, 13. ლოსაბერიძე, 12. მარგიანი (ძნელაძე 41), 11. აბრამიძე (გოგოლაშვილი 41), 10. ჭინჭარაული (კვარაცხელია 47), 9. ღამბაშიძე (მისრიაშვილი 41); 1. ჟვანია (ერისთავი 41), 2. მატკავა (ჩომახიშვილი 41), 3. ჩილაჩავა, 4. ბიწაძე (ჟღენტი 41, ნავროზაშვილი 65-72), 5. მიქაუტაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე (ბუჯიაშვილი 58).
3 ლელო: ჩხიკვაძე, ნავროზაშვილი, ჩომახიშვილი
3 გარდასახვა: კობახიძე (1), მჭედლიშვილი (2)
4 ჯარიმა: კობახიძე (2), მჭედლიშვილი (2)
1 არეკნი: ჭინჭარაული
1 სინბინი: ჩილაჩავა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია