ინგლისი

0:41 | 8.03.2016 | ნანახია 1245 - ჯერ

„ვუსტერის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და ბრეგვაძის 80 წუთი

საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამომგზავრებამდე, ჯაბა ბრეგვაძემ ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მე-15 ტურში სრული მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი ჯახის მოგებაში დაეხმარა.

„ვუსტერი“ უშუალო კონკურენტ „ნიუკასლს“ საქართველოს ნაკრებისთვის და ბრეგვაძისთვის კარგად ნაცნობ „კინგსტონზე“ ეწვია და მასპინძლებს 6 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე 15:14 სძლია. ჯაბა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, განსაკუთრებით დაცვაში და შავი სამუშაოს შესრულებაში. მან სულ 4-ჯერ შეუტია, 3 პასი გააკეთა და ბურთი 3 მეტრით წაწია წინ, დაცვაში 10 ბოჭვა გაახერხა, ერთხელ ფეხით ითამაშა, დერეფანში კი, 10 მოწოდებიდან არცერთი არ გაუფუჭებია.

სასტარტო შემადგენლობაში იყო ინგლისური პასპორტის მქონე ბურჯი ვალ რაფავა-რუსკინი და 66 წუთი ითამაშა. მან 4 შეტევით ჯამში 8 მეტრი მოიგო და 4 პასი გააკეთა, შეასრულა 6 ბოჭვა და ორჯერ გაახერხა თერნოვერი.

„ნიუკასლს“ ამ შეხვედრამდე საკუთარ კედლებში ზედიზეც ოთხი თამაში ჰქონდა მოგებული და ფავორიტად ითვლებოდა. მასპინძლებს ახლაც შეეძლოთ სერია გაეგრძელებინათ, მაგრამ 72-ე წუთზე გატანილი ლელო კრეიგ უილისმა ვერ გარდასახა. მანამდე მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, ტაიმის ბოლოს „ვუსტერმა“ 5-მეტრა დერეფნიდან მოლით შეუტია და ლელო-გარდასახვის შემდეგ 7:6 დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო საათის თავზე სტუმრების მონდომება მეორე ლელოთი დასრულდა. ბოლოს იყო მასპინძელთა ლელო, ვერგამოყენებული გარდასახვა და „ვუსტერმა“ „ნიუკასლი“ სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა.

ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. „სარასენსმა“, რომელიც პრემიერშიპს პირველივე ტურიდან ლიდერობს, 10-ათასამდე გულშემატკივარს იმედი გაუცრუა და მოულოდნელად „ნორთჰემპტონთან“ 15:20 დამარცხდა. „სარასენსს“ ბოლო დროს საქმეები კარგად ვერ მისდის და ეს ამ თამაშშიც დადასტურდა. მასპინძლებმა 15-ივე ქულა ჯარიმებით დააგროვეს, თავად კი, ორი ლელო გაუშვეს.

ლიდერის მარცხით ვერ ისარგებლა „ექსეტერმა“, რომელსაც „ლესტერმა“ 31:27 აჯობა. ამ თამაშის სანახავად ტრიბუნებზე ტურში ყველაზე მეტი, 20-ათასი მაყურებელი შეიკრიბა. „ვეფხვებს“ ბოლო დროს ტრავმები აწუხებთ, მაგრამ მანუ ტუილაგის დაბრუნებამ მასპინძლებს ბევრი პრობლემა მოუხსნა. „ლესტერმა“ თამაში მძიმედ დაიწყო, მაგრამ მერე ორი ლელო მიითვალა - ერთი საჯარიმო და ერთიც ტუილაგმა და 17:6 დაწინაურდა. თამაში რომ განახლდა „ვეფხვებმა“ კიდევ ორი ლელო დადეს და ანგარიში 31:6 გახდა. მეორე ადგილოსანმა „ექსეტერმა“ ტაიმის შუაში ორი ლელო გაიტანა და თითქოს თამაშში დაბრუნდა, მაგრამ მესამე ლელო დაუგვიანდა და ის რომ დადო თამაშიც დასრულდა. შედეგად, მცირედი მარცხისთვის მათ მხოლოდ პრემიალური ქულა მიიღეს, „ლესტერმა“ კი, ჯამში 5 ქულა ჩაიწერა და მესამე პოზიციამდე დაწინაურდა.

პრემიერშიპში ორთვიანი მოგებათა სერია „გლოსტერთან“ შეუწყდა „უოსპს“, რომელიც სტუმრად 10:13 დამარცხდა. მასპინძლებს მოგება ძვირად დაუჯდათ - სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად ოთხი მოთამაშე დაუშავდათ და აქედან ორმა, მოედანი საკაცით დატოვა. „გლოსტერი“ 17 წუთის შემდეგ 10:0 იგებდა, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, გადამწყვეტი კი, გრეიგ ლეიდლოუს 56-ე წუთზე გატანილი ჯარიმა აღმოჩნდა. სულ ბოლოს სტუმრებმა არეკნით სცადეს წონასწორობის აღდგენა, თუმცა არ გამოუვიდათ.

ყველაზე მეტი ქულა „სეილისა“ და „ჰარლექუინსის“ შეხვედრაში გავიდა. მასპინძლები 9:3 დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს 9:13 ჩამორჩნენ. თამაში რომ განახლდა ტიჯეი იოანმა, რომელიც ბოლო დროს ულელოოდ თამაშიდან არ გადის, „ზვიგენები“ დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა 51-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს [16:16]. მერე თამაშში დენი სიპრიანი ჩაერთო და „ზვიგენების“ თამაშიც უფრო ეფექტური გახდა, „ჰარლექუინსმა“ კი, ტაიმის ბოლოს გატანილი ლელოთი მხოლოდ პრემია მიიღო - 29:23.

პრემიერშიპის გასული სეზონის ფინალისტმა „ბათმა“ აუტსაიდერი „ლონდონ აირიში“ 25:17 დაამარცხა და გასავარდნ ზონას მცირედით დაშორდა. ეს თამაში სრულად მასპინძლებს იყო და სტუმრებს უბრალოდ გაუმართლათ, ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი პრემია რომ ჩაიწერეს.

ავივა პრემიერშიპი. XV ტური

ნიუკასლი - ვუსტერი 14:15

სეილი - ჰარლექუინსი 29:23

გლოსტერი - უოსპსი 13:10

სარასენსი - ნორთჰემპტონი 15:20

ბათი - ლონდონ აირიში 25:17

ლესტერი - ექსეტერი 31:27

1.

სარასენსი

15

11

1

3

387:266

53

7

2.

ექსეტერი

15

10

0

5

370:241

50

10

3.

ლესტერი

15

10

0

5

321:290

45

5

4.

უოსპსი

15

9

0

6

366:264

43

7

5.

ნორთჰემპტონი

15

8

0

7

315:246

41

9

6.

გლოსტერი

15

8

1

6

301:272

38

4

7.

სეილი

14

7

2

5

289:283

38

6

8.

ჰარლექუინსი

15

7

1

7

360:371

38

8

9.

ბათი

14

5

0

9

258:267

28

8

10.

ვუსტერი

15

4

0

11

276:378

22

6

11.

ნიუკასლი

15

4

1

10

234:373

21

3

12.

ლონდონ აირიში

15

3

0

12

225:451

13

1

XVI ტური. 11-12 მარტი

ჰარლექუინსი - ბათი, უოსპსი - ლესტერი, ნორთჰემპტონი - სეილი, ვუსტერი - გლოსტერი, ექსეტერი - ნიუკასლი, ლონდონ აირიში - სარასენსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:40 | 08.03.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები ჯაბას

0.117213